იმედი მაქვს, შვილს არ დამიტოვებენ წყლის ქვეშ და შვილის საფლავი მაინც მექნება – დაკარგული სამხედროს მამა

მეოთხე დღეა შავ ზღვაში, გონიოს სანაპიროზე გრძელდება დაკარგული სამხედროების ძებნა. დღეს სამძებრო სამაშველო ოპერაციაში სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი თურქული ხომალდი ჩაერთვება. სამუშაოებში ჩართულია ავიაცია, სამაშველო ჯგუფები, ადგილობრივი სამსახურები და ამერიკის ევროპული სარდლობის სპეციალური დანიშნულების ძალები. ადგილზე იმყოფებიან სამხედროების ოჯახის წევრებიც.

“დღეს საღამოს შემოდის თურქული გემი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამოიყვანოს ცხედრები. იმედი მაქვს, რომ შვილს არ დამიტოვებენ წყლის ქვეშ და ჩემი ცხოვრება, ჩემი სიცოცხლე ამ ზღვის პირზე ნამდვილად არ ვივლი რომ ვეძებო ჩემი შვილი სადმე გამოაგდოს წყალმა ნაპირზე. იმედი მაქვს, რომ ჩემი შვილის საფლავი მაინც მექნება. ეს სიხარული ეს ბედნიერება მაინც მექნება,“ – განაცხადა იაგო შარაძის მამამ რომან შარაძემ.

დღეს გონიოში ჩასვლას გეგმავს საქართველოს თავდაცვის მინისტრიც. ლევან იზორია პირადად მიიღებს მონაწილეობას თურქული ხომალდის ეკიპაჟთან ერთად, ძებნა-გადარჩენის ოპერაციაში.

გუშინ ბათუმის პორტთან ზღვამ35 წლამდე მამაკაცის ცხედარი გამორიყა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ეს ყოფილიყო ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურე, თუმცა საბოლოოდ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

შეგახსენებთ, რომ სამხედროები გიორგი ნანიტაშვილი და იაგო შარაძე, გონიოში გეგმიური სწავლების დროს დაიკარგნენ. ისინი საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. ზღვის სიღრმეში ჩაყვინთვის შემდეგ მათ ზედაპირზე ამოსვლა ვეღარ შეძლეს.

banner
წინა სტატიაში22 აგვისტოს თბილისის ზოგიერთ უბანს ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეეზღუდება
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას ფერიცვალების დღესასწაული მიულოცა