ირაკლი ალასანია: ივანიშვილი საზოგადოებას შეცდომაში ვერ შეიყვანს

“თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავება პოლიტიკური მოტივით განხორციელდა. ეს კარგად ახსოვს საზოგადოებას და ივანიშვილი შეცდომაში ვერ შეიყვანს,- განაცხადა “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ე.წ. კაბელების საქმის მსჯავრდებულებთან დაკავშირებით.

ალასანიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების დაკავება მის წინააღმდეგ დაგეგმილი შანტაჟი იყო, რათა საფრანგეთთან თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ხელი არ მოეწერა. ალასანიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ტელეეთერში სს საქმის დეტალებზე ისაუბრა, რაც მას არ უნდა სცოდნოდა, ამან კი დაადასტურა რომ საქმე პოლიტიკური იყო.
,,ძალიან კარგად გვახსოვს ყველას, როგორ მოხდა ამ ადამიანების დაკავება. ეს იყო შანტაჟი ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ, რომ მე ხელი ამეღო და უკვე შეთანხმებულ შეთანხმებაზე არ მომეწერა ხელი. იმ შეთანხმებაზე ხელი რომ არ მომწერა საფრანგეთთან თანამშრომლობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის არის უმნიშვნელოვანესი, ვერ გაგრძელდებოდა. ეს იყო ასევე შეტევა ჩვენს თავდაცვისუნარიანობაზე. როგორი განცხადებები და შეფასებები გააკეთა მან „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით, როცა წესით მას და მის გუნდს გასაიდუმლოებული გამოძიების არც ერთი დეტალი არ უნდა სცოდნოდათ. პირდაპირ დაადასტურა მან, რომ ეს იყო პოლიტიკური საქმე. აქედან გამომდინარე, ამას უშველის ერთი რამ – ეს ადამიანები უნდა გამოვიდნენ პატიმრობიდან. ესაა ტყვეობა და არა პატიმრობა. ივანიშვილს თუ უნდა რეალურად და ობიექტურად შეაფასოს ყველამ ეს საქმე, პირველ რიგში თავად უნდა იყოს ობიექტური და გამოაცხადოს, ვინ შეიყვანა ის შეცდომაში და ვინ ალაპარაკა ტელეეკრანების წინ და პოლიტიკური ბრალდება წაუყენა „თავისუფალ დემოკრატებს“ და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს“,-განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ „საქართველოს ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ ფილიალების დაყაჩაღების ბრალდებით ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაგიორგი რუხაძე: აღარც ლიდერი ხარ, აღარც პარტიაზე ზრუნავ და საქმე გაქვს კატასტროფულად ცუდად