ირაკლი კობახიძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერი პარკ იო სუნი და ასამბლეის დელეგაცია მიიღო.ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობა და განაცხადა, რომ მიუხედავად ფიზიკური დისტანციისა, ამ მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, განსაკუთრებით, ვაჭრობის, ენერგეტიკის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში.

ირაკლი კობახიძემ პარკ იო სუნს მადლობა გადაუხადა კორეის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეშფოთება გამოხატა ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული ბომბის გამოცდასთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კორეის ნახევარკუნძულის, არამედ გლობალურ უსაფრთხოებას.

კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერმა წუხილი გამოთქვა ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის გამო. მისი თქმით, კორეის რესპუბლიკა მზადაა საქართველოს ბორჯომის ტყე-პარკის აღდგენაში დაეხმაროს.

შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების მდგომარეობაზე. კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერის განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაციას ის ეროვნული ასამბლეის წევრებს მიაწვდის.

მხარეების თქმით, მიმდინარე წელს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავი აღინიშნება. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს პარლამენტაში არსებული კორეის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას ხელს უწყობს მსგავსი მაღალი დონის ვიზიტები. აგრეთვე, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მზარდი ტურისტული დინამიკა ხელს მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკის, ასევე, ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებისთვის.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ კორეული კომპანიები კიდევ უფრო აქტიურად დაინტერესდებიან საქართველოში სხვადასხვა პროექტების განხორციელებით. პარკ იო სუნმაც გამოთქვა სურვილი, რომ ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის პროცესში ჩაერთის ბევრი კორეული კომპანია.

შეხვედრის დასასრულს, ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კორეის რესპუბლიკაში მიიწვია.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები ირინე ფრუიძე და გიორგი ხატიძე, ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე.

banner
წინა სტატიაშიმანავში საზეიმოდ დაიხურა
შემდეგი სტატიაკომისიამ ოთხ იურიდიულ პირს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია შეუჩერა