ილია მეორემ სრულიად საქართველოს მარიამობის დღესასწაული მიულოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სრულიად საქართველოს მარიამობის დღესასწაული მიულოცა. როგორც პატრიარქმა დღევანდელი სადღესასწაულო წირვის დასრულებისას, ქადაგებისას განაცხადა, დღეს ღვთისმშობელი საქართველოს განსაკუთრებულად მფარველობს, რაგან ხედავს, რომ ჩვენი ქვეყანა მრავალი განსაცდელის წინაშე დგას.

”თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრემიერ-მინისტრო, მღვდელმთავარნო, ძმანო და დანნო, ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს მარიამობას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლი შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს. დღეს განსაკუთრებით გვფარველობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რადგან ხედავს, რომ მრავალი განსაცდელი დგას ჩვენს წინაშე. თუმცა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მრავალი კალთა გადააფარა საქართველოს და ვერავითარი მტერი – ხილული თუ უხილავი ვერაფერს დააკლებს მას. დღეს არის მიძინების დღესასწაული.
დიდხანს მწუხარენი უნდა ვიყოთ, რომ გარდაიცვალა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მაგრამ ჩვენთვის ეს არის ბედნიერი დღე, რადგან ტროპარში წერია: შობას რომ შვა ქრისტე, ქალწულება არა დაუტევა და მიცვალებასა ქვეყანა არა დაუტევა. უხილავად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთან არის და ჩვენ ვმადლობთ უფალს”, – განაცხადა პატრიარქმა.

მან მიტროპოლიტ პავლეს მამა გიორგის წმინდა ნაწილის ჩამოტანისთვის მადლობა გადაუხადა და ბერძენ მიტროპოლიტს საჩუქრად ქართული პანაღეა გადასა.

”ყოველი ადამიანი დგას ამა თუ იმ განსაცდელის წინაშე, მაგრამ წყალობა ღვთისა და სიყვარული ღვთისა არასდროს ტოვებს საქართველოს და ყოველ ჩვენგანს. დღეს განსაკუთრებული დღესასწაულია. საბერძნეთიდან ჩამობრძანდა მიტროპოლიტი პავლე და ჩამოგვიტანა დიდი სულიერი მამის, ღირსი მამის გიორგის წმინდა ნაწილი, რომელიც მოღვაწეობდა საქართველოში და ეს არის ნიშანი, რომ საქართველო გაძლიერდება, გამთლიანდება, აფხაზეთი და ცხინვალი დაბრუნდება. ჩვენ მადლობას ვუძღვნით მიტროპოლიტ პავლეს ამ დიდი წყალობისთვის და ნიშნად ჩვენი დიდი პატივისცემისა გადავცემთ ქართულ პანაღეას”, – ბრძანა პატრიარქმა.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 291-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიამოზარდი თაობის ფიზიკური გააქტიურების ხელშეწყობისთვის ქუჩებში “კლასობანას” ხატვა დაიწყო