ირაკლი კობახიძე ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 11, 2018 13:41

ირაკლი კობახიძე ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, ცვეტა კარაიანჩევა მიიღო, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. ირაკლი კობახიძემ კოლეგას ბულგარეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ჩვენი ქვეყნის დასავლური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ცვეტა კარაიანჩევას ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები გააცნო და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

თავის მხრივ, ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბულგარეთი მხარს უჭერს და მომავალშიც გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას. ცვეტა კარაიანჩევას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია განისაზღვრა როგორც კონსტიტუციური მნიშვნელობის ამოცანა.

მან დადებითად შეაფასა ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი და პრესისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოწერა ორმხრივ საპარლამენტო დიალოგს ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. მისივე თქმით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო და ბულგარეთი ბუნებრივ ხიდს ქმნიან ევროპასა და აზიას შორის და აუცილებელია ამ შესაძლებლობის გამოყენება შავი ზღვისა და ფართო რეგიონის სრულად ასათვისებლად.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე. ბულგარელ კოლეგას მადლობა გადავუხადეთ ბულგარეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. საქართველო აფასებს ბულგარეთის, როგორც ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის ძალისხმევას ამ მიმართულებით.

სტუმრებს გავაცანით ქვეყანაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიის გამტკიცებას, კეთილდღეობის ზრდას, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას.

ხაზი გავუსვით იმ ფაქტს, რომ საქართველო და ბულგარეთი, ჩვენი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ევროპასა და აზიას შორის ბუნებრივ ხიდს ქმნიან, და რომ აუცილებელია ამ შესაძლებლობის გამოყენება შავი ზღვის და ფართო რეგიონის პოტენციალის სრულად ასათვისებლად.

უკვე 26 წელია, რაც შესანიშნავი პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს. თუმცა, ამის მიღმა ჩვენს ხალხებს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებს, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ და ვუფრთხილდებით. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა 1083 წელს ძმები ბაკურიანიძეების მიერ დაფუძნებულ პეტრიწონის, იგივე ბაჩკოვოს, მონასტერს, რომელიც საქართველოსა და ბულგარეთის კულტურული ერთობის და სულიერი მემკვიდრეობის სიმბოლოს წარმოადგენს.

ამგვარი დინამიური და მჭიდრო ურთიერთობების გათვალისწინებით, დღეს ხელს ვაწერთ პარლამენტებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას, რომლითაც ორმხრივ საპარლამენტო დიალოგს ხარისხობრივად ახალ ეტაპზე ავიყვანთ და საფუძველს ჩავუყრით სხვადასხვა სფეროებში სამომავლო თანამშრომლობას.

ქალბატონ კარაიანჩევას კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ჩამობრძანებისთვის, ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეას კი – თანამშრომლობისა და თანადგომისთვის”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულება ადასტურებს, რომ ორმხრივი ურთიერთობები წარმატებით ვითარდება.

„ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგი დადებითად მიმდინარეობს. ამას ადასტურებს დღეს საქართველოს პარლამენტსა და ბულგარეთის ეროვნულ ასამბლეას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ. ამ დოკუმენტის თანახმად, ორივე მხარე ისწრაფვის, გააძლიეროს საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ბულგარეთი დღეს არის ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, რამაც მოგვცა დამატებითი შესაძლებლობა, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობა. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ბულგარეთის მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის მიმართ.

დადებითად ვაფასებ, რომ საქართველოს ახალ კონსტიტუციაში ჩაწერილია სურვილი, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. ჩვენ გამოვხატავთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მინდა, მაღალი შეფასება მივცე საქართველოსა და ბულგარეთს შორის ორმხრივ თანამშრომლობას უსაფრთხოების, არალეგალურ მიგრაციასთან, ტერორიზმთან, ნარკოტრაფიკთან ბრძოლის სფეროებში. ბულგარელების სახით, თქვენ გყავთ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტნიორი“,- განაცხადა ცვეტა კარაიანჩევამ.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 11, 2018 13:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,160
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics