ირინა სარიშვილი: “რატომ სძულს სინამდვილეში ამ საზოგადოებას ნაციონალური მოძრაობა?”

გუშინ – უკვე იყო, და ხვალ – შეიძლება აღარც იყოს!ირინა სარიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ეხმიანება:

“მხატვრის ნამუშევარი რომ ბოლომდე აღიქვა და სრულყოფილად შეაფასო, ახლოდან არ უნდა უყურო, შორს უნდა დადგე და სწორი განათების ქვეშ ყველაფერს დაინახავ ისე, როგორც არის.

პოლიტიკური (არაპოლიტიკურიც) მოვლენებიც ასეა – რაღაც დროის გადმოსახედიდან გაცილებით უკეთესად ხედავ და აფასებ ყველაფერს.

პირადად ჩემთვის ბევრი რამ უფრო ნათელი გახდა სწორედ დროის რაღაც შუალედის შემდეგ, ხოლო განათების ფუნქცია, ერთის მხრივ დღევანდელმა ხელისუფლებამ, მეორეს მხრივ კი ჩემმა შვილებმა შეასრულეს, რის შედეგადაც, როგორც მე მგონია, განვლილი 14 წლის სრული სურათი დავინახე.

როგორც ადრეც მითქვამს, ჩვენი მთავარი მტერი( რუსეთთან ერთად, რა თქმა უნდა), ჩვენი საკუთარი თავია – გაუტანლობა, შური, ბოღმა, მუდმივი შურისძიების რეჟიმში ცხოვრება.
მაგრამ ეს არაა ყველაფერი:
ნაციონალური მოძრაობის, უფრო ზუსტად კი, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ამ ზემოთ ჩამოთვლილ უბედურებებს კიდევ ერთი, ყველაზე მძიმე ფაქტორი დაემატა: შიში.
შიში კი ყველა ბოროტების სათავეა.

შევეცდები ავხსნა რას ვგულისხმობ:

ნაციონალური მოძრაობის სათავეში მოსვლით უბრალოდ ხელისუფლების ცვლილება არ მომხდარა.
მოვიდა ხელისუფლება ჩვენი საზოგადოებისთვის სრულიად უცხო, გაუგებარი და ამდენად მიუღებელი რეფორმებით, იმ რეფორმებით, რომელსაც სრულიად ახალი საქართველოსთვის უნდა ჩაეყარა საძირკველი.

ამ რეფორმების წარმატებით განხორციელებისათვის ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც კარგად უნდა ჰქონოდა გაცნობიერებული, რომ მათ თავი უნდა გადადონ.

1. ხელისუფლებამ იმიტომ, რომ ძალიან არაპოპულარული ნაბიჯები უნდა გადადგას და პრაქტიკულად შავი სამუშაო შეასრულოს, ანუ საძირკველი შექმნას;

2. ზრდასრულმა საზოგადოებამ იმიტომ, რომ მათ უნდა გააცნობიერონ – ახალი საქართველო მათთვის კი არა, მათი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის შენდება და მათ მენტალიტეტზეა განსზაღვრული.

მოხერხდა ეს?
სამწუხაროდ, ვერა!

ხელისუფლებას რაც შეეხება, პირადად მიხეილ სააკაშვილმა ნამდვილად თავი გადადო და დღესაც ასეა, მაგრამ მთლიანობაში, გარდა იმ შეცდომებისა, რისგანაც არცერთი ხელისუფლება არაა დაზღვეული, ნაციონალებმა, სწორი სტრატეგიის მიუხედავად, ჩემი აზრით, ძალიან მცდარი ტაქტიკა აიღეს – ხისტი რეფორმების გატარების ძალიან უხეში ფორმა, რამაც საბოლოოდ დაზაფრა ამ რეფორმებისთვის ისედაც მოუმზადებელი საზოგადოება.

ამას გარდა, რაც ვერ ან არ გაკეთდა:

1.მთავრობის წევრთა ხშირი ცვლა, რადგან შავი სამუშაოს, თან ისეთ საზოგადოებაში, როგორიც ჩვენ ვართ, თეთრი ხელთათმანებით ვერ შეასრულებ, როგორც კი ხელთათმანი დაისვრება, ის უნდა გამოცვალო – თავის გადადება ამას ნიშნავს! მით უმეტეს რომ კადრების პრობლემა ნაცებს არც მაშინ ჰქონდათ და არც ეხლა აქვთ;

2.დანაშაულებებზე ოპერატიულად და ადექვატურად რეაგირება;

3. მტრის და მოყვარის მაქსიმალურად სწორად გარჩევა;

და კიდევ ბევრი ისეთი შეცდომა თუ დანაშაული, რომელიც ყველა ხელისუფლებას აქვს, მაგრამ ასეთ განსაკუთრებულ ვითარებაში განსაკუთრებული ყურადღება გმართებს, რადგან შენი ეშინიათ და “არ გაპატიებენ”!

რაც შეეხება ზრდასრულ საზოგადოებას, რომელმაც ვეღარ დაინახა თავისი ადგილი ამ რეფორმების განხორციელების შემთხვევაში, სრულიად ბუნებრივად საკუთარი ფუნქციის შენარჩუნებისთვის ბრძოლა დაიწყო. ბუნებრივად იმიტომ, რომ ამ საზოგადოების საშუალო ასაკი არც ისე დიდია, რომ “პენსიაზე” გავიდეს და არც ისე პატარა, რომ ასეთი რადიკალური ცვლილებები მიიღოს.
და ამ ცვლილებების მიმართ შიში და ამ შიშით გამოწვეული სიძულვილი იმდენად დიდია, რომ ფაქტიურად ჩვენმა საზოგადოებამ გაუცნობიერებლად საკუთარი შვილების მომავლის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა.

რატომ სძულს სინამდვილეში ამ საზოგადოებას ნაციონალური მოძრაობა და რატომ ვერ ან არ ხედავს მათ გაკეთებულს ვერაფერს?
იმიტომ, რომ მათ დროს ბევრი უსამართლობა იყო?
არა!
თუ ასეთი სოლიდარულები და პრინციპულები ვართ, მაშინ რატომ არ ვრეაგირებთ ამ ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებზე?
რა, ამ ხელისუფლებას არ ჰყავს უკანონო პატიმრები?
არ მოუკლავს არავინ?
არ გვძარცვავს?
არ არის განუკითხაობა?

საქმეც ისაა, რომ ტრადიციების დაცვის ლოზუნგს ამოფარებული შეშინებული საზოგადოება სინამდვილეში ებრძვის არა მიხეილ სააკაშვილს ან უსამართლობას, თან დღესაც, როცა ის აღარაა ხელისუფლებაში, არამედ იმ ახალ საქართველოს, სადაც საკუთარ ადგილს ვერ ხედავს! ამ საზოგადოებას უყვარს არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ მისთვის ჩვეული ფსიქოლოგიურად კომფორტული გარემო და ამ გარემოს შესანარჩუნებლად მზადაა ყველაფერი აიტანოს!
ყველა მათგანი არაა მოსყიდული! არც ჩლუნგია ყველა! ფულზე დახარბებულები და ჩლუნგები არცერთ მხარეს არ აკლია! ამ ადამიანებს შიში ამოძრავებთ და ეს შიში იმდენად ძლიერია, რომ საკუთარ შვილზეც აღარ ფიქრობ, იმ შვილზე, რომელიც აღარაა შენნაირი და მაინც შენსკენ ქაჩავ უკან ნანგრევებში, ან თუ ვერ ერევი, კარგავ!

არ ვიცი, რამდენად გასაგებად დავწერე, რასაც ვფიქრობ და რაც მე ამ დროის მანძილიდან დავინახე და გადავაფასე.
ამ ხელისუფლების მიერ თავიდან აღზევებულმა ძველმა ჭაობმა, არა მარტო კრიმინალმა, უბრალოდ ჭაობმა, რომელიც მიუღებელია ჩემი შვილებისთვის, ბევრი რამე სხვანაირად დამანახა.
ეს არ არის ჩვეულებრივი მამათა და შვილთა ბრძოლა.
ეს ნანგრევებსა და ახალ შენობას შორის არჩევანის გაკეთებაა! ნანგრევებს, რომელსაც ჩვენ მივეჩვიეთ და ახალ შენობას, საითაც ჩვენი შვილები მიიწევენ.

ყველაზე დიდი და მთავარი გამარჯვება შიშის გადალახვაა და ეს შიში შვილების სიყვარულმა უნდა გადაგვალახინოს!

მომავალი არჩევნებიც არ არის ჩვეულებრივი არჩევნები!
მე არჩევანი უნდა გავაკეთო არა რომელიმე პარტიის სასარგებლოდ, არამედ ნანგრევებსა და ახალ საქართველოს შორის. არც არავის გარე და შიდა კვლევები მაღელვებს!
მე უნდა ავირჩიო – დავრჩე ჩემთვის ნაცნობ ჭაობში, მოვქაჩო ამ ჭაობისკენ ჩემი შვილები და თუ ვერ მოვერევი, დავკარგო, თუ დავუდგე მათ გვერდით, როგორც გამოცდილება და გადავყვე ახალ საქართველოში!
ყველას, ვინც ამ ახალი საქართველოს მშენებლობას აპირებთ, ერთ რამეს გთხოვთ – გააკეთეთ ისე, რომ მე და ჩემნაირები სახლში არ დავრჩეთ, როგორც აქამდე ვიქცეოდით, ან ყველა არ გადავხაზოთ!
მომეცით არჩევანის გაკეთების საშუალება!
მე ჩემი შვილების გვერდით მინდა ცხოვრება ახალ საქართველოში!”-წერს ირინა სარიშვილი.

banner
წინა სტატიაში„ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი საწარმოებისთვის“ გახსნა
შემდეგი სტატიაბოლო 3-4 წლის განმავლობაში NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევები ყოველთვის აცდენილი იყო რეალობას