ირაკლი ლექვინაძე: მერიაში საკადრო ცვლილებები ჩვეულებრივი პროცესია

საკადრო ცვლილებები მერიაში ჩვეულებრივი პროცესია, რომლის მიზანი არსებულ გამოწვევებზე ეფექტური რეაგირებაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.

ირაკლი ლექვინაძემ კომენტარი გააკეთა მერიის ადმინისტრაციის უფროსის პაატა ჯაჭვლიანის მიერ თანამდებობის დატოვების ფაქტზე. ირაკლი ლექვინაძის თქმით, საკადრო გადაადგილებები მერიაში ახლაც მიმდინარეობს. მისივე თქმით, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომლის მიზანია მოხდეს პროცესების გაუმჯობესება და გამოწვევებზე, რომელიც მერიაში არსებობს, ეფექტური რეაგირება.

“ეს ერთ-ერთი რიგითი გადაადგილება. პაატა ჯაჭვლიანი მერიაში სხვა მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას”, – განაცხადა ლექვინაძემ.

ირაკლი ლექვინაძემ საუბრისას არ დააკონკრეტა, თუ როდის გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი დედაქალაქის მერიის ადმინისტრაციის ახალი უფროსის ვინაობა.

იანვრის ბოლოს მერიის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა პაატა ჯაჭვლიანმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მერიაში მის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზს არ აკონკრეტებენ და აცხადებენ, რომ იგი მერიის სხვა სტრუქტურაში გააგრძელებს მუშაობას.

banner
წინა სტატიაშილევან მურუსიძე: ბოლო თვეების განმავლობაში სასამართლოს წინააღმდეგ მიდის შტურმი
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე: დებატების ფორმატი არის აუცილებელი იმისათვის, რომ პოლიტიკურმა ძალებმა თავისი პოზიციები დააფიქსირონ