“იმედიანად ვართ განწყობილი, რომ ვიზალიბერალიზაცია ძალიან მალე საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდება”

ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი, რომ ვიზალიბერალიზაცია ძალიან მალე ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მიერ გაჟღერებული გზავნილების შეფასებისას დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ხაზგასმით იყო აღნიშნული რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან აახლოებს.

”ერთის მხრივ ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა წინაპირობა, რომელიც საჭირო იყო ვიზალიბერალიზაციის პროცესისთვის. მეორე მხრივ აღინიშნა ის, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა სრულად უჭერს მხარს ამ პროცესს და არანაირი შეფერხება გერმანიის მხრიდან ამ პროცესს არ ექნება, გამომდინარე შესრულებული სამუშაოს იმ მაღალი ხარისხიდან, რომელიც ვიზალიბერალიზაციის პროცესში 3 წლის განმავლობაში განხორციელდა. ჩვენ ასევე მივიღეთ დამაიმედებელი გზავნილი, რომ ევროპარლამენტის ფარგლებშიც გერმანია გააგრძელებს და მხარს დაუჭერს საკითხის დროულად გადაწყვეტას”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამასთან, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აღნიშნავს, რომ საკითხი კომპლექსური შინაარსისაა და ევროპაში არსებულ გაზრდილ არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებს უკავშირდება.

”აქედან გამომდინარე, ჩვენ გერმანულ მხარესთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ველოდებით საკითხის დროულ გადაწყვეტას ევროპარლამენტში და აქედან გამომდინარე ჩვენ ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი, რომ ვიზალიბერალიზაცია ძალიან მალე ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოქალაქეებისთის”, – დასძინა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ახალგაზრდების დასაქმების პროგრამა ამოქმედდა
შემდეგი სტატიაშიდა ქართლის სოფლები დაისეტყვა