გონიოში ორი სამხედროს ძებნის ოპერაციას საქართველოს პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი გაეცნობიან

რატომ ემუქრება „ოცნება“ პრეზიდენტს „ვირის აბანოთი“

გონიოში ორი სამხედროს ძებნის ოპერაციას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გაეცნობიან.

აჭარაში გაემგზავრა გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძეც.

ისინი პირადად გაეცნობიან საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობასა და გამოძიების დეტალებს. დაგეგმილია შეხვედრა სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილე პირად შემადგენლობასთან.

ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე ლევან იზორია ქართველი სამხედროების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში დახმარების გასაწევად თურქულ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რომლის დასრულების შემდეგადაც, საქმის ადგილზე გასაცნობად, მინისტრი დაუყოვნებლივ გაემგზავრა.

სამაშველო ღონისძიებებში თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სამსახური უკვე ჩაერთო.

შავ ზღვაში სპეციალური ოპერაციების ძალების ორი ქართველი სამხედროს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები კვლავ გრძელდება. სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამაშველო ღონისძიებებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენიც მონაწილეობს, რომელიც შესაბამისი სამაშველო შესაძლებლობებითაა აღჭურვილი.

ადგილზე იმყოფება სამხედრო პოლიციისა და გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა. საქართველოს მთავრობის თხოვნის საფუძველზე, აშშ-ს მთავრობამ დაავალა აშშ-ს ევროპულ სარდლობას, რომ სპეციალური დანიშნულების ძალებმა მიიღონ ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობა.

გუშინ სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ შავ ზღვაზე გეგმიური საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლების დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ვერ შეძლო ზღვის ზედაპირზე ამოსვლა. მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე დაუდგენელია. სამხედროების გაუჩინარებისთანავე დაუყონებლივ დაიწყო სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები, რომელსაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ასევე სპეციალური დანიშნულების ადგილობრივი დანაყოფი, საქართველოს შსს-ს შესაბამის დანაყოფებთან ერთად, ახორციელებენ.

მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით.

banner
წინა სტატიაში,, ყოჩაღ ირაკლი, აფერუმ, რა დიდი აზროვნება გქონია”
შემდეგი სტატიაბურჭულაძის თბილისის შტაბის უფროსი გუნდთან ერთად პარტიას ტოვებს