ირაკლი ღლონტი – ევროპულ სტრუქტურებში არაერთხელ სირცხვილნანახი იუსტიციის მინისტრი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებს

იუსტიციის მინისტრის განცხადება სრულ წინააღმდეგობაშია, როგორც საქართველოს სახელმწიფოს, ისე ხელისუფლების ინტერესებთან და შეუსაბამოა ევროპის საბჭოს შეფასებებთან, – ამის შესახებ იურისტი, პარტია “რეფორმატორების” თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი აცხადებს.

“ერთი მხრივ ევროპის საბჭოს ანგარიში – “ციხეების გადატვირთულობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში’’, რომელიც მომზადებულია ევროკავშირისა და ევროსაბჭოს თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოსთან მიმართებით განმარტავს, რომ სახეზე გვაქვს პოზიტიური ტენდენციები, კერძოდ, დადებითად ფასდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სისტემის რეფორმები, იგივე არასაპატიმრო სასჯელების დანარგვის კუთხით და ა.შ. აქაც თავს გვახსენებს ევროპულ სტრუქტურებში არაერთხელ სირცხვილნანახი იუსტიციის მინისტრი, რომელიც ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ საქართველოში გვყავს 20 000-მდე პატიმარი.

ჯერ კიდევ 2015 წელს, ევროპის საბჭოს მომზადებული ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით საქართველოში სულ 10 242 პატიმარია რეგისტრირებული, აქედან 54 არასრულწლოვანი, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში 100 000 მოსახლეზე მოდის 274 პატიმარი. ეს რიცხვიც კი არსებითად მაღალია ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან, სადაც 100 000 მოსახლეზე 115 პატიმარი მოდის და მიუხედავად ამ ნეგატიური მონაცემებისა, საბჭო ლოიალური იყო შეფასების დროს და პოზიტიურად აფასებდა ტენდენციებს.

იუსტიციის მინისტრის განცხადება სრულ წინააღმდეგობაშია, როგორც საქართველოს სახელმწიფოს, ისე ხელისუფლების ინტერესებთან და შეუსაბამოა ევროპის საბჭოს შეფასებებთან, რომელიც მის ყველა ბოლო აგარიშში აღინიშნავდა პენიტენციურ სისტემაში რეფორმების სწორ სტრატეგიულ ხედვას და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას.

ქართული სახელმწიფო ინტერესების, ეკონომიკის, მართლმსაჯულების სისტემის, კონსტიტუციური ორგანოების – პარლამენტისა და ომბუდსმენის ინსტიტუციების, მედიის თავისუფლების, ევროპული სასამართლოს და უკვე ევროსაბჭოს საწინააღმდეგო პოზიციების მქონე იუსტიციის მინისტრი ისევ დიდი ხანი უნდა გვყავდეს მთავრობის კაბინეტში? იქნებ დადგა ცვლილების დრო! მგონი გადაიღალა ან სხვა ქვეყნის მთავრობის ინტერესებს წარმოადგენს!”, – აცხადებს ღლონტი.

banner
წინა სტატიაშიისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიარა
შემდეგი სტატიამოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი უკმაყოფილებას გამოხატავენ საქართველოსთვის “ჯაველინის” ტიპის რაკეტების მიყიდვის თაობაზე