ირმა ნადირაშვილი – მარგველაშვილი შეეცადა ბიძინა ივანიშვილი არ გაეღიზიანებინა

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი დღევანდელი მოხსენების დროს შეეცადა არ გაეღიზიანებინა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირმა ნადირაშვილმა დღევანდელი დღის შეჯამებისას ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი მარგველაშვილის მხრიდან “მხოლოდ კეთილი სურვილების გამოთქმა”, ქვეყანას არ წაადგება.

“პრეზიდენტის ტონი იყო გაწონასწორებული. თუმცა ეს გამოწვეული იყო იმით, რომ მარგველაშვილი შეეცადა არ გაეღიზიანებინა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მისცა უფლება პრემიერ-მინისტრს და რამდენიმე მინისტრს, დღეს დარბაზში მსხდარიყვნენ.

რაც შეეხება საერთო შეფასებას, როდესაც ქვეყანაში ლარი და ეკონომიკა ჩამოქცეულია და უმუშევრობა გაზრდილია, პრეზიდენტის მხრიდან მხოლოდ კეთილი სურვილების გამოთქმა ამ ქვეყანას არ წაადგება”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი კი მიიჩნევს, რომ შეიქმნა პრეზიდენტის გამოსვლიდან შთაბეჭდილება, რომ დღეს გაჟღერებული პოლიტიკური მესიჯები და დებატები ერთხელ უკვე მოსმენილი ჰქონდა. მისივე თქმით, ერთადერთი პოზიტიური, რისი გამოყოფაც მას შეუძლია დღევანდელი დღიდან, არის ის, რომ პრეზიდენტი შეეხო საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების აუცილებლობას.

banner
წინა სტატიაშიბაია გადაბაძე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს
შემდეგი სტატია“კვირიკაშვილმა პოლიტიკური სპექტრი და დიპლომატიური კორპუსიც ჩვეული კალაპოტიდან ამოაგდო”