გუშინ, კიდევ ერთხელ განმტკიცდა რწმენა, რომ “ქართული ოცნება” უმრავლესობით მოვა – გუგული მაღრაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გუგული მაღრაძის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყნის განვითარებისთვის გასული 4 წლის განმავლობაში ფუნდამენტი ჩაყარა.

მისი თქმით, პარტიის მიერ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას, კიდევ ერთხელ განუმტკიცდა რწმენა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” უმრავლესობით მოვა, ხოლო ოპოზიციური პარტიები ორნიშნა ციფრს ვერ გადალახავენ.

“გუშინ, მაჟორიტარების წარდგენისას კიდევ ერთხელ განმიმტკიცდა რწმენა, რომ “ქართულ ოცნებას” აქვს რეალური შანსები, უმრავლესობით მოვიდნენ საქართველოს პარლამენტში. ყველა მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც წარადგინეს, ფაქტობრივად, ასახავს მოსახლეობის ძირითადი ფენის ინტერესებს.

რაც შეეხება სპორტსმენებს და ხელოვანებს, ისინი მაჟორიტარ კანდიდატებად მარტო იმიტომ არ არიან წარმოდგენილი, რომ არიან სპორტსმენები და ხელოვანები, არამედ არიან ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე გამოხატავდნენ თავიანთ მოქალაქეობრივ პოზიციას და ამბობდნენ სიმართლეს.

4 წლის განმავლობაში, ჩავყარეთ ფუნდამენტი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ჯანდაცვა იყოს ეფექტური, რაც საჭიროა იმისთვის, რომ განათლება იყოს ხელმისაწვდომი და ა.შ. სწრაფი განვითარებისთვის ფუნდამენტი უკვე ჩაყრილია და საქართველოს მოსახლეობა ამას დაინახავს”,- აღნიშნა მაღრაძემ “პირველ პრესკლუბში”.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მთაწმინდის პარკში 15 აგვისტოს წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო – არ ვარ განწყობილი პოლიტიკურ პარტიებთან ჩოგბურთის სათამაშოდ
შემდეგი სტატია,,იმ პარტიებისგან, რომლებსაც რეიტინგი ნულს ქვემოთ აქვთ, საფრთხეს ვერ ვხედავ”