ირაკლი ალასანია ზღვისუბნის დასახლებაში მცხოვრებლებს შეხვდა

”თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია და პარტიის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი დღეს, ლოტკინის მთაზე, ზღვისუბნის დასახლებაში მცხოვრებლებს შეხვდნენ. ”თავისუფალი დემოკრატების” ინფორმაციით, ირაკლი ალასანია მოქალაქეების თხოვნით მივიდა.

მან მაცხოვრებლებისგან პირადად მოისმინა არსებული პრობლემები.

2003 წლიდან ლოტკინის მთაზე, ზღვისუბნის დასახლებაში 2 კორპუსში 55 ოჯახი ცხოვრობს. როგორც პარტიაში განმარტავენ, წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან მიღებული ნებართვების საფუძველზე მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით დაიწყო მოშლილი და ამორტიზებული ინფრასტრუქტურის განვითარება; გაიყვანეს ელექტროენერგია, (შეიძინეს ტრანსფორმატორი), წყალი და გზა; მოაწესრიგეს საკანალიზაციო სისტემა; გაარემონტეს დანგრევის პირას მისული კორპუსები, გადახურეს სახურავი და გამართეს სანიაღვრე სისტემა. ოჯახების უმეტესობა ამ ტერიტორიაზე 13 წელია ცხოვრობს.

”მოსახლეობის განცხადებით, 2013 წლიდან რაიონის გამგეობამ და სხვა არაუფლებამოსილმა სახელმწიფო სტრუქტურებმა, მოქმედი კანონის უხეში დარღვევით დაიწყო არსებული საცხოვრებელი ფართების სხვადასხვა ოჯახებზე გაცემა, რომლებიც ”მეტრომშენის” და ”გვირაბმშენის” თანამშრომლები არიან. ადგილობრივების თქმით, ნაძალადევის რაიონის გამგეობა გასცემს საკუთრების მოწმობას ქონებაზე, რომელიც მას არ ეკუთვნის. ზღვისუბნის მაცხოვრებლების განცხადებით, რეალურად აღნიშნული კორპუსები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ერთადერთი უფლებამოსილი განმკარგველი, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოა.

მოსახლეობის განცხადებით, გამგეობის მიერ ქონების საკუთრებაზე მოწმობის გაცემის საკითხზე 2015 წლის 10 დეკემბერს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, თუმცა გამოძიება უშედეგოდ დასრულდა.

მიუხედავად არსებული სიტუაციისა, გამოსახლების პროცესი არ შეჩერებულა, ბოლოს ძალისმიერი მეთოდით გამოსახლებულ იქნა, საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ აბულაძის დედა, ლუდმილა გორინა.

(ზურაბ აბულაძე 1993 წლის 21 სექტემბერს დაიჭრა სოფელ ტამიშთან სხვა მებრძოლებთან ერთად და ბრძოლის ველიდან ვერ გამოაღწია; მისი გადმოსვენება ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად მოხდა. ზურაბ აბულაძის ნეშთი იდენტიფიცირებულია).

ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო პროცესები სადაო ქონებასთან დაკავშირებით”, – აცხადებენ პარტიაში.

როგორც უშუალოდ ირაკლი ალასანიამ განაცხადა, ’ზღვისუბნის ეს ორი კორპუსი არის ნათელი მაგალითი იმის, როგორ ვერ თანხმდებიან სახელმწიფოს უწყებები – ეკონომიკის სამინისტრო და გამგეობა ერთმანეთში, რომ მოძებნონ პრობლემის გადაწყვეტის გზა.

”ბედის ანაბარაა მიტოვებული 50-მდე ოჯახი. ისინი 13 წლის განმავლობაში აქ ცხოვრობდნენ, აშენებდნენ ამ ყველაფერს. არაფერი დახვედრიათ. დღეს, მათ კანონიერ უფლებებს სასამართლოც და ხელისუფლებაც არ აღიარებს. ჩვენ, ‘’თავისუფალ დემოკრატებს’’ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოს 50 000 000, რათა მოხდეს სპეციალური საცხოვრისების აშენება სოციალურად დაუცველებისთვის’’, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი და კობა კობალაძე ავღანეთს ეწვევიან
შემდეგი სტატიაევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შეხვედრა დასრულდა