ინტერვიუ „თიბისი ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძესთან

ინტერვიუ „თიბისი ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძესთან

xazaradze

– რატომ დაინტერესდა ამერიკული „კონტი ჯგუფი” ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობით და რა მნიშვნელობის არის ანაკლიის პორტი?

– პატარა შესავალს გავაკეთებ: 2013- ში ჩემთან იმყოფებოდა 80 ჩემი თანაჯგუფელი „ჰარვარდის” ბიზნეს სკოლიდან. მათ შორის კურტ კონტი, რომელიც არის 100 წლოვანი კომპანიის მეოთხე თაობა, რომელიც მსოფლიოში აშენებს და დეველოპმენტს უკეთებს მეგა პროექტებს. ერთკვირიანი ვიზიტის დროს შეიყვარეს საქართველო და  დაიბადა იდეა, რომ გაგვეკეთებინა რაიმე საინტერესო და ქვეყნისთვის სასარგებლო დიდი პროექტი. ამ დროს არსებობდა ეს იდეა მთავრობაში და ჩვენ ორი წლის წინათ აქტიურად ჩავერთეთ პროექტის მომზადებაში, შევქმენით კონსორციუმი „თიბისი ჰოლდინგსა” და „კონტი ჯგუფს” შორის. უახლოეს ხანებში ამ კონსორციუმს დაემატება ჩინური მხარე.

ორი წლის საკმაოდ დაძაბული და სერიოზული მუშაობის შედეგად, ბევრი საერთაშორისო კონსულტანტის ჩართვით ჩვენ მოვიპოვეთ გამარჯვება.  ეს პროექტი არის მზად იმისთვის, რომ დაიწყოს განხორციელება.

– პრემიერმა აღნიშნა, რომ წელსვე დაიწყება სამუშაოები,  კონკრეტულად რა იგეგმება წელს და რამდენია პროექტის საინვესტიციო ღირებულება?

–  ჩვენი გათვლებით პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 2, 5 მილიარდია. მისი უდიდესი ნაწილი პირველ ფაზაზე იქნება ინვესტირებული, პირველი სამი წელი 700 მილიონის ინევსტიცია მოხდება მხოლოდ პორტის მიმართულებით.  პორტის უკან 600 ჰექტარზე ვაპირებთ თავისუფალი ინდუსტრიული და ეკონომიკური ზონის მშენებლობას, რომელიც აუცილებელია პორტის და წარმოების განვითარებისათვის, მითუმეტეს, როცა საქართველოს აქვს თავისუფალი   ვაჭრობის ხელშეკრულება ევროპასთან და ხელშეკრულება მზადდება  ჩინეთთან და შეიძლება ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც. ეს საქართველოს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას და ანაკლიას, რომ ეს პროექტები განხორციელდეს. ჩვენ მშენებლობას დავიწყებთ წლის ბოლოსკენ და დაველოდებით ამ პერიოდში საერთაშორისო დასკვნას გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით.  მოგეხსენებათ, რომ ყველა მსგავს პროექტს წინ უძღვის ასეთი დასკვნა და დაახლოებით 9 თვე სჭირდება ამ დასკვნას და შემდეგ მთელი მასშტაბით დაიწყება მშენებლობა. წლის ბოლომდე შეიძლება მოესწროს კიდეც დასკვნების დადება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.

– საქართველოში, რამდენიმე ინდუსტრიული ზონა უკვე ფუნქციონირებს, მაგრამ  ვერ ვიტყვით, რომ ეს პროექტები წარმატებულია, რითი იქნება ანაკლიის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა განსხვავებული და მიმზიდველი?

– ჩვენ საკმაოდ ღრმად შევისწავლეთ ეს თემა, არა მარტო საქართველოს არამედ მსოფლიოს მასშტაბით. გარკვეული ბუმი იყო თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მშენებლობების მსოფლიოში, მხოლოდ რამდენიმემ მოახერხა წარმატების მიღწევა და ამ მოდელის შექმნა. მიდგომა უნდა იყოს სხვა და ამ მიდგომებით ვიხელმძღვანელებთ ჩვენ. ჩვენ ჩამოვიყვანთ და უკვე გვაქვს მოლაპარაკება მსოფლიოში წარმატებული თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მმართველებთან. საჭიროა სწორი მენეჯმენტი და სწორი დაგეგმვა, როგორ უნდა განვითარდეს. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არ არის მხოლოდ გადასახადის არ გადახდა. ეს არის მთელი ინფრასტრუქტურული კომპლექსი  და ძირითადი მოთამაშეების დაინტერესება, რომ მათ დაიწყონ პირველი წარმოება. ამაზე გვაქვს სერიოზული ნამუშევარი, ჩვენ ჩამოვიყვანთ ოპერატორს, რომელიც მოგვცემს საუკეთესო წინადადებას. ეს შეიძლება იყოს აზიური ქვეყნიდან, შეიძლება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნიდან, ლაპარაკია საკმაოდ დიდ სახელებზე. ისევე როგორც პორტის ოპერირებას განახორციელებს მსოფლიოში წამყვანი ოპერატორი. ჩვენ უკვე მივიღეთ მსოფლიოს პირველი 9 ოპერატორისაგან ინტერესი ანაკლიის პორტის მართვასთან დაკავშირებით. ახლა ვატარებთ ტენდერს და მათ შორის და საუკეთესო იქნება შერჩეული. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი,  რომ სწორად აეწყოს მთელი ბიზნეს გეგმა.

– „თიბისი ჯგუფის”  სხვა მეგა პროექტებთან დაკავშირებით რა ხდება – იყო სავაჭრო ცენტრის და სამედიცინო კომპლექსის პროექტები – რა ეტაპზეა მათი განხორციელება?  

– აქტიურ ფაზაშია ამერიკული ჰოსპიტალის პროექტის დამუშავება, რომელსაც ალბათ მალე დავაანონსებ. საკმაოდ სერიოზულად  ვიმუშავეთ და იდეა არის, რომ ჩვენ ქართველი ექიმები ჩამოგვყავს შეერთებული შტატებიდან და ევროპის წამყვანი კლინიკებიდან, რომლებიც უკვე 15 წელიწადზე მეტია მუშაობენ. სამწუხაროდ სავაჭრო ცენტრის პროექტზე ჩვენ ცოტა ხანი გავჩერდით ლართან დაკავშირებით. ჩვენმა სამხრეთ აფრიკელმა პარტნიორებმა ცოტა ხნით გვთხოვეს, რომ გავჩერებულიყავით, ჯერ ამ პროექტის მიმართულებით არ ხდება განვითარება, თუმცა წინ გველის საკმაოდ დიდი, მთავარი ოფისის მშენებლობა და სულ მალე დავაანონსებთ ადგილსაც და არქიტექტურასაც, რომელიც უკვე გაკეთებულია წამყვანი ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანიის მიერ. პროექტი დაახლოებით 60 მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს, ეს არ იქნება მხოლოდ „თიბისის” სათაო ოფისი ეს იქნება საკმაოდ სერიოზული ინფრასტრუქტურა ქალაქისთვის. კიდევ გვაქვს რამდენიმე პროექტი, რომელზეც მოგვიანებით გაცხადდება.

– კურორტ მიტარბის განვითარება როგორი ტემპებით მიდის?

– მიტარბი არის ერთ ერთი პროექტი ჩვენი მეგა პროექტებიდან. თქვენ იცით, რომ ჩვენ უკვე პირველი ეტაპი გავხსენით და პირველი ხელშეკრულება იყო, რომელიც კერძო სექტორმა და სახელმწიფომ ერთობლივად განვახორციელეთ. სახელმწიფო აფინანსებს საბაგირო გზებს, ხოლო ყველა დანარჩენ ინფრასტრუქტურას სასტუმროებს, შენობა-ნაგებობებს  გააკეთებს ჩვენი კომპანია. მშენებლობა დაიწყება ამ გაზაფხულზე, როგორც კი თოვლი დადნება. პროექტის გენგეგმას ახორციელებენ ფრანგები. ეს კონკურსის შედეგად შერჩეული კომპანიაა. „კოხტა”,  რომლის ტრასის სიგრძე დაგრძელდა კილომეტრ 700 მეტრამდე, გადაებმება მიტარბის ქანობს, რომელიც 4 კილომეტრი სიგრძისაა . ეს იქნება საქართველოში პირველად გაკეთებული “ski in ski out” კონცეფციით გაკეთებული  ევროპული ყაიდის ზამთრის კურორტი, რომელიც არ იქნება მარტო ზამთრის. კოხტა – მიტარბიში გავაკეთებთ 4 სეზონის დასასვენებელ კურორტს და  ძალიან ცოტა ხანში დავინახავთ ამ საინტერესო პროექტის შედეგებს  .

–  თუ არის უკვე შერჩეული სასტუმრო ოპერატორი, რომელიც შეიძლება შევიდეს მიტარბის კურორტზე?

– ჩვენ გვინდა ქართული ბრენდები განვავითაროთ. მოლაპარაკება გვაქვს „რუმსთან„ იმიტომ, რომ „რუმსი” არის ერთ-ერთი წარმატებული სასტუმრო ოპერატორი. ჩვენ გვაქვს შემოთავაზება უცხოური ოპერატორებისგან, თუმცა ამ ეტაპზე აქტიური მოლაპარაკება  მიდის „რუმსთან“.

–  „გურიელის” ბრენდი რამდენად წარმატებულია?

– „გურიელის” გაყიდვები იზრდება, უკვე ექსპორტის მიმართულებით. ჩვენ შევედით რუსეთში, ბალიტიისპირეთში, უკვე გადაიტვირთა პროდუქცია უკრაინის მიმართულებით. ჩაი საკმაოდ შრომატევადი პროდუქტია, დიდი კონკურენციაა, მაგრამ მოვახერხეთ, რომ ქართულ ბაზარზე ვართ 27%. ეს მოხრხდა მხოლოდ და მხოლოდ იმპორტის ჩანაცვლებით და იმედია, რომ ასეთივე წარმატებას მივაღწევთ სხვა ბაზრებზე. ასევე ერთ-ერთი პროექტი გავაკეთეთ იმერეთში – სათბურები ჰოლანდიელებთან ერთად, რომელიც წარმატებულად მუშაობს.

–  თქვენი შეფასებით, რა გამოწვევები იქნება 2016 წელს ბიზნესისთვის, რას ელოდებით?

– ფუნდამენტურად არ უნდა ველოდოთ რაიმე რყევებს. ეკონომიკას ფუნდამენტური პრობლემა არ გააჩნია. უნდა მოვახერხოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ საქართველოში. ახალი პრემიერის ინიციატივები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან არის  პრობიზნესური და მხოლოდ პრობიზნესური დამოკიდებულება შეავსებს ბიუჯეტს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. სულ ერთი თვეა რაც ახალი პრემიერი შეუდგა საქმიანობას და მასთან ერთად, რამდენიმე ახალი პროექტი დავაანონსეთ და ასეთი სწრაფი გადაწყვეტილებებია საჭირო. შეიძლება შეცდომა იქნას დაშვებული, მაგრამ არ უნდა შეგვეშინდეს. მთავარია ვიაროთ წინ და მთავარია ბიზნესს დავუჭიროთ მხარი. ყველა მიმართულებას , ეს იქნება მცირე ბიზნესი,  საშუალო თუ მსხვილი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ მარტო კანონმდებლობა არ ქმნის ბიზნეს გარემოს. კანონმდებლობა შეიძლება იყოს  კარგი, მაგრამ ბიზნეს გარემო ცუდი. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ კანონმდებლობასთან ერთად, რომლის გაუმჯობესებაზეც მიდის საუბარი, ახალი ინიციატივები და ხშირი საუბარი ბიზნესთან,  პროექტ – პროექტ განხილვა. ხანდახან ძალიან ელემენტარული  პრობლემების გადაწყვეტაა საჭირო, რომ დიდი თემა დაიწყოს.  მე იმედი მაქვს, რომ ეს ყინული დაიძრა და ამ მიმართულებით მიდის მუშაობა.

წყარო”commersant.ge”

banner
წინა სტატიაში„ეს ასე არ დარჩება, თქვენ მოგიწევთ სასამართლოში მოსვლა“ – ეკა მიშველაძე „საზმაუს“ წინააღმდეგ
შემდეგი სტატიაროგორ შეასრულეს სამინისტროებმა ომბუცმენის 2014 წელს გაცემული რეკომენდაციები