იენს სტოლტენბერგი: ახლა ისეთი დროა, რომ ინვესტიცია თავდაცვის სფეროში უნდა განხორციელდეს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დრო, როდესაც მსოფლიო პროგნოზირებადი იყო წავიდა და ახლა დროა ინვესტიცია თავდაცვის სფეროში განხორციელდეს.

ევროპის თავდაცვის სააგენტოს კონფერენციაზე სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თავდაცვის სფეროში ინვესტიციებზე ნატო-მ და ევროკავშირმა ერთობლივად უნდა იმუშაონ.

„დრო, როდესაც მსოფლიო პროგნოზირებადი იყო წავიდა და ახლა დროა ინვესტიცია თავდაცვის სფეროში განხორციელდეს. ნატო-მ და ევროკავშირმა ამ საკითხზე ერთად უნდა იმუშაოს, რადგან ნატო წარმოადგენს სამხედრო შესაძლებლობას, ხოლო ევროკავშირი ეკონომიკურს და სამრეწველოს. ის, რაც დღეს ხდება – ეს არ არის მუსლიმური მსოფლიოსა და დასავლეთის ბრძოლა. ეს არის ექსტრემისტების და იმ ხალხის ბრძოლა, ვისაც უნივერსალური ფასეულობების სჯერა. მუსულმანები ამ ბრძოლაში ბერკეტები არიან, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

13 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქში, სხვადასხვა ადგილზე ტერაქტების სერია განხორციელდა. ერთი აფეთქება მოხდა რესტორანში, 3 აფეთქება სტადიონ „სტად დე ფრანსის“ მახლობლად, სადაც საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებების ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა და რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა. გარდა ამისა, თეატრ „ბატაკლანში“, სადაც როკ-კონცერტი იმართებოდა, უცნობმა პირებმა მძევლები აიყვანეს. ტერაქტების შედეგად ოფიციალური მონაცემებით 132 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.

საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, უსაფრთხოების მიზნით ქვეყნის საზღვრებზე კონტროლი შემოიღეს, პარიზის ქუჩებში სამართალდამცველებთან ერთად, 1500 სამხედროა მობილიზებული. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის პროცესს აგრძელებს
შემდეგი სტატიამეორე იერიში – საფრანგეთის ავიაციამ ქალაქი ერ-რაქა დაბომბა