ირაკლი კობახიძე : საქართველო გახდა რეგიონის ერთ-ერთი ლიდერი სტაბილურობისა და საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით

საქართველომ შეძლო სუსტი სახელმწიფოდან საბაზრო ეკონომიკად გარდაქმნა, არაეფექტიანი ეკონომიკიდან წარმატებული დემოკრატიული რეფორმების გზაზე გადასვლა, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თურქეთში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტზე გააკეთა.

მისი თქმით, გასული 25 წლის განმავლობაში, მსოფლიომ შეძლო დაენახა საქართველოს ერთგულება მშვიდობის, დემოკრატიის, უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და ეკონომიკური განვითარებისადმი.

„ჩვენ განვიცადეთ როგორც წინსვლა, ასევე უკუსვლა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველომ წარმატებას მიაღწია და შეძლო სუსტი სახელმწიფოდან საბაზრო ეკონომიკად გარდაქმნა, არაეფექტიანი ეკონომიკიდან წარმატებული დემოკრატიული რეფორმების გზაზე გადასვლა, ძლიერი ინსტიტუტების ჩამოყალიბება, სათანადო სოციალური მომსახურებების მიწოდება და თავისუფალი ეკონომიკის განვითარებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, მისი შეფასებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ წლების განმავლობაში საქართველომ წამოიწყო სვლა ევროპის ერთა ოჯახისკენ, რომელსაც საქართველო სამართლიანად მიეკუთვნება.

„სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება, დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია და ევროკავშირთან თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ძირითადი საკითხები იყო. შესაბამისად, 2014 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმება იყო უმნიშვნელოვანესი მიღწევა ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებში და წარმოადგენდა ჩემი ქვეყნის შემდგომი განვითარებისა და ნამდვილი გარდაქმნის ძლიერ სტიმულს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი განმარტებით, ასოცირების შეთანხმებამ უკვე მოიტანა მნიშვნელოვანი შედეგები – საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში გაორმაგდა და გასამმაგდა, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურონ.

„ვამაყობ, რომ ამ რეფორმების გამო საქართველო გახდა რეგიონის ერთ-ერთი ლიდერი სტაბილურობისა და საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით, რაც სათანადოდ აისახა ჩვენს რეიტინგზე საერთაშორისო ინსტიტუტებში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია შეიქმნა და მნიშვნელოვანი პოზიცია დაიმკვიდრა თურქეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობის გაბედული ნაბიჯების წყალობით 25 წლის მანძილზე.

ამასთან, მისი თქმით, თავის მხრივ, საქართველო ერთმნიშვნელოვნად უწყობდა ხელს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობას და წევრ ქვეყნებს შორის ნდობის ჩამოყალიბებას.

„მეგობრობის დაფასება ქართული კულტურისა და ტრადიციის ნაწილია და არსებობს მრავალი პოზიტიური საქმიანობა და ინიციატივები, რომლებიც აჩვენებს საქართველოს მისწრაფებას მეგობრობის, გულწრფელობის, ურთიერთსარგებლობის, პატივისცემისა და საკუთარ პოლიტიკაში ჩართვისკენ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი აშშ-ის მოსამართლეთა და ადვოკატთა ჯგუფს შეხვდა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია პარლამენტში სამ საკითხზე ისაუბრებს