GRECO – რეკომენდაციების შესრულების კუთხით, საქართველომ ხელშესახებ პროგრესს ვერ მიაღწია

grecoრეკომენდაციების შესრულების კუთხით, საქართველომ ხელშესახებ პროგრესს ვერ მიაღწია, ვინაიდან ზოგიერთი რეკომენდაცია ნაწილობრივ შესრულდა – ამის შესახებ აღნიშნულია ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფო ჯგუფის (GRECO) მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ მეორე შესრულების ანგარიშში.

დოკუმენტი ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს. პირველი ეხება დანაშაულის მხილებისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების კუთხით არსებულ ვითარებას, ხოლო მეორე – პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით გაცემულ რეკომენდაციებს.

GRECO-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ დანაშაულის მხილებისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით გაცემული ხუთივე რეკომენდაცია დამაკმაყოფილებლად შეასრულა.

რაც ეხება პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, 3 დამაკმაყოფილებლად შესრულდა, ხოლო 7 – ნაწილობრივ.

„მეორე შესრულების ანგარიშის თანახმად, საქართველომ ვერ აჩვენა ხელშესახები პროგრესი, ვინაიდან 7 რეკომენდაცია, რომელიც პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობას ეხება, სრულად ჯერ კიდევ არ არის შესრულებული“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

GRECO ხაზს უსვამს, რომ ისინი უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ელოდებიან, ვინაიდან საქართველოს მთავრობის მტკიცებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია აუდიტის სამსახურთან ერთად მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე, კერძოდ, ცვლილებები უნდა განხორციელდეს საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში.

„GRECO ბიძგს აძლევს მთავრობას, რომ პროცესის დასაჩქარებლად ყველაფერი იღონოს, რათა რეკომენდაციების შესრულების კუთხით, ხელშესახები შედეგები იქნას მიღწეული და ნაწილობრივ შესრულებული რეკომენდაციები სრულად შესრულდეს“ – აღნიშნულია GRECO-ს ანგარიშში.

banner
წინა სტატიაში(video) “ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა არ არის მოსალოდნელი” – კახა კალაძე
შემდეგი სტატიალარი მცირედით გამყარდა