მთავარი პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2011-2012 წლებში, პატიმართა წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ორი ყოფილი თანამშრომელი დამნაშავედ ცნო.
“2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში, პატიმართა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, ამავე დაწესებულების თანამშრომლების დ.ხ.-ს და ლ.ბ.-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებას და არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
ყოფილ თანამშრომლებს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით და 1 წლითა და 6 თვის ვადით ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება.
პატიმრების წამების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი თებერვალშიც დაადგინა.