მედიის თავისუფლება საქართველოში სრულიად დაცულია, მასზე ზეწოლა არ ხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში, საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ამ მიმართულებით ჩვენ მივაღწიეთ უზარმაზარ პროგრესს. რამდენიმე წლის წინ მედიაზე უზარმაზარი ზეწოლა ხორციელდებოდა. ყველა ქართული მედია საშუალების ნარატივი სრულიად იდენტური იყო. დღეს თქვენ შეგიძლიათ იხილოთ, თუ როგორ აკრიტიკებს მედია მთავრობას, თუმცა არავინ ერევა მათ საქმიანობაში. ეს დასტურდება სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ. ინტერნეტით სარგებლობის თავისუფლებას, საქართველო, ბრიტანეთსა და საფრანგეთთან ერთად, ამ მხრივ მე-9 ადგილზეა მსოფლიოში“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ საქართველოს შექმნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ციფრული სამაუწყებლო რეჟიმი. დღეს საკაბელო ტელევიზიის მიმწოდებლები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ მედიაპლურალიზმი. ასევე, Freedom House-ის ანგარიშებისა და ორგანიზაცია „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშეს“ მონაცემებით, საქართველოს მედიის თავისუფლების კუთხით, მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს.
„შვიდწლიანი ეროვნული გეგმა, რომელიც ევროსაბჭოსთან შეთანხმდა, მიზნად ისახავს იმ დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას, რომელთაც ჩვენ განუხრელად ვუჭერთ მხარს, როგორც ჩვენი საზოგადოების ქვაკუხედს. ჩვენ კანოგარეშედ გამოვაცხადეთ დისკრიმინაცია კანის ფერის, ეთნიკური კუთვნილების, გენდერის, სექსუალური ორიენტაციისა და მრწამსის საფუძველზე. ჩვენი ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გულისხმობდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიღებას, რომლის ნაწილი ეხებოდა ანტი-დისკრიმინაციული კანონის შექმნას. ჩვენ ველით საბოლოო გადაწყვეტილებას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რათა საქართველოს მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მგზავრობა. გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნდა ევროპის კომისიის ანგარიში, რომელიც საქართველოში გატარებულ რეფორმებს დადებითად აფასებდა“,-აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული წინსვლა წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
„ვიყურებით რა მომავალში, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეკონომიკური კეთილდღეობა და დემოკრატიული პროგრესი არის მთავარი არგუმენტები მათ წინააღმდეგ, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს მშვიდობიან გზას და დასავლურ ორიენტაციას.მომავალში მე ვხედავ ერთიან და აყვავებულ საქართველოს, რომელიც ამაყობს ევროკავშირისა და ნატოს წევრობით. ვხედავ მომავალს, რომელშიც ჩვენ შევძლებთ რთული პრობლემების გადაჭრას და კარგი ურთიერთობების განმტკიცებას ყველა მეზობელთან, რუსეთის ჩათვლით. ვხედავ საქართველოს, როგორც უმნიშვნელოვანეს ცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს ევროპის ენერგოუსაფრთხოებას. ვხედავ აყვავებულ სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ რეგიონულ ცენტრს.მავანთ ეს აუხდენელ ოცნებად შეიძლება მოეჩვენოს, მაგრამ ინგლისურ ენაში არის ორი სიტყვა, რომელიც ადასტურებს, რომ ოცნების ახდენა შესაძლებელია, ეს სიტყვებია „ლესტერ სითი“.მჯერა, რომ ამ ხედვის ხორცშესხმაში მე შემიძლია მქონდეს გაერთიანებული სამეფოსა და ჩვენი სხვა ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი“,-აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.