ირაკლი ღარიბაშვილი: პირადად მე და ჩემი მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში ამ მიზანს მივაღწიოთ

მე და ჩემი მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში ქალთა უფლებების დაცვას მივაღწიოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “რედისონში” განაცხადა, სადაც მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია – “გენდერული თანასწორობისკენ – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში” იმართება.

“პეკინის მოქმედებათა პლატფორმის 20 წლის მიმოხილვის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი ძალიან ნელია, წინსვლა არის და პრობლემა ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ მაინც თანდათანობით მცირდება. დარწმუნებული ვარ, რომ გენდერული თანასწორობისა და ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვით, აგრეთვე გაზრდილი ინფორმირებულობისა და აქტიური მხარდაჭერის წყალობით, პროგრესი უფრო საგრძნობი გახდება. მისასალმებელია, რომ თითოეულმა ქვეყანამ იკისრა ვალდებულება, შეასრულოს პეკინის მოქმედებათა პლატფორმის მოთხოვნები. გარდა ამისა, გაეროს წევრმა ქვეყნებმა მიზნად დაისახეს 2030 წლისთვის მიაღწიონ პრინციპს – “პლანეტა 50/50-ზე”. მე ვთვლი, რომ ეს ძალიან ამბიციური მიზანია, მაგრამ მჯერა, ამის მიღწევა სავსებით შესაძლებელია. მინდა გითხრათ, რომ პირადად მე და ჩემი მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში ამ მიზანს მივაღწიოთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნული მიმართულებით საქართველოს მთავრობამ არაერთი ნაბიჯი გადადგა.

“ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ბოლო წლებში ჩვენ არსებითი პროგრესი გვაქვს – შარშან მივიღეთ ადამიანის უფლებათა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს, აგრეთვე მივიღეთ ანტიდისკიმინაციული კანონი. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ,,ქალთაწინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ” ევროპის საბჭოს კონვენციას. გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიმართულებით და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ეს ძალისხმევა აისახება მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს პარტნიორობას ევროპის კავშირთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან, რომლებიც ევროპულ სამეზობლო პოლიტიკას ატარებენ. ეს პარტნიორობა ემყარება საერთო ღირებულებებს და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის არსებით ინსტრუმენტებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხალხის უდიდესი მხარდაჭერა ევროკავშირთან ინტეგრაციის საქმეში. მიგვაჩნია, რომ დიდ ევროპულ ოჯახთან თანამშრომლობა ეს არის საუკეთესო გზა, როგორც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციისა და ადამიანის უფლებათა რეალიზაციისკენ, ისე რეგიონალური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისკენ, და ამ გზას ალტერნატივა არ გააჩნია”, – განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ქალებისა და კაცების თანასწორობა ჩემთვის არასოდეს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: აღინიშნა რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა დაგეგმილი მიმართულებებით გრძელდება