ილია მეორე რუსეთში გაემგზავრება

18 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე რუსეთში გაემგზავრება.

როგორც  ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარემ გერასიმემ (შარაშენიძემ) განუცხადა, პატრიარქი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრებთან ერთად 18-24 ნომბერს მოსკოვში, რუსეთის პატრიარქის კირილის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), მეუფე გერასიმე, გორის და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის განცხადებით, რუსეთის პატრიარქის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით რუსეთში სხვადასხვა ავტოკეფალური ეკლესიების პატრიარქები და დელეგაციები ჩავლენ. კერძოდ, ალექსანდრიის, იერუსალიმის, სერბეთის პატრიარქები და სხვა ეკლესიების ხელმძღვანელები. ასევე, ზუსტდება ინფორმაცია მიიღებს თუ არა დაგეგმილ საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობას მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი.

მეუფე გერასიმეს განცხადებით, ილია მეორე მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილთან და სხვა მართლმადიდებელ პატრიარქებთან ერთად 20 ნოემბერს ერთობლივ წირვაში მიიღებს მონაწილეობას.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიების ხელმძღვანელები რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღოს, მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ „ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს“.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვიდან თბილისში 25 ნოემბერს დაბრუნდება.

banner
წინა სტატიაშიდედის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულისა და ამავე საქმეზე დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, პროკურატურა სასამართლოს დღეს მიმართავს
შემდეგი სტატიაზვარეში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მოქალაქეები მუშაობის განახლებას არ აპირებენ