ირაკლი კობახიძე შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, შვედეთის პარლამენტის (რიკსდაგი) თავმჯდომარის მოადგილეს, ისაბელ დინგიზიანს შეხვდა.

მხარეებმა საპარლამენტთაშორისო კავშირების გაღრმავებისა და ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ ისაუბრეს.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა გენდერული თანასწორობა და სახელმწიფო გენდერული პოლიტიკა იყო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა, პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნეს. ისაუბრეს საქართველოში ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზეც.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ გენდერული თანასწორობა დემოკრატიის განვითარებისა და გაძლიერების აუცილებელი პირობაა.

მხარეებმა თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

„გვქონდა შეხვედრა შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, გენდერული საბჭოს წარმომადგენელთან, რომელთანაც ვისაუბრეთ იმ გამოცდილებაზე, რომელიც ჩვენ უკვე დავაგროვეთ. ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნის, როგორიცაა შვედეთი, გამოცდილების გაზიარება, იმიტომ, რომ ჩვენთვის შედარებით ახალი საკითხია გენდერული თანასწორობა. ეს პრობლემატიკა მეტ-ნაკლებად წარმოჩინდა ბოლო პერიოდში და იმისთვის, რომ სწორად და საკმაოდ შედეგიანად გავიაროთ ეს გზა, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება ძალიან გვჭირდება. ამიტომ ეს შეხვედრა ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი იყო“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,ვლადიმერ პუტინი ერთადერთი ღირსეული კანდიდატია, რომელმაც შეიძლება რუსეთს უხელმძღვანელოს”
შემდეგი სტატიააფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს