იანვრიდან საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებს ხელფასი 10 პროცენტით შეუმცირდებათ?

chinovniki_„ოცნების“ საიდუმლო პროექტი, რომელსაც შეიძლება, „სახელფასო რევოლუცია“ მოჰყვეს

იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც „თაიმერს“ სამთავრობო კულუარებიდან მოაწოდეს, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ „ოცნების“ ხელისუფლება მალე შეიძლება, „საბიუჯეტო რევოლუციის“ საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. სხვათა შორის, ამ მოსალოდნელი „რევოლუციის“ თაობაზე გარკევული მინიშნება გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, მთავრობის ახალი ძველი შემადგენლობის მოსმენის დროს გააკეთა, ანუ კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პენსიების შესაძლო მომატებაზე მსჯელობა 2018 წლიდან დაიწყება.

„ამის შესახებ ჩვენთვის ოფიციალურად არავის არაფერი უთქვამს, მაგრამ ბოლო ერთი კვირაა, მთელი თანამშრომლები დაპანიკებულები ვართ, რადგან ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ ყველას, ვინც საბიუჯეტო ორგანიზაციებში ვართ დასაქმებულები, იანვრიდან ხელფასი 10 პროცენტით უნდა შეგვიმცირდეს. მესმის, რომ ქვეყანაში ე.წ. სავალუტო კრიზისია და ხელისუფლება „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკას“ ატარებს, მაგრამ ეს „ქამრების შემოჭერა“ მარტო ჩვენ რატომ უნდა შეგვეხოს?“ – კითხულობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ერთ-ერთი წამყვანი სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც ამბობს, რომ ხელფასების 10 პროცენტით შემცირება არც მინისტრებს შეეხებათ და არც – მათ მოადგილეებს.

„ხალხის აღშფოთებას სწორედ ეს გამოიწვევს. თუ ვინმე საქმეს რეალურად აკეთებს, მინისტრი ან მისი მოადგილე კი არა, რიგითი თანამშრომელია და ეს სადაური სამართალია, რომ ამ ხალხს ხელფასი შეუმცირონ, „შიშკებს“ კი, რომელთაც ისეც არაფერი აკლიათ, იგივე ანაზღაურება დაუტოვონ? თუ ეს ინფორმაცია გამართლდა, დამერწმუნეთ, ხალხი არ გაჩუმდება და ყველა საბიუჯეტო ორგანიზაცია შეიძლება, გაიფიცოს,“ – აღნიშნავს „თაიმერის“ რესპოდენტი ჩვენთან საუბრის დროს და იმასაც დასძენს, რომ ხელფასები 10 პროცენტით შემცირება მარტო სამინისტროების კი არა, არამედ, სსპი-ს თანამშრომლებსაც შეეხებათ, თუმცა როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ხელფასის შემცირება მინისტრებისა და მათი მოადგილეების მსგავსად, არც განყოფილების უფროსებს შეეხებათ და არც – დეპუტატებს.

ისე, ზოგ სამინისტროში ხელფასები მართლაც, არაადეკვატურად მაღალია, უფრო სწორად, შტატები უაზროდ არის გაბერილი, რაც ქვეყნის ბიუჯეტისთვის, რასაკვირველია, ტვირთია.

ამასთან, ბოლო დროს ის პრაქტიკაც შეიმჩნევა, როცა საბიუჯეტო ორგანიზაციებში ძირითადად ხელისუფლებასთან დაახლოებული პერსონები საქმდებიან, ანუ რეალურად, ცალკეული პოზიციები მათთვის იქმნება. ეს პრაქტიკა „ნაციონალების“ დროსაც აპრობირებული იყო – თითქმის ყველა კონურსში, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებში ცხადდებოდა, „ნაცაქტივისტები“ იმარჯვებდნენ. ამ კუთხით 2012 წლის მერე, მარტო ის შეიცვალა, რომ გამარჯვებულები, როგორც წესი, „მეოცნებეები“ არიან ხოლმე.

თუ ხელისუფლებას სამართლიანობაზე აქვს პრეტენზია, ხელფასი საბიუჯეტო ორგანიზაცების საშუალო რგოლის თანამშრომლებს კი არა, პირველ რიგში, მინისტრებს, მათ მოადგლეებს, განყოფილების უფროსებსა და ასევე, პარლამენტის წევრებსაც უნდა შეუმციროს.

გასაგებია, რომ დეპუტატები ქვეყნის „რჩეულები“ არიან და დიდ „ენერგიას“ ხარჯავენ ისეთი კანონების მიღებაზე, რომელი კანონებიც ხალხის ცხოვრებას გააუმჯობესებს, მაგრამ ეს უბრალო სიტყვები და ბელეტრისტიკაა და მეტი არაფერი. მაგალითად, მე-8 მოწვევის პარლამენტმა, როგორც ცნობილია, 1500-ზე მეტი კანონი მიიღო, მაგრამ იმ 150 დეპუტატიდან, რომელიც წინა პარლამენტში იყო, ერთიც ვერ გეტყვით, ისეთი კანონი, რომელიც ხალხზეა „მორგებული“, რომელია.

უფრო მეტიც, პარლამენტარების უმეტესობამ სადეპუტატო უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა ისე ამოწურა, რომ მისი არსებობის შესახებ ოჯახის წევრების მეტს არავის გაგვიგია. სამაგიეროდ, ძალიან სოლიდური ხელფასი ჰქონდა, ამასთან, სხვადასხვა საპარლამენტო დელეგაციის წევრიც იყო და, მინიმუმ, მივლინების ხარჯებსაც იღებდა. რაც მთავარია, როგორც დეპუტატს, სოლიდური პენსია სიკვდილამდე გარანტირებული აქვს.

ახლა, შეიძლება, ყოფილმა პარლამენტარებმა თქვან, 500 თუ 600 ლარი რა სოლიდური თანხააო, მაგრამ იმ ფონზე, როცა ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ღარიბია, დასახელებული თანხა არამცთუ სოლიდური, არამედ, ძალიან სოლიდურია.

„მდუმარე დეპუტატი“ მე-9 მოწვევის პარლამენტშიც საკმარისზე მეტია.

ასე რომ, ხელისუფლებამ, თუ ლარის გამყარება უნდა და ხალხზეც ზრუნავს, ხელფასები საბიუჯეტო ორგანიზაციების რიგით თანამშრომლებს კი არა, არამედ, სამინისტროების გაზულუქებულ „სტაფებს“ უნდა შეუმციროს. ასევე, დანამატებზეც უარი უნდა თქვას და ხშირად უაზრო უცხოურ ვიზიტებზეც.

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშისერგეენკო: გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში მიმდინარე დისკუსია კონსტრუქციულ ჩარჩოებში მოაქცია
შემდეგი სტატიააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ფლორენციაში იმყოფებოდა