ირაკლი გილაური: კვირიკაშვილი და მისი გუნდი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია

„საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი გილაური ვარაუდობს, რომ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 4-პროცენტიანი ზრდა იქნება, ხოლო ეროვნული ბანკი დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარის აკუმულირებას შეძლებს.

როგორც 20 ივნისს გამართულ ეკონომიკურ კონფერენციაზე ირაკლი გილაურმა განაცხადა, ამის მიზეზი ქვეყანაში ტურიზმისა და ინვესტიციების ზრდაა.

ამასთან, მისივე თქმით, ლარის კურსიც იქნება სტაბილური. „ლარის კურსი არის და იქნება სტაბილური. დევალვაციამ გამოაჩინა, თუ ვის აქვს რეგიონში ძლიერი და სუსტი ეკონომიკა. გამოჩნდა, რომ საქართველო არის ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, როგორც რეფორმების, ბიზნეს თავისუფლების, ისე ინვესტორების მოზიდვის მხრივ. მინდა, ერთი მარტივი ბარომეტრი შეგახსენოთ, ეს არის „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის“ აქციების ფასი. ეს განაპირობებს ინვესტორის განწყობას საქართველოსადმი. ორ ციფრს მოგიყვანოთ – 2012 წლის შემდეგ ჩვენი ბანკის აქციის ფასი გაორმაგდა, რაც ნიშნავს, რომ ინვესტორები ენდობიან საქართველოს, ხედავენ, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება შეიძლება, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რეგიონში და აქ უფრო მეტი ფულის ჩადება უნდათ “,-აღნიშნა ირაკლი გილაურმა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ლარის დევალვაცია მოხდა, საქართველომ გააკეთა მყისიერი მაღლასვლა, რასაც ადასტურებს თუნდაც 30%-ით გაზრდილი აქციის ფასი.

ამასთან, როგორც გილაურმა აღნიშნა, პრემიერი კვირიკაშილი იყო ლონდონსა და ნიუ- იორკში, შეხვდა პორთველურ ინვესტორებს, რომლებიც საქართველოს რეფორმებით არიან აღტაცებული.

„ჩვენი აზრით, საქართველოში უფრო მეტი ინვესტია წამოვა. რა თქმა უნდა, კვირიკაშვილი და მისი გუნდი არის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი ჩვენი ეკონომიკის ზრდის 2017-2018 წელში, ჩვენი პროგნოზი კი არის დაახლოებით 8%-იანი ზრდა ამ პერიოდში. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ლარის კურსიც იქნება მყარი“,-განაცხადა „საქართველოს ბანკის“ სამეთვლაყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, საბანკო სექტორი საქართველოში ძალიან ძლიერია და ასეთი საბანკო სექტორი ჩვენ რეგიონში არ არსებობს.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიანიკა მელია: ჩვენ გავათავისუფლებთ გურიას კრიმინალური კლანებისგან