ირაკლი გედენიძე: იყო მუქარა ჩემ შვილებზეც, მეუბნებოდნენ, დავფიქრებულიყავი, რომ მათ რამე პრობლემა არ შექმნოდათ

ე.წ ფოტოგრაფების საქმეზე დაკავებულმა ირაკლი გედენიძემ ჟურნალისტებთან იმ შანტაჟსა და ზეწოლაზე ისაუბრა, რასაც მისი ოჯახის მიმართ ადგილი ჰქონდა 2011 წელს. გედენიძის თქმით, მას ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით, მისი მეუღლის ფოტოთი და შვილებით აშანტაჟებდნენ.

„ფოტო, რომელიც ამოიღეს ჩხრეკის დროს ჩემი კომპიუტერიდან იყო ჩემს მიერ გადაღებული. ფოტოზე ჩემი მეუღლეა გადაღებული სახლში, მინი სტუდიაში, იმ პერიოდში ჩემი ფოტოები იბეჭდებოდა გაზეთ პრიამ-ტაიმში. ეს ფოტო იპოვეს და დაიწყეს ამ ფოტოთი შანტაჟი, რომ გავრცელდებოდა ფოტო სოციალურ მედიაში. ამან იმოქმედა ჩვენზე და იძულებული ვიყავით გვეღიარებინა ის რაც გვაღიარებინეს. იყო მუქარა ჩემ შვილებზეც, მეუბნებოდნენ, რომ ოცოდნენ სად სწავლობდნენ ჩემი შვილები და დავფიქრებულიყავი მათ მომავალზე, რომ რამე პრობლემა არ შექმნოდათ“,- განაცხადა გედენიძემ.

ირაკლი გედენიძე ფიქრობს, რომ დაკვეთა მაღალჩინოსნებიდან მოდიოდა, რომელთა დანაბარებსაც დევნოზაშვილი გადმოსცემდა დაკავებულებს.

„საქმის კურსში იყო ყველა ძალოვანი მინისტრი. სავარაუდოდ, ჩვენი ამბავი იცოდა მიხეილ სააკაშვილმაც“, – აღნიშნა ირაკლი გედენიძემ.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე შსს-ს კონტრდაზვერვის თბილისის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი დააკავა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: საბანკო სექტორი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვანი არგუმენტაცია აქვს
შემდეგი სტატიაფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე: ჩვენ ვითხოვთ დამკვეთების დასჯას