ირაკლი კობახიძე: ნამდვილად არსებობს კონკრეტული ჯგუფი, რომელიც ჩემი უშუალო საყრდენია

ირაკლი კობახიძე: ნამდვილად არსებობს კონკრეტული ჯგუფი, რომელიც ჩემი უშუალო საყრდენია, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს არც ეჭვიანობის და არც არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველი

„ნამდვილად არსებობს კონკრეტული ჯგუფი, რომელიც არის ჩემი უშუალო საყრდენი- ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, ეს არის უმრავლესობის ლიდერი, ეს არის ფრაქციის თავმჯდომარე.პარლამენტში პროცესები უნდა წარიმართოს იმ იერარქიის შესაბამისად, რომელიც არის ჩამოყალიბებული“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა. მისი თქმით, იერარქიის შესაბამისად ურთიერთობების განსაზღვრა ნორმალური პროცესია.

„ამას ემატება შემდეგ კომიტეტების თავმჯდომარეები, ფრაქციების თავმჯდომარეები და ა.შ. ეს არის ნორმალური პროცესი პარლამენტში, როდესაც იერარქიის შესაბამისად განისაზღვრება ურთიერთობები. ბუნებრივია, პირველი საყრდენი ჩემთვის არის პირველი მოადგილე, მოადგილეები, უმრავლესობის ლიდერი, ფრაქციის თავმჯდომარე და ეს არ უნდა გახდეს არც ეჭვიანობის საფუძველი და არც არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველი. ამავდროულად, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ყველა დეპუტატთან, 116-ე დეპუტატთან, უმრავლესობის სხდომების ფორმატში და ამ კუთხითაც დისკუსიის ნაკლებობა ჩვენ არ გვაქვს. მე მიმოვიხილე ოცი გადაწყვეტილება, დაახლოებით, საკვანძო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პარლამენტმა გასული წელიწადნახევრის განმავლობაში და ოცივე საკითხთან დაკავშირებით გვქონდა სიღრმისეული განხილვა უმრავლესობის ფორმატში და თითოეულ დეპუტატს ჰქონდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება. უფრო მეტიც, ჩვენთან არის ძალიან დემოკრატიული პროცესები და ტარდება ძალიან ხშირად თავისუფალი კენჭისყრები. მაგალითად, თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა ქვოტირებასთან დაკავშირებით, კაკაბაძის არჩევასთან დაკავშირებით და ესეც არის, ბუნებრივია, შიდა პარტიული დემოკრატია“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„რაც შეეხება მივლინებებს, შეგიძლიათ ამოიღოთ ამონაწერი და ნახავთ როგორ არის გადანაწილებული პროპორცია და იკვეთება თუ რა იქ რაიმე გუნდები. ეს, პირდაპირ ვიტყვი, რომ არასწორია, პირდაპირ, თვალსაჩინოდ გამოჩნდება ეს მივლინებების ანგარიშიდან. არც რაიმე სხვა პრივილეგიებით არ სარგებლობენ სხვა დეპუტატები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათ უკავიათ შესაბამისი თანამდებობა. თანამდებობა ნიშნავს დამატებით ფუნქციას. ბუნებრივია, კომიტეტის თავმჯდომარეს აქვს მეტი ფუნქცია, ვიდრე სხვა პარლამენტის წევრს“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, თითოეული განცხადება უმრავლესობის ფორმატში იქნება განხილული. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მიზანი არა გასამართლება, არამედ სამომავლოდ პრევენციაა.

„აღარ მინდა დეტალებში შესვლა, აღარ მინდა ამის გარჩევა მარტივი მიზეზის გამო, გვექნება საშუალება დავსხდეთ სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის უმრავლესობის ფორმატში. იქ განვიხილავთ თითოეულ განცხადებას. მიზანი გასამართლება კი არ არის, მიზანი არის ის, რომ მომავლისთვის მოხდეს ასეთი რაღაცის პრევენცია. ეს არის ჩვენი ამოცანა და მიზანი. ამას განვიხილავთ ჩვენ უმრავლესობის ფორმატში, აქედან გამომდინარე, გარეთ განცხადების გაკეთება, ბუნებრივია, საზიანო“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი უმრავლესობის დაშლას გამორიცხავს
შემდეგი სტატიახარშილაძე სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო