ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეომასალაში ასახულ პირებს შორის შოთა პაკელიანის ყოფნას მთავარ პროკურატურაში არ ადასტურებენ

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეომასალაში ასახულ პირებს შორის შოთა პაკელიანის ყოფნას მთავარ პროკურატურაში არ ადასტურებენ.

,,მიმდინარეობს ვიდეო მასალის ავთენტურობისა და მასში ასახული პირების იდენტიფიკაციის მიზნით ფონოსკოპიური და ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა. ხელაღებით ვერ ვიტყვით, რომ ვიდეოში შოთა პაკელიანია“,- განუცხადა საზოგადოებრივს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა.

სუხიაშივილის განმარტებით, ინტერნეტში დღეს გავრცელებული ვიდეომასალა გამოძიებაში მტკიცებულების სახით დევს.

გამოძიება შოთა პაკელიანის განცხადების საფუძლევზე, თბილისის პროკურატურამ 2017 წლის 31 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც პოლიციელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს.

მოქალაქე შოთა პაკელიანის მტკიცებით, ისან-სამგორის პოლიციის სამმართველოში პოლიციელების მხრიდან მის მიმართ არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი.

მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ჩანაწერი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ისან-სამგორის მე-7 განყოფილებიდან იქნა გამოთხოვილი.

,,მოსამართლის მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, გამოთხოვილი იქნა ისან-სამგორის შინაგან საქმეთა სამმართველოს მე-7 განყოფილებიდან გარე და შიდა პერიმეტრზე არსებული სათვალთვალო კამერების ვიდეო ჩანაწერები. მათ შორის დღეს გავრცელებული ვიდეოც. სასამართლოში დაცვის მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემდეგ მხარეს გადაეცა აღნიშნული ვიდეო მასალა“,- განაცხადა საზოგადოებრივთან საუბრისას ნათია სუხიაშვილმა.

შოთა პაკელიანი 23 მარტს ისანი-სამგორის რაიონში, პოლიციელებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას პირადი ჩხრეკისას 0,0664 გრამი ნარკოტიკული საშუალება- ე.წ. ,,ბიო“ აღმოაჩნდა. პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ დაკავებული შეუძლოდ გახდა, რის გამოც პაკელიანი თბილისის ნომერ 1 კლინიკურ საადადმყოფოში გადაიყვანეს.

შოთა პაკელიანს 2017 წლის 29 მარტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის დ და ე ქვეპუნქტებით წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი მას აღკვეთი ღონისძიების სახით 50 დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შოთა პაკელიანი ისან-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. დაკავების შემდეგ პაკელიანი 4 დღის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა.

 

banner
წინა სტატიაშიჩვენმა გუნდმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საარჩევნო ბარიერის 5-დან 3%-მდე დაწევის შესახებ
შემდეგი სტატიაუშგულში, სოფელ ჩვიბიანში მურყვამი (კოშკი) ჩამოინგრა