„ჰუმანითი-ჯორჯიას“ გარშემო ბევრი კითხვა ჩნდება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივან ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, „ჰუმანითი-ჯორჯიას“ გარშემო ბევრი კითხვა ჩნდება, რომელიც კორუფციასთან და ხარისხთანაა დაკავშირებული.

„ბოლო 3 კვირის განმავლობაში ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია გაურკვეველი წარმოშობის ახლადშექმნილ კომპანია “ჰუმანითი-ჯორჯიაში” საპარტნიორო ფონდის დირექტორის, დავით საგანელიძის პირადი დაინტერესებით მონაწილეობის შესახებ.

დავით საგანელიძის განცხადებით, კომპანიის უკან – იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურად არსად ფიგურირებს – ბიძინა ივანიშვილის მეგობარი ალექსანდრე მაშკევიჩი დგას. სწორედ მაშკევიჩის საინვესტიციო შესაძლებლობებით ამართლებს საპარტნიორო ფონდის დირექტორი კომპანია “ჰუმანითი-ჯორჯიასათვის” ჩვენი, გადასახადის გადამხდელთა 30 მლნ ლარის მიცემას.

საპარტნიორო ფონდის წესდება კომპანიის მხრიდან თანაინვესტირებას ითვალისწინებას, თუმცა ეს დოკუმენტურად არ დასტურდება. უფრო მეტიც, კომპანიის შესახებ საჯაროდ არსებული დოკუმენტაცია სიყალბის ნიშნებს შეიცავს. კერძოდ, “ჰუმანითი-ჯორჯიას” მიერ 2015 წლის ივნისში 900,000 ლარად განვადებით აღებული ქონება 2015 წლის სექტემბერში 30 მლნ ლარად არის შეფასებული. სწორედ ამ მეთოდით შეასრულა კომპანიამ თანაინვესტირების ვალდებულება.

საქართველოს გაღარიბებული მოქალაქეებისათვის დღეს ასე ძნელად ხელმისაწვდომი მედიკამენტების გაიაფების მოთხოვნას მთავრობა იმით პასუხობს, რომ გაურკვეველი წარმოშობის ახლადშექმნილ კომპანიაში ჩვენს ფულს დებს და არ პასუხობს შესაძლო კორუფციული სქემის არსებობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან კითხვებს.

გარდა დავით საგანელიძისა, ამ კითხვებს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ უნდა უპასუხოს. სწორედ მისი ვალდებულებაა, ქართველმა პაციენტმა იცოდეს, რომ იგი ხარისხიან მედიკამენტს იღებს.
დავით სერგეენკომ ასევე უნდა ახსნას:

• რატომ და როგორ აღმოჩნდა სახელმწიფოს ხელთ არსებული სამედიცინო დაწესებულებები ასევე ახლადშექმნილ “ალფა-მედიკის” ხელში, რომლის უკანაც ისევ “ჰუმანითი-ჯორჯიას” ოფიციალური დამფუძნებელი დგას;

• და არის თუ არა ჯანდაცვის სფეროში დღეს მიმდინარე პროცესები იმის დასტური, რომ სახელმწიფო სახსრებით კერძო პირები ბაზარზე უპირატესი მდგომარეობის მოპოვებას ცდილობენ?“

banner
წინა სტატიაშიერდოღანმა ქვეყნებს მოუწოდა ქურთები “ისლამურ სახელმწიფოს” გაუთანაბრონ
შემდეგი სტატიაამერიკელმა სენატორმა გუანტანამოს შესახებ ობამას გეგმა სანაგვეში მოისროლა