,,გისურვებთ, არასოდეს მოგიწიოთ თანამდებობის დატოვება ისეთი გულწრფელი აღიარებით, რომლითაც ღარიბაშვილი დაგვემშვიდობა”

მოსამართლე დავით ჯუღელზე პროკურატურაც ახდენდა ზეწოლას

გისურვებთ, არასოდეს მოგიწიოთ თანამდებობის დატოვება ისეთი გულწრფელი აღიარებით, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილი დაგვემშვიდობა, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელმა ნინო გოგუაძემ. სიტყვით გამოსვლის დროს გოგუაძემ კვირიკაშვილს ახალ თანამდებობაზე პრინციპულობა და გამბედაობა უსურვა. “ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა: “ჩემი ოცნება არის, იყო და ყოველთვის იქნება ძლიერი და ერთიანი საქართველო, ძლიერი, ეკონომიკურად წელში გამართული ქართველი ხალხით. ამიტომ მე დღეს ვტოვებ ამ თანამდებობას”. როგორც ხედავთ, პრემიერ მინისტრი დარწმუნდა, რომ ამ თანამდებობაზე მისი ყოფნა შეუთავსებელია მისივე ოცნებასთან, შეუთავსებელია ქვეყნის სიძლიერესა და ხალხის კეთილდღეობასთან. არ ვიცი, ამ დასკვნამდე როგორ მივიდა, მაგრამ როგორც იქნა მივიდა. ბატონო გიორგი, თქვენ უდავოდ ტაქტიანი, გაწონასწორებული ადამიანი ხართ. თქვენთვის უცხოა სიძულვილის ენა და, რაც მთავარია, საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივების სურვილი. მაგრამ ამავე დროს ქვეყანას განაგებს პოლიტიზებული სასამართლო და პროკურატურა, ეკონომიკურ კრიზისს ჯიუტად არ იმჩნევს აღმასრულებელი ხელისუფლება, პარლამენტი კი საზოგადოების მოთხოვნის მიუხედავად, არ ასრულებს თავისივე დადგენილებას, უარს ამბობს საგამოძიებო კომისიების შექმნაზე. ბატონო გიორგი, თქვენი წარდგენის დღეს სააპელაციო სასამართლოს მუდმივ წევრად დაინიშნა მოსამართლე მურუსიძე. ეს კი უაღრესად ავისმომასწავებელი ნიშანი შეიძლება იყოს. იმის ნიშანი, რომ წინასაარჩევნო წელს საბოლოოდ აღდგება მართვის სისტემა, რომლის წინააღმდეგ მრავალი ჩვენგანი იბრძოდა. სისტემა, რომელიც ხელყოფდა ადამიანის პრივატულ სივრცეს, სისტემა, რომელიც ზღუდავდა სიტყვის თავისუფლებას, სისტემა რომელიც უტიფრად და ცინიკურად მფარველობდა სანდრო გირგვლიანის მკვლელებს და მკვლელობის დამკვეთებს. ამ მფარველობაში არცთუ უმნიშვნელო როლი შეასრულა მოსამართლე მურუსიძემ. ამიტომ მის ხელში სასამართლოს დაბრუნება ნიშნავს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე არ დამთავრებულა, ის გრძელდება, თუმცა ერთი ხელისუფლება უკვე შეეიწირა. ბატონო გიორგი, თქვენ გაორმაგებული სიფხიზლე გმართებთ, რათა მურუსიძეების მიერ შექმნილი შინაარსის შესანიღბად არ გამოგიყენოთ ჩვენი ქვეყნის რომელიმე არაფორმალურმა თუ ფორმალურმა მმართველმა. ამ საფრთხის რეალურობაზე ისიც მეტყველებს, რომ იმ დღეს, როდესაც მურუსიძე უვადოდ მოსამართლედ გაამწესეს, მოსამართლეობიდან დაითხოვეს წესიერი და პრინციპული ადამიანი დავით ჯუღელი, ხოლო ცოტა ხნით ადრე პროკურატურა ჩააბარეს ირაკლი შოთაძეს, რომელმაც კაბელების ნაყალბევ საქმეში ისახელა თავი. ბატონო გიორგი, ძალიან ხშირად ძალაუფლება ცვლის ადამიანს და ცვლის, როგორც წესი, არცთუ უკეთესობისკენ. მაგრამ არც საპირისპირო გავლენეაა გამორიცხული, ზოგჯერ ადამიანი აუმჯობესებს ძალაუფლებას. ცხადია, მხოლოდ სურვილი ამისთვის საკმარისი არაა, მაგრამ ისევე აუცილებელია, როგორც პრინციპულობა და გამბედაობა. პრინციპულობასა და გამბედაობას გისურვებთ ბატონო გიორგი”, – მიმართა გოგუაძემ კვირიკაშვილს.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკიმ მარიამ საჯაიას უზრდელი უწოდა
შემდეგი სტატიაპენტაგონმა ისლამური სახელმწიფოს ათი მეთაურის სიკვდილი გამოაცხადა