“იმედი მაქვს, რომის პაპის ვიზიტი იქნება მძლავრი გზავნილი ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად”

გზა, რომელიც საქართველომ აირჩია, მშვიდობის, თანამშრომლობისა და სტრატეგიული მოთმინების გზა, აუცილებლად მიგვიყვანს ქვეყნის გაერთიანებამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში რომის პაპთან შეხვედრის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ქვეყნის პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ისაუბრა, აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და მოსახლეობის თითქმის 15% დევნილადაა ქცეული.

„ამ ადამიანებს წაართვეს საცხოვრებელი მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ეთნიკურად ქართველები არიან! ჩვენგან სულ რაღაც 40-ოდე კილომეტრში გავლებულია მავთულხლართები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას, მეზობლებს, ნათესავებს ერთმანეთთან ურთიერთობას უკრძალავს! ჩვენგან სულ რაღაც 40-ოდე კილომეტრში მოსახლეობა ყოველდღე ხედავს ძალადობას, ადამიანის გატაცებას, მკვლელობას და შეურაცხყოფას. ამის მიუხედავად, ჩვენ არ ვეძებთ კონფრონტაციის გზებს, ჩვენ ვეძებთ გზებს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისა და მშვიდობისათვის! დევნილი მოსახლეობის დაბრუნება ჩვენი უპირველესი ამოცანაა. პოლიტიკური კონიუნქტურის გამო ადამიანები არ უნდა იტანჯებოდნენ და მათ უნდა დაუბრუნდეთ საკუთარ სახლებში ცხოვრების უფლება. პოლიტიკოსებს განსაკუთრებული მისია გვაკისრია ღვთისა და ერის წინაშე: ჩვენ ვალდებულები ვართ, შევქმნათ პირობები ადამიანთა ღირსეული ცხოვრებისა და განვითარებისათვის. ეს მისია ვერ განხორციელდება მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დარღვევით და მეზობელი ქვეყნის ოკუპაციით. ჩვენ უნდა შევებრძოლოთ არა ერთმანეთს, არამედ პრობლემებს, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს თანამემულეებსა და საზოგადოების კეთილდღეობას ემუქრება. ორ დღეში კაცობრიობა თანამედროვეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენას, გერმანიის გაერთიანებას აღნიშნავს. ეს გაერთიანება საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობითა და ჩართულობით გახდა შესაძლებელი. კაცობრიობამ მოახერხა ძალადობის გარეშე გადაეჭრა ურთულესი პოლიტიკური პრობლემა და აღედგინა ისტორიული სამართლიანობა”, – განაცხადა გიროგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო ჩართულობით, ერთიანობით, არაღიარების მტკიცე პოლიტიკითა და აგრესიის დაუშვებლობით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს დეოკუპაცია და მშვიდობა რეგიონში.

„გზა, რომელიც საქართველომ აირჩია, მშვიდობის, თანამშრომლობისა და სტრატეგიული მოთმინების გზა, აუცილებლად მიგვიყვანს ქვეყნის გაერთიანებამდე. თქვენო უწმინდესობავ, თქვენი საქართველოში ჩამობრძანება კიდევ ერთი მოწოდებაა მშვიდობისაკენ. იმედი მაქვს, რომ ეს ვიზიტი გააძლიერებს არა მხოლოდ ვატიკანისა და საქართველოს თანამშრომლობას, არამედ იქნება მძლავრი გზავნილი ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი რომის პაპს: თქვენ იმყოფებით 100 000 წამებულისა და ქეთევან დედოფლის ქვეყანაში
შემდეგი სტატიარომის პაპი: გისურვებთ, რომ მშვიდობისა და განვითარების გზაზე ხელიხელჩაკიდებულს ევლოს საზოგადოების ყველა წევრს