ირაკლი შოთაძე ადასტურებს, რომ შეწყალების კომისიის თემაზე ეკა ბესელია და მანანა კობახიძე დაკითხეს

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დეპუტატები ეკა ბესელია და მანანა კობახიძე შეწყალების საქმესთან დაკავშირებით დაიკითხნენ.

როგორც შოთაძე აცხადებს, გამოძიების მიერ დაიკითხა ასევე სხვა 20-მდე მოწმე და საგამოძიებო მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს.

„ამ წამსაც მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. მიმდინარეობს თავად ელისაშვილის დამატებითი დაკითხვა. ასევე, გაცნობებთ, რომ დაკითხულნი არიან გამოძიების მიერ დეპუტატები ბესელია და კობახიძე. ასევე დაიკითხა 20-მდე მოწმე, თუმცა ჯერ კიდევ არის რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა ამოწურვის შემდგომ, საზოგადოებას საქმეზე ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდება“, – განაცხადა შოთაძემ.

რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის და გიორგი გოგაძის შეხვედრას, როგორც მთავარი პროკურორი აცხადებს, აღნიშნულ შეხვედრაზე საუბარი ზეგავლენით ვაჭრობის საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა.

„ტელევიზიიდან გავიგე ამ შეხვედრის შესახებ. ამ მიმართულებითაც გამოძიება ჩატარდება. მოვისმინე გოგაძის პოზიცია. ასევე, ვიცი ბადაშვილის და სუხიაშვილის პოზიცია, რომლის შუამავლობითაც მოხდა ეს შეხვედრა. საუბარი შეეხებოდა სულ სხვა საქმეს. ელისაშვილს შესაძლებლობა ჰქონდა პროკურატურისთვის ამ ხნის განმავლობაში წერილობით მიემართა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა საქმეზე მას ჩვენთვის მომართული აქვს, ამ საქმეზე მას ჩვენთვის არ მოუმართავს“, – განაცხადა შოთაძემ.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ზოგიერთი მაღალჩინოსანი კონკრეტული პატიმრების შეწყალებით არის დაინტერესებული, რის გამოც, ისინი შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში, მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ.

აღნიშნული განცხადების საფუძველზე, მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი ბელგრადში ეუთო-ს მინისტერიალის მუშაობაში მონაწილეობდა
შემდეგი სტატიაგერმანიამ აშშ-ს ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძლის გაფართოებაზე უარი უთხრა