ირაკლი კობახიძე იტალიის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იტალიის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ივან სკალფაროტო მიიღო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და იტალიის რესპუბლიკა წელს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 25 წლისთავს აღნიშნავენ. მხარეების თქმით, იტალია ერთ-ერთი პირველი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა აღიარა, ჩვენი ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან კი, იტალია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ევროპულ მისწრაფებებს.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია, რაც კიდევ ერთხელ გამყარდა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციით ქვეყნის საგარეო პრიორიტეტების შესახებ.

მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების პროცესი განიხილეს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პარლამენტს ამბიციური დღის წესრიგი აქვს, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილი საკონსტიტუციო რეფორმაა. ირაკლი კობახიძემ სტუმარს დეტალურად გააცნო საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში არსებული მთავარი ცვლილებების არსი, საჭიროება და მიზნები.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე მოკლედ მიმოიხილა ის მართლმსაჯულებისა და სოციალურ-ეკონომიკური რეფორმები, რომელთა მიზანია საქართველოში სტაბილურობისა და დემოკრატიის დამკვიდრება, ინვესტორებისთვის გარემოს გაუმჯობესება და ქვეყნის ძლიერ საერთაშორისო პარტნიორად ჩამოყალიბება.

იტალიის რესპუბლიკის ეკონომიკის განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, დასავლეთი საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად აღიქვამს და აგრძელებს მის მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე – პრეზიდენტთან შეხვედრაზე ორად ორ საკითხზე ვისაუბრებთ, რომელზეც თანხმდებოდა აბსოლუტურად ყველა
შემდეგი სტატიაგეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება