გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა

ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საკითხი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა. ოპოზიონერი დეპუტატის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე „ბიბისი“ და „როიტერი“ წერს.

„ბიბისის“ რეპორტიორს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის კომენტარი მოჰყავს, რომლის განმარტებითაც, დაშავებულებს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ, თუმცა სისხლდენის გამო ერთ-ერთი მათგანი ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.

„თავად ფაქტი, რა თქმა უნდა, მიუღებელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აფეთქების ადგილთან ახლოს შემთხვევით მყოფი ადამიანები დაშავდნენ, რომლებიც თავისი საქმის გასაკეთებლად მიდიოდნენ,“- მოჰყავს დავით სერგეენკოს ციტატა რეპორტიორს.

„ბიბისი“ იმასაც აღნიშნავს, რომ გივი თარგამაძე 2013 წელს რუსეთში დაუსწრებლად დააპატიმრეს და ბრალად რუსეთში მასობრივი არეულობების დაფინანსება წაუყენეს.

რეპორტიორს ყურადღებიდან არც პრემიერ-მინისტრის კომენტარი გამორჩენია, რომელმაც განაცხადა, რომ ვერც ერთ დამნაშავეს ვერ გადაარჩენს იმუნიტეტი ან უცხო ქვეყნის მოქალაქეობა.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ კი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის წარმომადგენელზე თავდასხმა არჩევნებამდე სამი დღით ადრე მოხდა. სააგენტომ რამდენიმე დღის წინ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ოქრუაშვილზე თავდასხმის ფაქტიც გაიხსენა.

banner
წინა სტატიაში30 000 ლარის ქრთამი – “ოცნების” მაჟორიტარის საქმით შსს დაინტერესდა
შემდეგი სტატიაიანოშ ჰერმანი: ვგმობთ ძალადობის ყველა ფორმას