ილია მეორე: თსუ იმ ფუნქციას ასრულებდა საქართველოსთვის, რაც ეკლესიას უნდა შეესრულებინა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო ღონისძიებები მიმდინარეობს. დამსწრეებს პატრიარქმა ილია მეორემ მიმართა.

ილია მეორემ სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ქვეყნისთვის გაწეული ღვაწლის შესახებ ილაპარაკა და თქვა, რომ უნივესიტეტი იმ ფუნქციას ასრულებდა, რომელიც ეკლესიას უნდა შეესრულებინა, მაგრამ ვერ შეასრულა. ამის მიზეზად კი ილია მეორე კომუნისტური რეჟიმი დაასახელა.

“გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს. გილოცავთ ჩვენი დიდი მეფის დავით აღმაშენებლის დღესასწაულს. მე მინდა უპირველეს ყოვლისა პატივი მივაგო და დავლოცო ის ადამიანები, რომელთაც საფუძველი ჩაუყარეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტ. მინდა დავლოცო ის პიროვნება, რომელმაც პირველმა დალოცა უნივერსიტეტი. უწმინდესი და უნეტარესი კირიონი, კათალიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოსი. მან შეასრულა პარაკლისი უნივერსიტეტის დალოცვისა. უნივერსიტეტი არის მაჩვენებელი ქართული კულტურისა, ქართული წარსულის, აწმყოსი და მომავლის, ეს არის მაჩვენებელი ჩვენი ინტელექტისა, ჩვენი სულიერებისა. მძიმე პერიოდი განვლო საქართველომ ამ უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ, მაგრამ ის მოღვაწეობა, რომელიც განვლო უნივერსიტეტმა, ეს არის საოცრება. ეს არის ის დიდი ღვაწლი, რომელიც უნდა შეესრულებინა საქართველოს ეკლესიას, მაგრამ ვერ შეასრულა, რადგან კომინისტური რეჟიმი მძიმე ტვირთად დააწვა ქვეყანას. ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ საქართველოს ჩვენი დიდი მეცნიერების ჯავახიშვილის და კორნელი კეკელიძის გარეშე.

გილოცავთ კიდევ ერთხელ უნივერსიტეტის 100 წლისთავს. უნივერსიტეტს, რომელსაც აქვს ასეთი დიდი წარსული, ჰყავს ასეთი თავდადებული პროფესორ-მასწავლებლები, არანაკლები მომავალი ექნება”, – თქვა ილია მეორემ.

საზეიმო ღონისძიებას, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, მთავრობის წარმომადგენლები, პრემიერმინისტრი და მოწვეული სტუმრები ესწრებიან.

გუშინ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ განათდა.

თსუ-ს 100 წლის იუბილე იუნესკოს ეგიდით აღინიშნება. ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით და ასევე საერთაშორისო დონეზე იმართება.

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს) დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა.

banner
წინა სტატიაშიმშენებლობაზე ნებართვის გაცემის პროცესში ტრანსპორტისა და გამწვანების სამსახურების მონაწილეობა სავალდებულო ხდება
შემდეგი სტატიამსოფლიო თასი თბილისშია