ირმა ინაშვილი: ამ მთავრობას ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა არ ექნება

პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ მთავრობის განახლებული შემადგენლობის მხარდაჭერას არ აპირებს.

ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, მის გუნდს რამდენიმე მინისტრობის კანდიდატის მიმართ განსაკუთრებით კრიტიკული პოზიცია აქვს.

„კულტურის მინისტრს მხარს არ დავუჭერთ, რომელმაც საყდრისი ააფეთქა და მის ნგრევას ხელი მოაწერა. ეს დანაშაული გამოძიებული უნდა იყოს და კულტურის ამჟამინდელმა მინისტრმა დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგოს. ასევე, ხე-ტყე მასობრივად იჭრება, ამ სფეროში ძალიან დიდი კორუფციაა და გარემოს დაცვის მინისტრმა პასუხი უნდა აგოს. ჩვენ მხარს ქუმსიშვილსაც არ დავუჭერთ. საერთო ჯამში, ამ მთავრობას ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა არ ექნება, იმიტომ, რომ ჩვენ ამ გუნდზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა, რომლის თანახმადაც, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხიელ გიორგაძე, ასევე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაკავებულ თანამდებობებზე რჩებიან.

რაც შეეხება დიმიტრი ქუმსიშვილს, მან ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან ფინანსთა მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა და საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის პოსტი შეინარჩუნა.

banner
წინა სტატიაში“ენმ” ემზარ კვიციანის ნდობის ჯგუფის წევრად შესაძლო დასახელებას ეწინააღმდეგება
შემდეგი სტატიაპარლამენტი პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევას სთხოვს