გუკა რჩეულიშვილი პროკურორებს: ყველანაირად ვცადეთ, რომ 60 წლის ქალისთვის პირობა შეგექმნათ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია შოშიაშვილმა კომპანია „ცენტრ პოინტის“ საქმეზე მხარეთა შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.

ე.წ. ბათუმის მაგნოლიას საქმეზე დაკავებული გურამ (გუკა) რჩეულიშვილი პროცესზე სიტყვით გამოვიდა და კვლავ დედამისის, ამავე საქმეზე დაკავებულ მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის რთულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

გურამ რჩეულიშვილმა პროკურორებს მიმართა და ურჩია, აღნიშნულ საქმეს სიძულვილით არ მიუდგნენ.

„ყველანაირად ვცადეთ, რომ 60 წლის ქალისთვის პირობა შეგექმნათ. დაგეტოვებინათ საავადმყოფოში, სადაც მართლა კარგი პირობებია და არ დაგებრუნებინათ ციხეში, სადაც არსებული პირობები მის ავადმყოფობას და დღევანდელ მდგომარეობას უფრო გაუსაძლისს ხდის“, – განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, „ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდების მხარის მთავარი მოწმეები დაიკითხებიან. მაია რჩეულიშვილის ადვოკატის მარინა ცუცქირიძის განცხადებით, დღევანდელი სასამართლო სხდომა ბრალდებულის დასწრების გარეშე არ უნდა ჩატარდეს.

მისი თქმით, მაია რჩეულიშვილს მთავარი მოწმეების დაკითხვის პროცესზე დასწრება თავად სურს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დღევანდელ პროცესზე დასწრებას ვერ ახერხებს.

მაია რჩეულიშვილი თოდუას კლინიკიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ორი დღის წინ დააბრუნეს, მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე უარი განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი: ქართული პროდუქციის შეძენაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებაში პირადად ჩავერთვები
შემდეგი სტატიაპრემიერის დავალება დროული იყო, მოსახლეობის მხრიდან ამ საკითხზე წუხილი პერიოდულად ისმის