იენს სტოლტენბერგი: ვარშავის სამიტის შემდეგ პოლონეთში ნატო-ს სამხედროების რაოდენობა გაიზრდება

ნატო აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში, სამხედრო კონტინგენტს გაზრდის, რომ მხარი დაუჭიროს ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის მხრიდან საფრთხეს გრძნობენ. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“პოლონეთში ნატო-ს სამხედროების რაოდენობა გაიზრდება ვარშავის სამიტის შემდეგ, რაც იქნება მკაფიო სიგნალი: პოლონეთზე თავდასხმა შეფასებული იქნება მთელ ალიანსზე თავდასხმად”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ვარშავაში ნატო-ს სამიტი 8-9 ივლისს გაიმართება.

ამას გარდა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ ევროპის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, ამიტომ მოსკოვის ნებისმიერი საპასუხო ზომა უსაფუძვლო იქნება. სტოლტენებრგის თქმით, ევროპული ანტისარაკეტო სისტემა მხოლოდ თავდაცვითი ხასიათისაა და მიმართულია ევროატლანტიკური რეგიონის ფარგლებს გარეთ საფრთხეებზე საპასუხოდ. როგორც გენერალურმა მდივანმა განმარტა, სისტემის ელემენტები მცირერიცხოვანია, ისინი განლაგებულია სამხრეთით, ან რუსეთის საზღვართან ზედმეტად ახლოს, რაც მათ რუსული კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდებას საშუალებას არ მისცემს.

მიმდინარე თვის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ნატო-ს რაკეტები აღმოსავლეთ ევროპაში არა თავდაცვით სისტემებს, არამედ აშშ-ის ბირთვული სტრატეგიული პოტენციალის ნაწილს წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი: ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ არჩევნების გაყალბების დროს არ იყოს “რუსთავი 2“
შემდეგი სტატიაშსს-ს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება