იანოშ ჰერმანი – ევროკავშირის დახმარება მრავალი ქართველის ცხოვრებაზე დადებით გავლენას ახდენს

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ ქუთაისში, იურიდიული დახმარების სამსახურის 10 წლის იუბილე აღნიშნეს. მათ 150,000-ე ბენეფიციარს, დავით ჯანჯღავას იურიდიული კონსულტაციით წარმატებით სარგებლობა მიულოცეს.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის თქმით, ევროკავშირი იურიდიული დახმარების სამსახურს მისი დაარსების პირველივე დღიდან უჭერდა მხარს.

“ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა ქართველისათვის, მათი სოციალურ-ეკონომიური სტატუსის მიუხედავად, ხელმისაწვდომი ყოფილიყო მაღალ-პროფესიონალური იურიდიული კონსულტაცია. დავით ჯანჯღავას მაგალითი ყველა ჩვენგანისათვის იმის კონკრეტული დასტურია, რომ ევროკავშირის დახმარება დადებით ზემოქმედებას ახდენს მრავალი ქართველის ცხოვრებაზე. შესაბამისად, ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ მუშაობას მომავალი წლების განმავლობაში“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ, აღნიშნა, რომ “იურიდიული დახმარების სამსახური ემსახურება უმნიშვნელოვანეს საქმეს, ადამიანის უფლებების დაცვას.

“მას უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს სამართლებრივი სახელმწიფოსა სამართლის უზენაესობის განმტკიცებაში. სამსახურმა გასული 10 წლის განმავლობაში 150,000 ადამიანს გაუწია სამართლებრივი დახმარება, რაც უდაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია.სამსახურის შესაძლებლობების განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. პარლამენტი, რომელსაც ინსტიტუციურად ექვემდებარება იურიდიული დახმარების სამსახური, ყველაფერს გააკეთებს, რათა ხელი შეუწყოს სამსახურის გაძლიერებას. მადლობას ვუხდი ყველაპარტნიორს, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებით კი ევროკავშირს სამსახურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ ბოლო 10 წლის განმავლობაში იურიდიული დახმარების სამსახურის მიღწევებზე ისაუბრა.

“იურიდიული დახმარების სამსახური დამოუკიდებელი, მაღალპროფესიონალური და კლიენტზე ორიენტირებული ორგანიზაცია გახლავთ, რომელიც საქართველოში მართლმსაჯულებაზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და ადამიანის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს. იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების ხელმისაწვდომობა იზრდება და დღეისათვის, ჩვენ მომსახურების გაწევა 12 ოფისისა და 7 საკონსულტაციო ცენტრის მეშვეობით, მთელს საქართველოში ხდება. ჩვენ აგრეთვე ვთავაზობთ კონსულტაციებს ელექტრონულ რეჟიმში, ჩვენი ვებგვერდისა და Facebook-ის გვერდის მეშვეობით, აგრეთვე ცხელი ხაზის დახმარებითაც“.- განაცხადა მელიტონ ბენიძემ.

banner
წინა სტატიაშიპირველი არხის ახალი შენობა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აშენდება
შემდეგი სტატიადაჭრილი მოსწავლისთვის სისხლის ბანკი პირველი დადებითი ჯგუფის სისხლს ითხოვს