იან კელი – ამაყები ვართ, რომ საქართველოს ვუჭერთ მხარს, როდესაც თქვენ აგრძელებთ გზას ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისკენ

ამაყები ვართ, რომ თქვენს ქვეყანას ვუჭერთ მხარს, როდესაც თქვენ აგრძელებთ გზას ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისკენ,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ტექნო პარკში განაცხადა, სადაც გლობალური სამეწარმეო კვირეული გაიხსნა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში აღინიშნება გლობალურ სამეწარმეო კვირეული, რაც მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ეკონომიკური კეთილდღეობისთვის.

იან კელის ინფორმაციით, ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება, რაც დაეხმარება მეწარმეებს და წაახალისებს მათ.

ამასთან, მისივე თქმით, გაიმართება ვორქშოპები და ტრენინგები ქართველებისთვის.

„ჩვენი ექსპერტი ისაუბრებს საკუთარ გამოცდილებაზე, რაც ტექნოლოგიების ჩვენს სახლებში შესვლას ეხება და ისაუბრებს იმ წარმატებული ბიზნესის შექმნის ისტორიაზე, რომელსაც ის მართავს.

ის არის ნათელი მაგალითი იმისა თუ რა ცვლილებების მომტანია სტარტაპი. ის ასევე წარმოადგენს ნათელ მაგალითს იმისა, რომ ქალები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მეწარმეობასა და ინოვაციების სფეროში.

მეწარმეობა არის აშშ-ის ეკონომიკის ქვაკუთხედი. რისკზე წასვლის და ბიზნესის გახსნის თავისუფლება არის ჩვენი თავისუფალი ბაზრის ეკონომიკის შემადგენელი ნაწილი.

ინოვაცია და ტექნოლოგია ჩვენს მეწარმეობას განვითარების ბიძგს აძლევს და ცვლის სამყაროს. ედისონმა მოუტანა ელექტროენერგია ხალხს, ბილ გეითსმა დაიწყო ინფორმაციული რევოლუცია, ხოლო ილონ მასკი კერძო კოსმოსურ ფრენებს იწყებს“,- განაცხადა იან კელიმ.

ამასთან, ელჩის თქმით, „საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეკონომიკა დემოკრატიის გვერდიგვერდ იზრდება“.

„მცირე და დიდმა ბიზნესმა ეს ქვეყანა კეთილდღეობის მაგალითად აქცია. აშშ ამ პროცესში სულ საქართველოს გვერდით დგას.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ 600 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო საქართველოს ეკონომიკაში. გაძლიერდა ინფრასტრუქტურა, ფული ჩაიდო განათლებასა და საქართველოს მოქალაქეების პროფესიონალიზმის გაზრდაში.

USAID მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესს და მხარს უჭერს მოდერნიზაციას. ჩვენი მეწარმეობის პროგრამა უერთდება და აგრძელებს ამ ძალისხმევას. ეს პროგრამა დაეხმარება მეწარმეებს დაიწყონ ახალი ბიზნესი და მიიღონ მოგება“,- აღნიშნა იან კელიმ.

საქართველოში აშშ-ის ელჩის თქმით, მათი ტრენერები დაეხმარებიან სტარტაპების ავტორებს გადააქციონ იდეა ბიზნესად.

„მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა წარუმატებლობაზე. ეს ხომ ყველა ბიზნესის შემადგენელი ნაწილია, ისევე როგორც წარმატება. ყველა სტარტაპის მიზანია მიიღოს მილიონობით მოგება და შეცვალოს სამყარო. პირველ ჯერზე ეს ბევრს არ გამოსდის. წარუმატებელი მცდელობა გვასწავლის თუ როგორ მივაღწიოთ მომავალში წარმატებას. ის კრიტიკულ გაკვეთილს გვიტარებს.

საქართველოს მთავრობას შეუძლია ინოვაციების ხელშეწყობა და გაძლიერება. მას შეუძლია წაახალისოს ინდივიდუალური პირები და კომპანიები, რომლებსაც კარგი იდეები აქვთ. საქართველო და აშშ პარტნიორები არიან ამ ძალისხმევაში.

ეს მენტორები და ეს პროგრამა მხოლოდ ნაწილია იმ დახმარებისა, რომელიც საქართველის მოდერნიზაციას ისახავს მიზნად. ჩვენ ამაყები ვართ, რომ თქვენს ქვეყანას ვუჭერთ მხარს, როდესაც თქვენ აგრძელებთ გზას ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისკენ“,- განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა
შემდეგი სტატია,,ბიუროკრატიის შემცირება მთავრობის პრიორიტეტია”