ირაკლი სესიაშვილი – არ დავუშვებთ, რომ კრიმინალმა ძალა მოიკრიბოს

კრიმინალთან ბრძოლა ქვეყნისთვის გამოწვევაა, ქურდული სამყარო ამ ყველაფრის ბუდეა და სახელმწიფოს მხრიდან აქტიური მოქმედება მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა შსს-ს სამინისტროს ახალი საკანონმდებლო ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციების მიუხედავად, ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ კრიმინალმა ძალა მოიკრიბოს.

„შესაბამისი ღონისძიებები აქამდეც ტარდებოდა და მომავალშიც გაგრძელდება. სადაც რეგულაციის გამკაცრება საჭირო იქნება, განხილვის რეჟიმში მივყვებით, თუმცა ადამიანის უფლებების მაღალ სტანდარტებს დავიცავთ. რაც ოპოზიციის მხრიდან გვესმის, სპეკულაციის საგანია და არ დავუშვებთ იმას, რომ კრიმინალმა ძალა მოიკრიბოს. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზეა დამოკიდებული ბევრი რამ, მათ შორის ინვესტიციები, ტურიზმი“,-აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ინიციატივის თანახმად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან მიმართებაში დასჯადი პირების წრე ფართოვდება.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებები ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას, ქურდული შეკრების ორგანიზებას და ქურდული სამყაროს წევრისთვის, ასევე კანონიერი ქურდისთვის მიმართვას დანაშაულად აცხადებს, ასევე ამკაცრებს სასჯელს ქურდული სამყაროს წევრობასა და კანონიერი ქურდობისთვის.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები სამხედრო სამსახურს რუსეთის ჯარში გაივლიან
შემდეგი სტატიაგენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე – ჭანტურიას ადვოკატის ბარლდებებს რუსთავის მერი პასუხობს