ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საზოგადოება “20/30”-ის წევრები საარჩევნო სიაში აღმოჩნდნენ

თუ როგორი სახით იქნება პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო სია განახლებული, ამომრჩეველი ზუსტად არჩევნების წინ გაიგებს, – ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული სახელების და გვარების დასახელება მიზანშეწონილი არ იქნება და პარტიის ტაქტიკური გადაწყვეტილებაა, ამისგან შეგნებულად თავი შეიკავოს.

“ჩვენი მთავარი ამოცანაა გუნდის გაძლიერება, გუნდის თვისობრივი განახლება, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ გუნდის გაძლიერება იმ სფეროებში, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მართებს პარლამენტს და სადაც საპარლამენტო მუშაობის გაძლიერებაა საჭირო. ეს არის სწორედ კანონშემოქმედებითი სფერო, ეკონომიკის და ფინანსების სფერო და საგარეო ურთიერთობების სფერო”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ ზემოაღნიშნული სამ პრიორიტეტულ მიმართულებაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება.

რაც შეეხება იმას, იქნებიან თუ არა საარჩევნო სიაში “საზოგადოება 20/30”-ის ექსპერტები, კობახიძე აცხადებს, რომ გამორიცხული არაფერი არ არის.

“20/30″-ში წარმოდგენილი არიან კვალიფიციური ადამიანები, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ ამ საზოგადოების წევრებიც აღმოჩნდებიან ჩვენს სიაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშითამარ სანიკიძე – პროფესიული განათლების სწავლების ძირითადი ნაწილი უშუალოდ საწარმოში უნდა განხორციელდეს
შემდეგი სტატიასალაჰ აბდესლამმა გამოძიებასთან თანამშრომლობა შეწყვიტა- ტერორისტი დუმილს ინარჩუნებს