ჰერბერტ ზალბერი შესაძლოა, ჟენევის მოლაპარაკებებს ჩამოშორდეს

სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჰერბერტ ზალბერი შესაძლოა, ჟენევის მოლაპარაკებებს ჩამოშორდეს.გავრცელებული ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ევროკავშირს უკვე მიაწოდა ინფორმაცია ზალბერის ბიბილოვისთვის „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტად არჩევის მილოცვის შესახებ, რასაც, არ არის გამორიცხული, ზალბერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენება მოჰყვეს.

ამასთან, ქართულ მხარეს ამ შემთხვევაში არ აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება, თუმცა ევროკავშირის დეტალურად ინფორმირების შემდეგ შესაძლოა, ევროკავშირის მხრიდან სწორედ ზალბერის ჟენევის მოლაპარაკებებისგან ჩამოშორების საკითხი დადგეს.

ქართული მხარის ინფორმაციაში დეტალურად არის აღწერილი ზალბერის განცხადებები ცხინვალში, მითითებულია, თუ რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს მსგავს განცხადებებს.

გარდა ამისა, ზალბერი ამ დროისთვის სოხუმში იმყოფება და თბილისში დღეს ბრუნდება. მოსალოდნელია, რომ ქართულმა მხარემ თბილისში მასთან დაგეგმილი ყველა შეხვედრა გააუქმოს.

სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჰერბერტ ზალბერმა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერს ე.წ. არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ჰერბერტ ზალბერი ანატოლი ბიბილოვს ოკუპირებულ ცხინვალში გუშინ შეხვდა. შეხვედრის ვიდეოკადრები ადგილობრივმა სააგენტოებმა გაავრცელეს.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყებაში იმყოფებოდა საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი იანოს ჰერმანი. ჰერმანის თქმით, ევროკავშირის მკაფიო პოზიციაა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

იანოშ ჰერმანი დარწმუნებულია, რომ ამავე პოზიციას იზიარებს ჰერბერტ ზალბერიც, როგორც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, თუმცა ჰერმანის თქმით, უჭირს ზალბერის ნაცვლად საუბარი და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე თავად გააკეთებს განმარტებას.

წყარო: “საზოგადოებრივი მაუწყებელი”

banner
წინა სტატიაშიტრამპი ერდოღანისაგან დაპატიმრებული მღვდლის გადმოცემას ითხოვს
შემდეგი სტატიალაშა თორდია დღეს არასამთავრობოებს შეხვდება