გოგი თათუხაშვილი: ოქრუაშვილი და ნიკოლეიშვილი ოსების მძინარე პოსტს გამთენიისას დაადგნენ და ბრძოლა დაიწყეს!

 

 

როგორ დაატყვევეს ქართველი მებრძოლები _ გენერალი 2004 წლის აგვისტოს სისხლიანი მოვლენების უცნობ დეტალებს ასაჯაროებს

 

რა მოხდა 2004 წლის აგვისტოში ცხინვალის მისადგომებთან და როგორ დაატყვევეს ქართველი პოლიციელები? _ ეს ნაციონალების ცხრაწლიანი მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე ბურუსით მოცული საიდუმლოა. ყოველ შემთხვევაში, აგვისტოს ხუთდღიანი ომის ფონზე, ამ ტრაგიკულ ინციდენტს არცთუ ხშირად იხსენებენ. არადა, ყველაფერი თავის დროზე რომ გარკვეულიყო, 2008-ში შესაძლოა, სისხლი აღარც დაღვრილიყო, თუმცა ეს მხოლოდ თეორიული მსჯელობაა. ვუშვებ ალბათობას, რომ ვინმემ შინაგანი ჯარის ყოფილი სარდლისა და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი ხელმძღვანელის მონათხრობიც `თეორიულ მსჯელობად~ მონათლოს, მაგრამ გენერალი გოგი თათუხაშვილი 2004 წლის აგვისტოს ფატალურ მოვლენებს დეტალურად იხსენებს და ცეცხლის გახსნაზე პასუხისმგებლობასაც იღებს.

ისე, მართალია, გენერალი პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ პირადად მე, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ქართველების ტყვედ აყვანა რაღაცნაირად თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის კისერზეა(!), თუმცა ჩემს სუბიექტურ შეფასებას თავს არ მოგახვევთ და გირჩევთ, ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნის წინამდებარე ინტერვიუ გულდასმით წაიკითხოთ. სხვათა შორის, გოგი თათუხაშვილმა, რომელიც რამდენიმე წელია, ემიგრაციაში იმყოფება და რომლის ინტერვიუების ციკლსაც `ვერსია~ თითქმის ორი თვეა, აქვეყნებს, ჩვენი უახლესი წარსულიდან არაერთი ისეთი ფაქტი და მოვლენა გაიხსენა, რომლის თაობაზეც ფართო საზოგადოებამ დღემდე არაფერი იცოდა…

_ 2004 წელს, როცა ცხინვალზე იერიში განხორციელდა, შინაგანი ჯარის სარდალი იყავით. მართალია, მაშინ ყველაფერი ეს ფართომასშტაბიან ბრძოლაში არ გადაიზარდა, მაგრამ ბევრი დაიღუპა, ბევრიც დაატყვევეს. დაჩოქილი ქართველი მებრძოლებიც გვახსოვს… ზოგი ამბობს, ეს „ვარდების ხელისუფლების“ პროვოკაცია იყოო… მეტყვით, ბატონო გოგი, რეალურად, რა მოხდა?
_ სამაჩაბლოში კონფლიქტი პრეზიდენტის გეგმებში არ შედიოდა. იმხანად უკვე იყო ჩატარებული დიდი სამუშაო, რათა სამაჩაბლოშიც აჭარის მსგავსი მშვიდობიანი ოპერაცია განხორციელებულიყო, მაგრამ პრეზიდენტს გორიდან მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გენერალი ნაბზდოროვი ქართულ საგუშაგოებზე თავდასხმას აპირებდა.
_ ეს ინფორმაცია სააკაშვილს ვინ მიაწოდა?
_ ვინ და, სუხიტაშვილმა, ქარელმა და ოქრუაშვილმა. სწორედ ამის შემდეგ მივიღე ბრძანება, რომ შინაგან ჯარს კონფლიქტის ზონაში არსებული პოლიციის საგუშაგოები დაეცვა. ჩვენი გამოჩენით გაკვირვებული ქართული ორიენტაციის ოსები ცხინვალიდან ჩემთან იმის გასაგებად მოვიდნენ, თუ რა ხდებოდა. ვუთხარი, გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაბზდოროვს ჩვენი პოლიციის საგუშაგოებზე უნდა თავდასხმა-მეთქი. დახმარება შემომთავაზეს. მივუგე, ნაბზდოროვს მე მივხედავ, თქვენ კი უფრო დიდი საქმისთვის ხართ საჭირონი- მეთქი.
სწორედ ამ მიზეზით მომიწია სამაჩაბლოში დაბრუნება, ისევ შინაგან ჯართან ერთად, ოღონდ ახლა _ სარდლის სტატუსით. საშინელი სურათი დამხვდა _ სამშვიდობო ბატალიონი, ხუთასის ნაცვლად, ას კაცს ძლივს ითვლიდა. არც ტრანსპორტი ჰქონდა, არც _ შეიარაღება-ამუნიცია, ხელფასიც გაყინული იყო… მეტიც, 1992 წელს მოწყობილი სამშვიდობოთა პოსტები _ ვანათი, ნული და სხვა სტრატეგიული ადგილები, რომელთა ნაწილი პირადად ჩემი ინიციატივით იყო გაკეთებული, გაყიდული იყო.
_ რას ჰქვია, სამშვიდობოთა პოსტები გაყიდული იყო?
_ ორიოდ სიტყვით ვიტყვი: 1992 წელს, ოთხმხრივი ხელშეკრულების თანახმად, სამშვიდობო ზონაში ქართულ სამშვიდობო ძალებს დისლოკაციის მხოლოდ სამი ადგილი _ ვანათი, ნიქოზი და დირბი მიეცათ, რაც გავაპროტესტე და ვთქვი, უსამართლობაა, ქართულ მხარეს დისლოკაციის მხოლოდ სამი ადგილი ჰქონდეს, ოსებს კი _ სტრატეგიულად გათვლილი ადგილები-მეთქი. ჩვენსკენ კეხვი-თამარაშენისა და ზნაურის მიმართულება დაუცველი რჩებოდა. საბოლოოდ, იმას მივაღწიე, რომ სამშვიდობო ძალების სარდლობამ კეხვი-თამარაშენის ზონის დაცვაც ჩვენ გვანდო (მეთაური კაპიტანი გიორგი მაღალდაძე). სოფელ ნულზე თავდასხმის შემდეგ კი, როცა სოფლის დაცვა ოპერატიულად შევძელით და ოსები გავაქციეთ, სოფელი ნულიც დავიმატე, სადაც კაპიტან ვეფხია ბიჩინაშვილის ოცეული ჩადგა. სხვათა შორის, ვეფხია 1992 წელს გმირულად დაიღუპა. მის შემდეგ კი ოცეულს ლეიტენანტი ვაჟა ძამანაშვილი მეთაურობდა. ასევე, მივაღწიე, რომ მაიორ ბესარიონ აფციაურის მეთაურობით, სოფლები _ ატოცი და კნოლევი დაგვეცვა. ამ მიმართულებაზე, კერძოდ, აბანოთუბანში ოცეული დავაყენეთ, რომელსაც კაპიტანი ვალერი კაკაურიძე ხელმძღვანელობდა. ზნაურის ზემოთა სოფლების დაცვის უფლებაც ვითხოვე, მაგრამ არ მომცეს. ასევე, ,,ვიჭიდავე~ გრომზე, რადგან გრომის ზემოთ ქართული სოფლები იყო, მაგრამ არ გამომივიდა.
ამასთან, დავასაბუთე და მოვითხოვე, არწევში (ლეიტენანტი გიორგი დემეტრაშვილი), მეჯვრისხევში (ლეიტენანტი იოსებ ბახუტაშვილი) და თლიაყანაში (კაპიტანი გოჩა ჩოკოშვილი, მოკლულია რუსული სპეცსამსახურების მიერ) ჩვენი ოცეულების განლაგების საჭიროება და დავდექით.
_ ბატონო გოგი, 2004 წლის ე.წ. ცხინვალის შტურმზე გკითხეთ, თუმცა სიტყვას მგონი, ბანზე მიგდებთ…
_ რაც შეეხება 2004 წელს, სხვა საგუშაგოების მსგვასად, ვანათის საგუშაგოც გაყიდული დამხვდა ანუ იქ სამშვიდობო ძალები აღარ იდგნენ და, შესაბამისად, სოფელი და წყალსაცავიც დაუცველი იყო. ამიტომაც დაცვის პოლიციის ოცეული ჩავაყენეთ, რომელიც შემდეგ დაატყვევეს.
_ ამ ოცეულს რა ევალებოდა?
_ რა და, ობიექტების, კონკრეტულად, სოფელ ვანათთან წყალსაცავის დაცვა. ე.წ. დამსვენებელი ჯგუფი იქვე, სოფელ ვანათში მდებარე სახლში რჩებოდა.
ვანო, ერთ დეტალსაც აგიხსნით: 2004 წელს, როცა შინაგანი ჯარის სარდალი ვიყავი, ჯარისკაცები, ოფიცრები და საერთოდ, მთელი დანაყოფები შინაგან ჯარში გადმოყვანას ითხოვდნენ. ერთხელ, მიშამაც მითხრა, რომ მესაზღვრეების სპეცრაზმი მთლიანად ჩემს დაქვემდებარებაში გადმოსვლას ითხოვდა. ანალოგიური სიტუაცია იყო დაცვის პოლიციაშიც. მოკლედ, გადაწყდა და ეს ტრადიცია ჩემს შემდეგაც გაგრძელდა ანუ დაცვის პოლიციის შენაერთები შტატობრივად ადგილზე რჩებოდნენ, თუმცა სპეცმომზადებას შინაგან ჯარში გადიოდნენ (შინაგანი ჯარის დაშლის შემდეგ, მომზადებას დღემდე მის მემკვიდრე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში გადიან). სწორედ ასეთი ახლადდანიშნულთა დანაყოფი იყო ის ოცეული, რომელიც ტყვედ აიყვანეს. ოცეულის წევრებს ფორმები და საბუთებიც შესაბამისი ჰქონდათ.
_ მაღალი ანაზღაურება იყო და ოფიცრები შინაგან ჯარში გადმოსვლას ამიტომ ითხოვდნენ?
_ ძალოვან სტრუქტურებიდან ყველაზე დაბალი ანაზღაურება შინაგან ჯარში იყო და ეს უსამართლობა ოდნავ მაინც რომ დამებალანსებია, ღმერთმა შანსი მომცა და არ გამომეყენებია?
_ ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ?
_ აგიხსნით: ერთხელ მინისტრებთან ერთად, იუსტიციის სამინისტროში საინფორმაციო თათბირზე აღმოვჩნდი, რომელსაც კოტე კუბლაშვილი და დავით დარჩიაშვილი ატარებდნენ. გასაცნობად გადმოგვცეს განკარგულების პროექტი. საკითხი პრემიებს და სახელფასო დანამატებს შეეხებოდა. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ გათვლა, დაახლოებით, ასეთი იყო: პრემიერ-მინისტრს 1 400 დოლარი უნდა ჰქონდა, მინისტრებს ოდნავ ნაკლები _ 1 300, მე _ 1000 თუ 1100. სხვათა შორის, რადგან ჩემი პრემია ყველაზე დაბალი იყო, ბოლოში ვეწერე. ასევე, მითითებული იყო გარკვეული თანხა, რომელიც ჩვენს უწყებებში, ორას თანამშრომელზე 500-500 დოლარის ოდენობით თავად უნდა გაგვენაწილებია. ყველას რეაქცია გასაგები იყო, მათ შორის, ჩემიც… შემდეგ, მინისტრებს ანუ სათითაოდ, რანგის მიხედვით შეეკითხნენ, რაიმე პრეტენზია, ან სურვილი ხომ არ ჰქონდათ. ყველა კმაყოფილი იყო _ განკარგულებას ხელი მოაწერა და მადლობა გადაიხადა. ბოლოს, ჩემი ჯერიც დადგა. ავდექი და ვთქვი, რას აკეთებთ, ეს რა არის? _ ამხელა ჯარში ორასი კაცი როგორ ამოვარჩიო? ზოგ სამინისტროში ორასი თანამშრომელი საერთოდ არაა. ჩემს პრემიაზე ხომ არ გეუბნებით, ყველაზე დაბალი რატომაა, ჩემი ხალხის პრემიაზე გელაპარაკებით-მეთქი. თურმე, თათბირის ორგანიზატორებს მსგავსი პრეტენზია გათვალისწინებული ჰქონდათ, აი, ხომ ვიცოდით, რომ ვინმე მაინც დარჩებოდა უკმაყოფილოო. მოკლედ, ასეთი შემთხვევისთვის სოლიდური რეზერვი ჰქონიათ და მითხრეს, ამ რეზერვს მოგცემთ და განკაგულებას ხელი მოაწერეო.
_ მოაწერეთ?
_ ცხადია, მოვაწერე. დაინტერესდნენ სხვა პრობლემებიც ხომ არ გაქვთო? ვიკითხე, შეიძლება, ეს თანხა მთელ ჯარზე გადავანაწილო და არა _ მხოლოდ სამეთაურო ნაწილზე-მეთქი? მომიგეს, როგორც საჭიროდ ჩათვლით, თქვენი გადასაწყვეტიაო. გნიასი ატყდა _ მსგავსი დანამატი ყველას უნდოდა. მაშინ ვთქვი: ერთი წუთის წინ, კითხვა დაგისვეს, ყველანი კმაყოფილები იყავით და ხელიც მოაწერეთ. ჰოდა, ახლა რაღატომ აღარ ხართ კმაყოფილნი-მეთქი?! მოკლედ, ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. ჩემი მინისტრი ნახევრად მეხუმრა, ნახევარი მე მომეცი, ავტოინსპექცია ისე მრჩებაო, მაგრამ მაგრად დავუდექი, ჩემს ჯარისკაცს ვერ წავართმევ და სხვას ვერ მივცემ-მეთქი. ბოლოს, შევთანხმდით, რომ პირველ თვეს დავეხმარებოდი.
ამავდროულად იმაზეც ვმუშაობდი, რომ გაყინული ხელფასები გაგვეცა. რამდენჯერმე, ეტიკეტის ფარგლებში, თხოვნით მივმართე ფინანსთა მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს, რომელმაც თავაზიანი უარი მითხრა. ჰოდა, ერთხელაც, მიშას მისაღებში გამოვიჭირე _ პრეზიდენტთან იყო დაბარებული. ხულიგნურად გადავუდექი და განვუცხადე, გაყინული ხელფასები მომეცი, თორემ პრეზიდენტთან არ შეგიშვებ-მეთქი. სანამ ,,ბლოკადაში~ მყავდა, მიშამ სამჯერ დაურეკა. რაღას იზამდა? _ დამთანხმდა. რა თქმა უნდა, მადლობა გადავუხადე.
ზურგის დარგში მოადგილედ უსაზღვროდ პუნქტუალური თანამშრომელი, პოლკოვნიკი თემურ კუხიანიძე დამხვდა, რომელიც ყველაფერ ამით გაოცდა. ერთ რამედ ღირდა საფინანსოს უფროსის, თავისი საქმის პროფესიონალის, პოლკოვნიკ ლიოვა ნაზარიანის გაოცებაც (ლიოვაც აღნიშნულ თანამდებობაზე დამხვდა), როცა ვუთხარი, წლობით გაყინულ ხელფასს გავცემთ და გრაფიკები გაამზადე-მეთქი. საიდან, ბატონო გენერალოო? _ ჩამეკითხა. მოკლედ, გავახარეთ შინაგანი ჯარის როგორც მოქმედი, ასევე პენსიაში გასული თანამშრომლები. აქვე, მინდა შინაგანი ჯარის საფინანსო სამსახურის თანამშრომლებს _ ლიოვა ნაზარიანს, გულნარა გაზაშვილს, ნარგიზა ქაფიანიძეს, ნელი დარისპანაშვილსა და ირმა ბახტაძეს მადლობა გადავუხადო ერთგული სამსახურისთვის. ასევე, მადლობა სარევიზიო ჯგუფს _ თამაზ გიორგაძესა და შალვა ბერიძეს, პოლკოვნიკ რეზო ბარამიძის ხელმძღვანელობით. ერთობლივი მუშაობისას მათგან დაღალატების ერთი ფაქტიც არ ყოფილა. პირიქით, შინაგანი ჯარის ,,ექსპრომტად~ დაშლის შემდეგ, ყველა ანგარიშის უმწიკვლოდ გადასაბარებლად რვა თვე უხელფასოდ და უანგაროდ იმუშავეს!
_ და მაინც, რა მოხდა 2004 წელს სამაჩაბლოში?
_ ჯავშანტექნიკით შეიარაღებული თავდამსხმელების დანაყოფი, რუსული სამშვიდობო ძალების საგუშაგოს გავლით ანუ შეთანხმებით, ქართულ სოფელში შევიდა და პოლიციელები უკანონოდ დააპატიმრა. ეს, რასაკვირველია, `ფსბ~-ს დაგეგმილი ოპერაცია იყო, რომლის მთავარი შემსრულებელიც დმენისის პოლიციის უფროსი ბიბილოვი გახლდათ _ ,,უბედური შემთხვევით~, ტუალეტში აფეთქდა, მისი ხსოვნა იყოს.
ჯარისკაცების თქმით, ღამით ტექნიკის ხმა გაიგონეს, მეთაური იმის გასარკვევად, თუ რა ხდებოდა, გარეთ გავიდა. უკან დაბრუნებულმა კი ბრძანება გასცა, რომ იარაღი ჩაებარებინათ და მანქანებში ჩამსხდარიყვნენ.
რუსული მედიის ცნობით, 50 პოლიციელი იყო. პრორუსული პრესა კი ამტკიცებს, რომ 60 პოლიციელი იყო. რეალურად, ეს ერთი საშტატო ოცეული გახლდათ.
დაზვერვის ინფორმაციით, მეთაურ სურმავას (ყოფილი სურმაევი) მამას და დმენისის პოლიციის უფროს ბიბილოვს საერთო ბიზნესი ჰქონდათ. ბიბილოვი ე.წ. სურმავას ხშირად ხვდებოდა. ამოცანა და მომხდარი გასაგებია…
ისე, 1992 წელს, ანალოგიურ შემთხვევა მეც მქონდა: ხეთაგუროვო-ნული-ავნევის გადასახვევთან, ღამე, მოწინააღმდეგის მხრიდან მძიმე ტექნიკის ხმა გავიგონეთ, რომელიც თანდათან გვიახლოვდებოდა. მივიღე გადაწყვეტილება _ მეომრები პოზიციებზე განვალაგე და გავაფრთხილე, თუ ჩხუბი და სროლა დავიწყე ან დავწექი, მოწინააღმდეგეს მაშინვე ანადგურებთ-მეთქი. მოსულებს მარტო შევხდი, რუსები აღმოჩნდნენ, ვილაპარაკეთ და წავიდნენ.
ასევე, 1992 წელს, ჩემი ასეული განლაგებული იყო დირბის სატყეო ზოლში. მე ზემო ნიქოზში მდებარე შტაბში ვიყავი გასული. ახალი ჩამდგარი ვართ, ჩვენი შეიარაღება მხოლოდ ავტომატებია ორ-ორი მჭიდით. ტერიტორია წინასწარ შეძლებისდაგვარად გავამაგრეთ. როგორც მითხრეს, ჩვენი ბაზისკენ ოსური მძიმე ტექნიკა წამოვიდა, მაგრამ ჩვენმა ჯარისკაცებმა ,,მოლოტოვის კოქტეილებით~ კუდით ქვა ასროლინეს. ხომ გაიგიათ, ზოგი ჭირი მარგებელიაო და მშინვე ,,ვეცი~ სამშვიდობო ძალების სარდალს, გენერალ-პოლკოვნიკ ფილატოვს. ვიჩხუბეთ, საბოლოოდ, ოსური მხარე დასაჯა, ჩვენ კი ტანკსაწინააღმდეგო ,,სპგ-9~ და სამი ყუმბარმტყორცნი გვაჩუქა.
რაც შეეხება ტყვედ ჩავარდნას, დაჩოქებას და ამ თემის აჟიტირებას, ყველა სამხედრომ იცის, როცა ტყვედ ვარდება, ყველაზე მინიმალური ხელების აწევა, დაჩოქება და მიწაზე დაწოლაა (სხვა საშინელებებზე აღარ ვილაპარაკებ, შეიძლება, სიკვდილიც სანატრელი გახდეს). ამისთვის ყველა მზად უნდა იყოს. ამიტომაც, თუ შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ჯობია, ბოლომდე იბრძოლო და გმირულად დაიღუპო, ვიდრე ტყვედ ჩაბარდე. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ, მაგრამ ყველა თავის გადაწყვეტილებასა და სიცოცხლეზე თავადაა პასუხისმგებელი.
მეთაურზეც, ცხადია, ბევრია დამოკიდებული. სხვათა შირის, აფხაზეთში ბევრს და, მათ შორის, მეც მომსვლია კონფლიქტი თბილისიდან დანიშნულ წყალ-წყალა მეთაურებთან. არაერთხელ გვითქვამს, მეთაური აღარ ხარ და შენთვის იყავი. მეთაური ის იქნება, ვისაც ავტორიტეტი აქვს და გადაწყვეტილების მიღება შეუძლიაო.
_ ამით რისი თქმა გინდათ, გოგი ბატონო?
_ 2004-ში, ერედვი-თამარაშენის შემოვლით გზაზე, რომელსაც პირველი ბრიგადის ერთ-ერთი ასეული იცავდა, ღამით თავდასხმა მოხდა. მეთაურობა საკუთარ თავზე ოცმეთაურმა, ლეიტენანტმა თამაზ ყალიჩავამ აიღო და ასეულმაც სწორედ მისი ხელმძღვანელობით საკმაოდ სერიოზული შეტევა უდანაკარგოდ მოიგერია. მაშინვე დავნიშნე ასმეთაურად, წოდებაც მივანიჭე და ,,გორგასლითაც~ დაჯილდოვდა… გორის სამხარეო პოლიციის მაშინდელმა უფროსმა, ალეკო სუხიტაშვილმა მეორე დილით მოიყვანა ტელევიზიები და ადგილიდან ,,ჰეროიკულ-საგმირო~ ინტერვიუ მისცა, თუ როგორ ,,მოიგერია~ შეტევა…
მსგავსი ვითარება შეიქმნა 2008 წელსაც, კოდორში, სადაც ჩემი შუათანა ვაჟი, ლეიტენანტი, ოცმეთაური მიხეილ თათუხაშვილი თავის ოცეულთან ერთად იმყოფებოდა. მიხეილმა დამირეკა და მითხრა, ორი-სამი დღის ჩასულები ღია ადგილზე დაგვაყენეს და როგორც კი დაბომბვა დაიწყო, აქაური მეთაურები `ბუნკერში~ დაიმალნენ. არც ამოცანა გვაქვს, არც _ ტყვია-წამალი, არც _ საჭმელი… ასე მხოლოდ მე და ჩემი ოცეული კი არ ვართ, სხვადასხვა დანაყოფიდანაც გვიერთდებიან. ვერ გებულობენ, რა ხდება და რა გააკეთონ. შენთან ნაომარი ვეტერანებიც ჩემთან არიან და მითხარი, რა ვქნათო? ვუთხარი, შვილო, შანსი მოგეცა, გვერდით ვაჟკაცები გიდგანან და თვალებში გიყურებენ, წინიდან რუსი მოდის, ზურგიდან `ბუნკერია~, სადაც არაფრის გადამწყვეტი და გამკეთებელი ხელმძღვანელობაა. ასეთი შემთხვევა ბევრჯერ მქონია. შევარდით, განაიარაღეთ მეთაურობა, პასუხისმგებლობა და მეთაურობა შენს თავზე აიღე-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა, მაგათ თბილისში გავუსწორდებიო… დანარჩენი, ყველამ იცის, როგორ მოხდა. ისე, 2008 წლის მოვლენებზე მერე ვისაუბროთ…
მოკლედ, 2004-ში, ოპერატიული ინფორმაციით, ამოღებული იქნა დიდძალი შეიარაღება, რომელიც საქართველოში, ცხადია, არაოფიციალურად შემოდიოდა. ვანო მერაბიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი შემთხვევის ადგილიდან პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებდნენ. ხმა გავარდა, ნაბზდოროვი ტექნიკით მოდისო. პოლიტიკოსები იქაურობას გაერიდნენ, მე კი მიბრძანეს, რომ ნაბზდოროვს დავხვედროდი და დავლაპარაკებოდი. რამდენიმე წუთში ჯავშანტექნიკისგან შემდგარი რუსული კოლონაც გამოჩნდა. ნაბზდოროვი მანქანიდან გადმოვიდა და ინტერვიუების მიცემა დაიწყო. მახსობს, ინტერვიუს მეც რომელიღაც რუსულ არხს ვაძლევდი. ნაბზდოროვმა ისე ჩამიარა, რომ არც მომესალმა. არც მე მივესალმე, რადგან უკვე სამვარსკვლავიანი გენერალი ვიყავი, ის კი _ ორი. გვერდიგვერდ მივდივართ ანუ იმ ოთახისკენ მივემართებით, სადაც სალაპარაკოდ უნდა დავსხდეთ. თავის ოფიცრებს განკარგულება მისცა, რომ მოლაპარაკებას კიდევ სამი ოფიცერი დასწრებოდა. მახსოვს, ერთ-ერთი პოლკოვნიკი პრიახინი იყო. ანალოგიური ბრძანება მეც გავეცი, რომ ჩემი მოადგილე, გენერალი ვლადიმერ იმნაძე და სამშვიდობო ძალების მაშინდელი მაღალჩინოსნები, პოლკოვნიკები _ გივი გუგუციძე და მიხეილ ქებაძე მოსულიყვნენ. ნაბზდოროვი გზადაგზა ტელეფონით განკარგულებას გასცემდა, რომ მაგალითად, სატანკო შენაერთი მზადყოფნაში მოეყვანათ და ა.შ. როგორც იქნა, ტელეფონი გათიშა. ერთდროულად დავსხედით. ამდენი რამის ჩაყლაპვა შეუძლებელი იყო. ახლა მე ,,დავქოქე~ მობილური _ ყველა დანაყოფს, რაც მყავდა და არ მყავდა, მივეცი ბრძანება, რომ საბრძოლო მზადყოფნაზე გადასულიყო. ტელეფონი რომ გავთიშე, წამოვდექი, ნაბზდოროვთან ძალიან ახლოს მივედი და კბილებში გამოვუცერი : ,,Сука, я сейчась авиацию подниму и пережгу вас на х… й!~ მომიგო: ,,Гоги, садись ну, хоть и мы с тобой всё время ругаемся, мне с тобой всегда прятно говорить !~
ბოლოს და ბოლოს, ვისაუბრეთ. ამტკიცებდა, ეს კოლონა რუსეთის სამშვიდობო მისიის ჰუმანიტარული ტვირთია და საქართველოს მხარეს უფლება არ ჰქონდა, არათუ გაეჩხრიკა და დაეპატიმრებია, არამედ, გაეჩერებინაო. საუბარი ისევ დაიძაბა. ვუთხარი, იმ ბიჭუნას ვგავარ, რომელსაც თქვენი სამშვიდობო მისიისა სჯერა?! ეს უკვე მოძველებული ილეთია, აფხაზეთში მოიტყუეთ და ჰუმანიტარული ტვირთის ეგიდით, ტყვარჩელში შეიარაღებით სავსე კოლონა შეიყვანეთ-მეთქი. მირჩია, მოდი, დავმშვიდდეთ, ასეთი არაფერი გამიგიაო. კი ბატონო, დავმშვიდდეთ, მაგრამ გვერდით `ფსბ~-ს პოლკოვნიკი პრიახინი გიზის და მაგას შეეკითხე _ მაშინაც ეგ მონაწილეობდა და ახლაც კოლონა მან მოამზადა-მეთქი. ასევე, ვუთხარი, რომ 1992 წლის ხელშეკრულების თანახმად, ეს შეიარაღება არ უნდა შემოსულიყო კონფლიქტის ზონაში და პირიქით, თუ სადმე შემორჩენილი იყო, უნდა გასულიყო. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვარ, სახეზე კანონის დარღვევაა, ამ მასალებს და ნივთმტკიცებას _ ამოღებულ საბრძოლო მასალას საგამოძიებო ორგანოებს გადავცემ და ექსპერტიზამ დაამტკიცოს, ეს საბრძოლო მასალაა თუ ჯართი. იქნებ, სალაპარაკოდაც არ ღირს. ამ ეტაპზე საქართველოს კანონის დარღვევა სახეზეა და დანარჩენი ჩვენმა ზემდგომმა პოლიტიკურმა პირებმა გადაწყვიტონ, ჩვენ რატომ ვკამათობთ-მეთქი?
საბოლოოდ, შევთანხმდით, რომ სანამ პოლიტიკოსები მოილაპარაკებდნენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ, იარაღით დატვირთულ კოლონას ჩემს მთავარ სამმართველოში დავაყენებდი. ასე დავცილდით.
ნაბზდოროვი უბრალო სამხედრო გენერალი იყო. იმ შეხვედრაზე არა, მაგრამ სხვა დროს მითხრა, შენზე ნაწყენი არ ვარო და ისიც ამიხსნა, რომ სანამ მთავრობა შეიცვლებოდა, მუდმივი წილი ჰქონდა. ახლა კი, ქართველები და ოსები ერთად სვამენ და ჭამენ, სანადიროდ დადიან, კონტრაბანდასაც ერთად აკეთებენ, მე კი საერთოდ ამომაგდეს წილიდანო, _ გამომიტყდა. შენ ხომ იცი, რომ ფინანსებთან კავშირი არ მაქვს?! _ ვუთხარი. კი, შენი ყველაფერი ვიციო, _ მომიგო და დასძინა, ყველაფერი ეს ძალიან ცუდად დამთავრდებაო. ასევე, აღიარა, ამ მოვლენებზე გაბრაზებულმა ვთქვი, რომ პოლიციის პოსტებს ავიღებ და იქ ჩემებს დავაყენებ, მაგრამ ეს მხოლოდ ქართულ პოსტებზე არ მითქვამსო. ამით ნაწილობრივ დაადასტურა მიშა ქარელისგან მთავრობამდე მოტანილი ინფორმაცია, რის შემდეგაც პოლიციის საგუშაგოების დაცვა შინაგან ჯარს დაევალა.
მოკლედ, ვიმეორებ: ეს დაცვა იყო და არა _ ცხინვალზე შეტევა.
2004 წელს, ყველაზე დიდი შეტაკება, რეალურად, აგვისტოში, გამთენიისას მოხდა. წვერიახოს ოპერაციამდე ორი დღით ადრე, ოქრუაშვილი და ნიკოლეიშვილი ჩემთან მოვიდნენ _ ოსების პოზიციები აინტერესებდათ. მდგომარეობა დაახლოებით და მოკლედ აღვუწერე. ისიც ვუთხარი, რომ იქ ჩემი დაზვერვა შეუმჩნევლად შედიოდა და გამოდიდა. სოფელ ერედვის გარშემო განლაგებულ ოსურ პოზიციებზე, ძირითადად, წვერიახოზეც ვისაუბრეთ…
ოქრუაშვილი და ნიკოლეიშვილი, გულუას სპეცრაზმელებთან ერთად, ოსების მძინარე პოსტს გამთენიისას დაადგნენ და ბრძოლა დაიწყეს… გაუჭირდათ. დახმარებისთვის გენშტაბის უფროსს, გენერალ გივი იუკურიძეს დაურეკეს, რომელმაც უარი უთხრა, რადგან წვერიახოზე თავდაცვის სამინისტროს ძალების ასვლა ომის დაწყებას ნიშნავდა, პრეზიდენტის ბრძანების გარეშე ჯარს ვერ დავძრავო. შემდეგ, ჩემს პირველ ოპერატიული ბრიგადის მეთაურს, პოლკოვნიკ როინ გიგიაძეს დაურეკა, რომლის რაზმიც კეხვი-თამარაშენის ძალიან საპასუხისმგებლო ზონაში იყო განლაგებული. გიგიაძემ მიუგო, მზადა ვარ, დაგეხმაროთ, თუ სარდალი მიბრძანებსო და დამირეკა. ცოტა ხანში ოქრუაშვილმაც დამირეკა და დახმარება მთხოვა. მათ გამოსაყვანად ჩემი სპეცდანიშნულების რაზმი გავუშვი. როგორც კი ჩემები ავიდნენ, ოქრუაშვილის ჯგუფმა პოზიციები დატოვა და თან ერთი პატარა ბიჭის გვამი წაიღო. ამასობაში, შეტაკების ზონისკენ ძალები ოსებმაც გადმოისროლეს. შინაგანი ჯარის მებრძოლები, პოლკოვნიკ გოჩა მაჭავარიანის ხელმძღვანელობით, მხოლოდ კი არ იბძროდნენ, არამედ, ნაალაფარ ორ ოსური ,,ბმპ~-საც არემონტებდნენ, რათა თან წამოეღოთ. საბოლოოდ, ერთის აეფეთქება მაინც მოუწიათ, მეორე კი ჩამოიყვანეს.
19 აგვისტოსათვის, პოზიციები შინაგან ჯარს კი არა, თავდაცვის სამინისტროს დანაყოფებს ეკავა. ოსურ-რუსულმა მხარემ მასიური დაბომბვა დაიწყო _ თითქმის ყოველ ორ საათში ორი-სამი მებრძოლი იღუპებოდა. მანამდე გვქონდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ იმ დღეს აპირებდნენ შეტევას. შუაღამისას, როცა დაბომბვა დაიწყეს, მაშინვე ვარიანში ჩავედი. ინაგანი ჯარის ბაზაზე შესვლისას თავდაცვის სამინისტროს პირველი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი კობა ლაჭყეპიანი შემხვდა, რომელმაც მდგომარეობა მომახსენა და დაამატა, მთელ ბატალიონს გამინადგურებენო. შევეკითხე, შენს უშუალო ხელმძღვანელობას თუ ელაპარაკე, ვინმეს დაუკავშირდი-მეთქი? მომიგო, გენშტაბის უფროსს ვურეკავ, მაგრამ არ მპასუხობსო. ვიცი, სადაცაა და რატომაც ვერ გპასუხობს-მეთქი. შემეკითხა, მაგის მოადგილეები გორში არიან, კაპანაძესაც ვურეკავ, მაგრამ ისიც არ მპასუხობს, ტელეფონი სხვა ზემდგომ მეთაურებსაც გათიშული აქვთ, ხელმძღვანელობასთან კავშირი არ მაქვსო. ამასობაში ვარიანი კი არა, გორი ზანზარებს. შინაგან ჯარში სრული მზადყოფნა გამოვაცხადე. რუსების სამშვიდობო ძალების შტაბში ჩვენს წარმომადგენელს, პოლკოვნიკ გივი გუგუციძეს დავუკავშირდი და მშვიდობიანი ნოტა გადავეცი. ასევე, ვიკითხე, თუ სად იყო გენერალი ნაბზდოროვი. მითხრა, ჩემს გვერდითააო. ახლავე უთხარი, სროლა ათ წუთში შეწყდეს, რადგამ ბევრია დაჭრილი და დაღუპული. თუ არადა, მეც გავცემ ბრძანებას, საპასუხო ცეცხლზე-მეთქი. ნაბდზოროვთან შეხვედრის მზადყოფნაც გამოვთქვი. გავიდა ათი წუთი. მითხრეს, სროლას ვერ ვწყვეტთ _ არტილერიასთან კავშირი არ გვაქვსო. დავურეკე და კიდევ სამი წუთი მივეცი. მხოლოდ ამის შემდეგ გავეცი ბრძანება, რომ შინაგანი ჯარის საარტილერიო შენაერთს საპასუხო ცეცხლი გაეხსნა და მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილები გაეუვნებელყო. დიახ, პირადად გადავწყვიტე და გავეცი ბრძანება, რათა თავდაცვის სამინისტროს ქართული ბატალიონი ჩახოცვას გადამერჩინა! ვისაც როგორც უნდა, ისე ჩათვალოს, სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი და ამ ქმედებაზე სრულ პასუხისმგებლობასაც ვიღებ!
რაც შეეხება კონფლიქტის ზონაში საპასუხო ცეცხლის კოორდინატებს, სანამ შინაგანი ჯარი იდგა, ყველა სამხედრო ობიექტისა და საცეცხლე წერტილის ზუსტი კოორდინატები გვქონდა. შინაგანი ჯარის გასვლის შემდეგ, როცა პოზიციები თავდაცვის სამინისტრომ დაიკავა, მე და გენერალი ემზარ ჭოჭუა გავდიოდით და ვიღებდით საცეცხლე წერტილების ზუსტ კოორდინატებს, გეგმას ვუკეთებდით კორექტირებას. სხვათა შორის, ყოველი გადასვლისას, ჩვენების მხრიდან ერთგვარი წინააღმდეგობა გვხვდებოდა, ვის გაუგია, ორი გენერალი, პატარა სადაზვერვო ჯგუფით, მტრის ზურგში დაზვერვაზე შედიოდესო? ზუსტად ასე იყო და ამიტომაც, საარტილერიო ცეცხლის შესახებ ჩემს მიერ გაცემულ ყველა ბრძანებაზე პასუხს პირადად ვაგებ.
ასევე, პასუხს ვაგებ ჩემი არტილერისტების პროფესიონალიზმსა და ზუსტ გასროლაზე, რადგანაც საარტილერიო შენაერთს თავისი საქმის ისეთი მეტრები ამზადებდნენ, როგორებიც გენერალი ემზარ ჭოჭუა, პოლკოვნიკი დიმიტრი რიაზანცევი და კაპიტანი ერეკლე ყულოშვილი (2008 წელს გმირულად დაიღუპა) იყვნენ.
საპასუხო ცეცხლის შემდეგ, ცხინვალიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ თვითონ აღარ ისოდნენ და სროლა მეც შემეწყვიტა.
_ დასთანხდმით?
_ მივუგე, სროლის უცაბედად შეწყვეტა ძნელია და უცებ ვერც თქვენ შეწყვეტთ. არტილერიასთან კავშირი გამიწყდა და როგორც კი აღვადგენთ, მაშინვე შევწყვეტ-მეთქი. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ უშუალოდ ჩემი ბრძანებით, შინაგანი ჯარის საარტილერიო შენაერთი, გენერალ ემზარ ჭოჭუას მეთაურობით, ესროდა მხოლოდ ჩვენს მიერ წინასწარ მონიშნულ საცეცხლე წერტილებს, მათ შორის, ცხინვალშიც. სხვათა შორის, ძალიან ზუსტი და უსაფრთხო სროლისთვის უცხოელი დამკვირვებლების შექებაც კი დავიმსახურეთ, ქართველებმა შესანიშნავი სროლა ისწავლეთო. გენერალი ემზარ ჭოჭუა, პოლკოვნიკები _ გივი გუგუციძე და კობა ლაჭყეპიანი ამ სიტყვებს ნებისმიერ დროს დაადასტურებენ.
მოკლედ, მძინარე ცხინვალში ქალებისა და ბავშვები დაბომბვაზე გავრცელებული მითი, მე არ მეხება.
ისე, ამ მითზე კიდევ ერთი მითი გამახსენდა, რომ თურმე, გოგი თათუხაშვილმა რუკები არ იცის და 2004-ში, თავდაცვის სამინისტროს პირველი ბრიგადის პოზიციები, სადაც 26 მებრძოლი დაიღუპა, შეცდომით დაბომბა. ეს ეპიზოდი ზუსტად ისე იყო, როგორც მოვყევი. დანარჩენზე რა გითხრათ, ჩემმა ,,კეთილისმსურველმა~ პრორუსმა ქართველებმა გენერალ ნეტკაჩოვის მიერ გავრცელებული ჭორები სიამოვნებით აიტაცეს და გაიმეორეს.
სხვათა შორის, ვანო, რომ იცოდეთ, ომამდე `ტანკისტი~ ნამდვილად არ ვყოფილვარ, მაგრამ ტოპოგრაფიული სასწავლებლის სამხედრო კათედრა ფრიადზე მაქვს დამთავრებული.
(გაგრძელება იქნება)

ვანო პავლიაშვილი

“ვერსია”

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ იემენში ალ-ქაიდას დაარტყა
შემდეგი სტატიარუსი ვიცე-პოლკოვნიკი სირიაში მოკლეს