იანოშ ჰერმანი – მოხარული ვარ ბოლო კვლევების შედეგებით, ქართველები ევროკავშირს უფრო მეტად უჭერენ მხარს

საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი მოხარულია ბოლო კვლევის შედეგებით, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობას შორის ევროკავშირისადმი მხარდაჭერა და ნდობა გაიზარდა. ამის შესახებ ჰერმანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„მოხარული ვარ ბოლო კვლევების შედეგებით – ქართველები ევროკავშირს უფრო მეტად უჭერენ მხარს, უფრო მეტად გვენდობიან და ურთიერთობებს დადებითად აფასებენ“, – წერს იანოშ ჰერმანი და საკუთარ მიკრობლოგში და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს აზიარებს.

ევროკავშირის მიერ 2017 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ქვეყნებში ჩატარებული კვლევის შედეგები 10 ოქტომბერს არის გამოქვეყნებული. გამოკითხვის თანახმად, ქართველების 59%-ს ევროკავშირზე დადებითი წარმოდგენა აქვთ შექმნილი. ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 6%-ითაა გაზრდილი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალია.

ამასთან, ევროკავშირის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხვის მონაწილეთა 83% საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს დადებითად აფასებს, ხოლო მათი 66% ენდობა ევროკავშირს. შედარებისთვის, გაერო-ს ენდობა გამოკითხულთა 56%, ხოლო ნატო-ს – 54%. რესპონდენტთა 58% ევროკავშირის ფინანსური დახმარების შესახებ ინფორმირებულია, თითქმის სამი მეოთხედი კი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა ეფექტიანია.

გამოკითხვა 2017 წლის მარტი-მაისში ჩატარდა, რა დროსაც გამოიკითხა ათასზე მეტი რესპონდენტი.

banner
წინა სტატიაში,,აქციაზე მომავალ ხალხს “ქოცები” არ უშვებენ, ქებურიას ქმარს თავს დაესხნენ”
შემდეგი სტატია“არა პრემიებს”, “უარი ფაროსანა მთავრობას”-საპროტესტო აქცია ზუგდიდში