ჰონკონგის პროექტი – აფხაზეთისთვის მაგალითი თუ განუხორციელებელი ოცნება?!

ჰონკონგის პროექტი - აფხაზეთისთვის მაგალითი თუ განუხორციელებელი ოცნება?!

4დიახ, ჩვენ გვახსოვს აფხაზეთი, მაგრამ ხსოვნა არაა ის, რაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს! ისტორიისთვის 20 წელი ერთი აბზაცია, რეალობისთვის – ბევრი. მიუხედავად მცდელობისა, ჯერ რატომღაც ვერ მოინახა გამოსავალი, რომელიც აფხაზეთთან დაგვაახლოებს. ვფიქრობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „კონფლიქტების დარეგულირების სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური კვლევების  ცენტრის” მიერ მომზადებული ნაშრომი, რომელიც ცოტა ხნის წინ წიგნად გამოიცა, დააინტერესებს არა მხოლოდ დევნილებს, არამედ მთავრობის წარმომადგენლებსაც.

„თაიმერი“ ესაუბრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს ჯემალ გახოკიძეს:

_ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „კონფლიქტების დარეგულირების სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური კვლევების  ცენტრის” მიერ მომზადებულ იქნა ნაშრომი ─ ..ჰონკონგი, ჩინეთი ─ 1997”. ავტორთა მოტივაცია, შეექმნათ ასეთი ნაშრომი  განაპირობა საქართველოში არსებულმა მოუგვარებელმა კონფლიქტებმა. ჰონკონგის ფენომენი ჩვენთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა, რადგან 1997 წლის პირველ ივლისს მისი დედასახელმწიფოში დაბრუნება მართლაც უნიკალური მოვლენა და უკვე არსებული რეალობაა. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია კონფლიქტის ჰონკონგის მსგავსად გადაწყვეტის როგორც ისტორიული, ისე პორლიტიკურ-სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტების ანალიზი და შესაძლებელი პარალელების გავლება, მსგავსებისა და განსხვავებების ძიება საქართველოსა და მის განდგომილ რეგიონებთან მიმართებაში.

3

_ მსგავსი კვლევა ჩატარებულა ოდესმე?

_ ამ მიმართულებით საქართველოში არც ნაშრომი შექმნილა და არც კვლევა ჩატარებულა. უფრო მეტიც, დღემდე არ თარგმნილა და არ გამოცემულა ჩინეთის სუვერენიტეტის ქვეშ მყოფი ჰონკონგის კონსტიტუციაც კი.

_ ფაქტობრივად გამოდის რომ თქვენი ჯგუფის კვლევა პირველია?

_ დიახ.

_ აფხაზეთის საკითხი არ არის მარტივი თემა. მესმის რომ კვლევაში ჩართულები არიან იურისტები, პოლიტოლოგები, მაგრამ ეკონომისტები რა კუთხით გყავთ ჩართული ამ პროცესში? ტეროტირია საქართველოს იურისდიქციაში არაა, ეკონომიკური ბლოკი კი…

_ კარგი კითხვაა. თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენს კვლევაში ყველაზე დიდი ადგილი სწორედ ეკონომიკურმა კვლევამ დაიკავა და რატომ? როდესაც დავიწყეთ მუშაობა დავინახეთ, რომ ამ გაერთიანების დასაწყისში ჩინეთი დიდი პრობლემის წინაშე დადგა. ჰონკონგს ჰქონდა მაღალი განვითარების კაპიტალისტური სისტემა და პრეტენზია  სამხრეთ აზიაში მსოფლიო საბანკო ცენტრის სტატუსზე. ჩინეთი კი  სოციალიტური წყობის ქვეყანაა და სირთულეს წარმოადგენდა განსხვავებული სისტემის მქონე რეგიონის არსებობა მის შიგნით. თუმცა, ჩინეთის მხრიდან ეს წინააღმდეგობა დაძლეულ იქნა მისი ლიდერის დენ სიაოპინის პრაგმატული მიდგომით, როდესაც მან წამოაყენა იდეა  ,,ერთ სახელმწიფო, ორი სისტემა“.  თანაც, ჩინეთმა დადო საყოველთაო პირობა, რომ 50 წლის განმავლობაში იგი ჰონკონგის შიდა საქმეებში არ ჩაერეოდა და ჰონკონგი განაგრძობდა ცხოვრებას მისთვის მისარები წესით,  მისი სამართალწარმოება კვლავაც ბრიტანულ სამართალზე იქნებოდა დაფუძნებული. ჩინეთის სახელმწიფო თავის კომპეტენციაში მხოლოდ 2 სფეროს საგარეო საქმეებსა და თავდაცვას იტოვებდა. რაც შეეხება ეკონომიკურ მხარეს აქ ძალიან საინტერესო რამ მოხდა. რასაც პრაქტიკულად შეიძლება ვუწოდოთ სრული თავისუფლება ჰონკონგის ეკონომიკის მართვაში.

_ რაში მდგომარეობდა ის?

_ ჰონკონგი ეკონომიკურად ჩინეთისაგან დამოუკიდებელია, საკუთარი საბაჟო კანონები აქვს, აქვს საკუთარი საგადასახადო სისტემა, ყველა გადასახადი რჩება ჰონკონგში, თავისუფალი საერთაშორისო მნიშვნელობის პორტი და აეროპორტი აქვს.  საინტერესოა ის ფაქტი, რომ ასეთი პოლიტიკის შედეგად ჰონკონგი კიდევ უფრო განვითარდა.  ჩვენს კვლევაში ერთი ბოლო თავი ეძღვნება ჰონკონგის მდგომარეობის კვლევას გაერთიანებიდან 17 წლის შემდეგ. კვლევამ დაადასტურა, რომ ჰონკონგი ამ პერიოდში უფრო გაძლიერდა და დღეს მას მოიხსენიებენ „აზიურ ვეფხვად“. ამასთან, ბრიტანეთმა მთლიანად შეინარჩუნა თავისი ეკონომიკური ინტერესები ჰონკონგში, ჩინეთმა ბრიტანეთს შესთავაზა 7 პროვინცია საპილოტედ, რათა შემოეტანა ბიზნესი და განავითარებინათ ამ პროვინციებში ეკონომიკა. ბრიტანეთს, ფაქტობრივად, არაფერი დაუკარგავს. გაგიკვირდებათ, მაგრამ ფაქტია დღემდე ჰონკონგის პროკურატურაში, სასამართლოში და პოლიციაში ბრიტანელი მოქალაქეები მუშაობენ.  თუ ჩვენც გვინდა გადავწყვიტოთ კონფლიქტები უნდა გავითვალისწინოთ მასში ჩართული ყველა მხარის ინტერესი, ცალმხრივად ერთ კარში ბურთის თამაშით არაფერი გამოგვივა.

_ მაგრამ ჩვენ საქმე გვაქვს არა დიდ ბრიტანეთთან არამედ რუსეთთან.

_ კი, ბატონო. გაერთიანების ავტორებად ჩინეთ-ჰონკონგის შემთხვევაში გვევლინებიან მარგარიტ ტეთჩერი და დენ სიაოპინი და ჰონკონგის ერთ-ერთი მილიარდელი დონალდ ჩანგი, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ჰონკონგ-ჩინეთის გაერთიანებაში.

_ ე.ი. ველოდებით დროს როცა რუსეთში გაჩნდება ტეთჩერი?

_ ჩვენი მთავარი ამოცანა იმაში მდგომარეობდა, რომ გვეჩვენებინა ყველა ნაბიჯი, რომელიც გაიარა ჩინეთმა გაერთიანების ამ გზაზე. ჩინეთის მხარემ გამოაქვეყნეს 12 ძირითადი პრინციპი, რომელიც ითვალისწინებდა ჩინეთის პოლიტიკას ჰონკონგთან დაკავშირებით და რომელიც გახდა  საფუძვლი 1984 წლის ჩინურ-ბრიტანული ერთობლივი დეკლარაციისა. 1990 წელს, გაერთიანებამდე 7 წლით ადრე, ჩინეთმა დაამტკიცა ჰონკონგის სპციალური ადმინისტრაციული რეგიონის კონსტიტუცია. დღეს საქართველოს კონსტიტუციაში სამწუხაროდ არის ასეთი ჩანაწერი – აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრივ სტატუსზე ვიფიქრებთ მას შემდეგ, რაც აღდგება ტერიტორიული მთლიანობა. პირდაპირ მინდა განვაცხადო არ არის ეს სახელმწიფოებრივი მიდგომა კონფლიქტების დარეგულირების თვალსაზრისით.

ჩვენ უნდა შევიმუშაოთ აფხაზეთის კონსტიტუციის ისეთი პროექტი, რომელიც მათ გაუჩენს დაცულობის განცდას, ინტერესს ერთ სახელმწიფოში ცხოვრების, სადაც ცხოვრების დონეც მაღალი იქნება და პოლიტიკური კულტურაც, რაც მთავარია აფხაზეთის განვითარების მაღალი ტემპები.

მინდა გითხრათ, რომ არსებობს ძალიან კარგი პროექტი აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ.

6

_ კი და აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, ესეც ხომ ფაქტია.

_ კი, უცებ გაატარეს კრიტიკის ქარცეცხლში ეს იდეა, როგორც კი გააჟღერა ცოტა ხნის წინ ბატონმა პაატა ზაქარეიშვილმა.

_ ესაა რუსეთის ოცნება, ეს უნდოდა რუსეთს და ასე შემდეგ. დარწმუნებული ვარ ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ უკვე თქვენს მიმართ წამოვა აგრესია.

_ თავიდანავე მინდა განვაცხადო, რომ  თუ ამის გეშინია მაშინ ამ საქმეს არ უნდა მოკიდო ხელი, მაგრამ იმასაც უნდა შეეგუო, რომ შენ შენი სამშობლო არ გიყვარს. დღეს სახელმწიფო სამართლის თეორიაში აღიარებულია ორი ტიპის სახელმწიფო – ფედერაციული და უნიტარული. კონფლიქტებმა დაგვანახეს, რომ შეიძლება შემუშავებულ იქნას სახელმწიფოს ისეთი მოდელი, რომელიც არც ფედერაციაში და არც უნიტარულში არ ჯდება და გაჩნდება ახალი ტიპის სახელმწიფო. ეს მოიტანა ცხოვრებამ.  ჩვენ ამისთვის უნდა მოვემზადოთ, ამით იყო მოტივირებული ჩვენი ჰონკონგ-ჩინეთის პროექტიც. თუ გვინდა, რომ კონფლიქტი გადაიჭრას იმგვარად, რომ საქართველოს სახელმწიფოს სუვენერიტეტი არ დაირღვეს, არ შეექმნას საფრთხე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამავე დროს აფხაზებს ქონდეს პოლიტიკურ-სამართლებრივი გარანტია და რწმენა, რომ მათ სახელმწიფოებრივ ინტერესებსაც არ შეექმნება საფრთხე. სწორედ ასეთ რეალპოლიტიკაზე დაფუძნებულ სახელმწიფოზე უნდა ვიფიქროთ.

_ როგორ წარმოგიდგენიათ, როგორი შეიძლება იყოს ახალი ტიპის ურთიერთობა? რუსეთ-საქართველოზე გვაქვს საუბარი და არა ჩინეთ-ბრიტანეთზე.

_ პოლიტიკაში არსებობს თემები რაც შეიძლება გახდეს განხილვის საგანი: რუსეთი დაინტერესებულია რკინიგზის გახსნით. მე მაგალითად დევნილების საკითხს საპირწონედ დავაყენებდი, რადგან რკინიგზა მხოლოდ რუსეთის ინტერესი კი არა მთელი რეგიონის ინტერესია. სომხეთი სისხლხორცეულად არის დაინტერესებული. სწორედ ყველას ინტერესების გათვალისწინებამ შეუწყო ხელი  ჰონკონგ-ჩინეთის უმტკივნეულო გაერთიოანებას.

 

_ თუმცა აქ არის რთული პრობლემა, დევნილები თავად რა პოზიციას დაიკავებენ.

_ მთავარი საკუთრების საკითხია აფხაზეთში. საქმე ისაა, რომ პიროვნება რომელიც აფხაზეთში რაიმეს შეიძენს, ვერ გახდის მას ლეგიტიმურს. რატომ? იმიტომ რომ არაღიარებულ მხარეში აქვს ნაყიდი ქონება, თუ ოდესმე უნდათ აფხაზებს რამე გაყიდონ, ის უნდა აღიაროს საერთაშორისო სამართალმა. ამ თვალსაზრისით არც ინვესტიციების მოზღვავებას არ უნდა ელოდნენ. აფხაზეთის მდებარეობა პირდაპირ თხოულობს ეკონომიკურ თავისუფლებას, რა არის ეს? ოფშერული ზონები, თავისუფალი ეკონომიკური ზონები, ამას შეძლებს აფხაზეთი? ვერ შეძლებს, იმიტომ რომ არ იქნება ჩვენს მიერ აღიარებული. როგორც ხედავთ ბევრი თემაა ისეთი, რომლიც გადაწყვეტაში დაინტერესებულია რუსეთი, სომხეთი, საქართველო და, რა თქმა უნდა, აფხაზეთი. ყველამ უნდა იცოდეს მოპოვებას, რაღაცის დათმობა ახლავს.

_ კი, დიდი დროა გასული და არაფერი კეთდება.

_ რაშია საქმე იცით? ჩვენს რწმენას საფუძველი თუ შეერყევა ეს ძალიან ცუდია. მე ვფიქრობ, რომ ყოველდღიურად უნდა იხილებოდეს კონფლიქტების საკითხი. პოლიტიკოსების ერთი ნაწილი ამბობს, რომ ახლა არაა ხელსაყრელი სიტუაცია, როგორ გეკადრებათ! წინა ხელისუფლების დროს ერთ-ერთ პარლამენტარს ვკითხე: ამიხსენით რატომ არ შეგაქვთ აფხაზეთის შესახებ ერთი მუხლი მაინც, რომ ის იქნება განსაკუთრებული სტატუსის მქონე  სპეციალური რეგიონი? პასუხი იყო – რა აზრი აქვს ამას დღეს?

_ დღევანდელი ხელისუფლების პოზიციაზე რას იტყვით?

_ არასაკმარისია. ხელსაყრელი პოლიტიკური გარემო ჩვენ თავად უნდა შევქმნათ. საქმე ისაა, რომ დღეს ხელისუფლებას ყურადღება იმაზე აქვს მიპყრობილი თუ რას იტყვიან ნაციონალები. აი, ასეთი პოზიციაა.

_თქვენი კვლევაც თაროზე დარჩება?

_ ნამდვილად არ მინდა ეს ნაშრომი იყოს ბიბლიოთეკის კუთვნილება. ჰონკონგის გზას შედეგი მოყვა და გამოვიყენოთ ეს. მინდა გითხრათ, რომ ამ კვლევის შედეგი ჯერ არ გადამიგზავნია ხელისუფლებისათვის, ამ ეტაპზე ბატონ პაატა ზაქარეიშვილს გავუგზავნე წერილი და ვთხოვე ეგებ დიდი აუდიტორიით დავიწყოთ ამ თემების წამოწევა.

5

_ პირევლი ნაბიჯი რა შეიძლება იყოს?

_ პრემიერ-მინისტრთან შექმნილია ეკონომიკური საბჭო, რატომ არ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრთან შექმნილი კონფლიქტების დარეგულირების საბჭო ამ საქმით სისხლხორცეულად დაინტერესებული კომპეტენტური სპეციალისტებით დაკომპლექტებული?

_ რა მოგვიტანა მსგავსმა საბჭომ თავის დროზე?

_ ჩვენ და აფხაზებს ძალიან ბევრი გვაქვს საერთო, ანუ საშენი მასალა არის და არ არის სახლის აშენების პროექტი. რატომ არ შეიძლება დღეს ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა დადოს აფხაზეთის სამომავლო კონსტიტუციის პროექტი  წინმსწრებად და ამაში ხელისუფლებამ ამ ჯგუფს მხარი დაუჭიროს? რატომ არ შეიძლება დავიწყოთ ამაზე მუშაობა? თუკი, დენ სიაოპინმა მიუხედავად იმისა, რომ 1997 წელს ვადა გადიოდა იჯარის ხელშეკრულებას და ეს საკითხი, ავად თუ კარგად,  მაინც გადაწყდებოდა, შეძლო პროექტის შემუშავება, რატომ არ შეიძლება იგივე გავაკეთოთ ჩვენც და ჩვენს ქვეყანას მოვარგოთ? იცით თქვენ რომ ტეთჩერმა მოითხოვა იჯარის 30 წლით გაგრძელება? უარი რომ მიიღო შერეული მმართველობის იდეა წამოწია წინა პლანზე, ამაზედაც უარი მიიღო. ამის შემდეგ 1984 წელს მოხდა დეკლარაციაზე ხელის მოწერა, რომლის მიხედვით1997 წელს ჩინეთს ჰონკონგი დაუბრუნდებოდა, თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო  და ამ დროს დენ სიაოპინმა მიიღო გადაწყვეტილება, დავამშვიდოთ ჰონკონგელები და მივიღოთ ჰონკონგის კონსტიტუცია, რომელიც მათთვის იქნება მისაღები და ეს მოხდა 1990 წელს, გაერთიანებამდე 7 წლით ადრე. ეს იყო კონფლიქტის გადაჭრისათვის პირველი ნაბიჯი! სამი წელი იმუშავეს ჩინელებმა, ჰონკონგელებმა და ბრიტანელებმა ამ კონსტიტუციაზე, სპონტანურად არაფერი მომხდარა. პრობლემატური საკითხების გადაწყვეტა ძალიან საინტერესო ფორმით ხდებოდა.  ჯერ კიდევ 1984 წელს დეკლარაციის საფუძველზე შეიქმნა ბრიტანელების და ჩინელების მეკავშირეთა ჯგუფი, რომელიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობდა. ისინი ორივე მხარის პრობლემებს სწავლობდა და ეძებდა კომპრომისს. იყო საკითხები რომელიც ვერ რეგულირდებოდა და ამაში უკვე ბრიტანეთისა და ჩინეთის ხელისუფლება ერთვებოდა. მეკავშირეთა ჯგუფი გაერთიანებიდან სამი წელი კიდევ მუშაობდა და პროცესებს უკვირდებოდა.

ჩვენთან მთავარი პრობლემა არის რუსეთი. ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ შეიძლება ერთ დღეს რეგიონების საკითხი გახდეს რუსეთის ინტერესის სფერო? რუსეთს სერიოზული პრობლემები აქვს გადასაჭრელი, ყირიმის ფონზე აფხაზეთმა და ოსეთმა მეორე პლანზე გადმოინაცვლა. გარდა ამისა ჩრდილოეთ კავკასია არის დიდი პრობლება თავისი ფეთქებადსაშიში ატრიბუტიკით, არც შიგნით აქვს ყველა პრობლემა გადაწყვეტილი.  სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისკენ სწრაფვა დარწმუნებული ვარ მას მალე პრობლემად ექცევა და ისევ დასავლეთისკენ გაიხედავს. ჩვენ ხომ უნდა ვიყოთ იმისთვის მზად რომ ერთხელაც შეიძლება რუსეთი წამოვიდეს გარკვეულ მოლაპარაკებებზე, გარკვეულ პირობებზე? ჩვენ უნდა გვქონდეს მზად გარკვეული წინადადებები როგორც აფხაზებისთვის, ისე რუსებისთვის?

2

_ ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ მძაფრი რეაქცია იქნება დარწმუნებული ვარ…

_ მთელ მსოფლიოში მიპოვეთ თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც დამისაბუთებს, რომ აფხაზეთის კონფლიქტს ჩვენ რუსების გარეშე გადავჭრით. თუ იპოვის ვინმე ერთ ადამიანს, გავჩუმდები. მიუხედავად იმისა რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს გვიჭერს, მათ ძალიან კარგად იციან რომ ეს პრობლემა რუსების გარეშე არ გადაიჭრება არასდროს. რუსეთი ჯერ დუმს და არავითარ ნაბიჯებს არ დგამს, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება.

რომ არ ვთქვა არ შემიძლია. ამ ბოლო პერიოდში ,,რუსთავი 2“-ის გამო ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით დაბრალებისა და თავისმართლების მიზნით იმდენი ძალა, ენერგია და კიდევ ბევრი რამ დახარჯა პოზიციამ და ოპოზიციამ, საერთაშორისო თანამეგობრობამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა, რომ გული დამწყდა და ვიფიქრე ასეთი შემართებით, ასეთი ენერგიით კონფლიქტების დარეგულირების გზების ძიებისათვის იგივე რომ გაგვეკეთებინა

banner
წინა სტატიაში2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას საპარლამენტო უმცირესობა არ ესწრება
შემდეგი სტატიაწალკა–ნინოწმინდის გზაზე თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები პოლიციელებმა გამოიყვანეს