გურამ გირგვლიანი: ირინა იყო ის დედა, რომელმაც პირველმა დაიწყო ბრძოლა იმ ხელისუფლების წინააღმდეგ

სანდრო გირგვლიანის მამამ გურამ გირგვლიანმა, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მადლობა გადაუხადა, მისი გარდაცვლილი მეუღლის, ირინა ენუქიძის თამარ მეფის ორდენით დაჯილდოებისთვის.

გურამ გირგვლიანმა ასევე აღნიშნა, რომ განსაკუთრებული მადლობა თავად ირინა ენუქიძეს ეკუთვნის, რომელმაც პირველმა დაიწყო საქართველოს წინა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს იმ ორდენისთვის, რომელიც გადაეცა ჩემს მეუღლეს გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ალბათ პირველ რიგში მადლობა უნდა გადავუხადოთ ქალბატონ ირინას, რომელმაც პირველმა დაიწყო ბრძოლა იმ ხელისუფლების წინააღმდეგ, იმ უსამართლობისათვის, რაც ჩვენს ოჯახს დაატყდა. ყველამ იცით ეს ტრაგედია. ირინა იყო ის ადამიანი, დედა, რომელმაც პირველმა დაიწყო ბრძოლა იმ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც მოღვაწეობდა იმ 9 წლის განმავლობაში და რომელსაც უბედურებისა და სიკვდილის მეტი არაფერი შეუტანია ჩვენს ოჯახებში. ირინა საბედნიეროდ არ აღმოჩნდა მარტო და მას გვერდში დაუდგა ჯგუფი და დაიწყეს ბრძოლა იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც ასეთ სავალალო შედეგამდე მიგვიყვანა. ამ პატარა გუნდმა, რომლებიც დღეს აქ არიან, მასმედიამ, არსამთავრობოებმა, ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებიც ირინას გვერდით დაუდგნენ ბოლომდე, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სამართლიანობას ეზეიმა, რაც სამწუხაროდ, მაშინ ვერ მოხერხდა, რადგან მაშინდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სამართალს არ ეზეიმა. სამწუხაროდ, ირინამ სანდროს გარდაცვალების შემდეგ დიდხანს ვერ იცოცხლა, მაგრამ ეს ბრძოლა შემდეგ გაგრძელდა, მოხდა საზოგადოების გაერთიანება და შეიძლება ითქვას, რომ ამ საზოგადოებამ იმ დროისთვის შეუძლებელი შეძლო, რადგან ისეთი მონსტრი, როგორიც მაშინდელი ხელისუფლება იყო, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რომ სამართალი არ აღდგენილიყო, დაამარცხა“, – განაცხადა გურამ გირგვლიანმა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ კაპანაძე: “სილქნეტთან” გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები ჩემთვის უცნობია
შემდეგი სტატიაელისო კილაძის წინააღმდეგ სარჩელს ეკა ბესელიაც ამზადებს