„გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, ყველაზე დიდი ტალახი მე მივიღე“

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ, სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, განმარტებები კიდევ ერთხელ გააკეთა და აქვე, კანონების შეცვლის საჭიროებაზეც ისაუბრა.

როგორც მურუსიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ისიც ადამიანია და გული შესტკივა კონკრეტულ საქმეზე, თუმცა, ვალდებულია კანონს დაემორჩილოს.

მისივე განმარტებით, არა მხოლოდ გირგვლიანის საქმეზე, არამედ სხვა გახმაურებულ საქმეებზეც, სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო.

„აქედან გამომდინარე, მინდა მივმართო საზოგადოებას, შვილმკვდარ მამას და ყველას, ერთადერთი, რასაც მაშინ სასამართლოსგან ითხოვდნენ, იყო ის, რომ მოსამართლეს გაეხადა მოსამართლის მანტია, აღჭურვილიყო პროკურორის უფლებამოსილებით და გარდა შემსრულებლებისა, ვინც აღნიშნული დანაშაული მოახდინა, პასუხისგებაში მიეცა ასევე სხვა პირები, რომლებიც ასევე ამ დანაშაულის ორგანიზატორები იყვნენ. მოვუწოდებ ყველას და სინანულით აღვნიშნავ, რომ ეს ფაქტი არ მომხდარიყო, მაგრამ ჩვენ ვართ მოსამართლეები და ვალდებულები ვართ კანონით ვიმოქმედოთ. ის კანონები, რომლებიც მაშინ მოქმედებდა, დღესაც მოქმედებს. მივმართავ პოლიტიკოსებს, იქნებ ერთობლივი ძალით მივცეთ მოსამართლეებს შესაძლებლობა, რომ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, კანონიერი გადაწყვეტილება მივიღოთ და აღნიშნული ფაქტი მომავალში აღარ განმეორდეს. აქვე მოვუწოდებ ყველას, ნუ გადავიყვანთ ამ საქმეს პოლიტიკურ ჭრილში“, – აღნიშნა ლევან მურუსიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას გრძნობს, თუმცა აქვე აცხადებს, რომ ის კანონები, რომლებიც თუნდაც 10 წლის წინ იყო მიღებული, მოსამართლეებს ზღუდავდა და საშუალებას არ აძლევდა ის გადაწყვეტილებები მიეღო, რაც საზოგადოებას სამართლიანად მიაჩნდა.

„მაგალითისთვის, როდესაც ჩვენ სისხლის სამართლის პროცესში თუნდაც იმ საქმეზე, რომელზეც არის საუბარი, გულწრფელად მიაჩნია სასამართლოს, რომ გამოძიება უხარისხოდ იყო ჩატარებული, სასამართლოს
უნდა მიეცეს საშუალება, რომ საქმე დამატებით გამოძიებაში დაბრუნდეს და ის ხარვეზები, რომლის შევსებაც სასამართლოს არ შეუძლია, გამოძიებამ შეავსოს. იმ შემთხვევაში, თუ მე სასამართლო სისტემაში დავრჩები, მოსამართლეებთან ერთად ვეცდები, აღნიშნული კანონები შეიცვალოს“, – აღნიშნა საბჭოს მდივანმა.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლედ დაინიშნება, საზოგადოებას ექნება თუ არა მის მიმართ ნდობა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

„სამართლებრივად, მითხარით რა დავაშავე, რა დააშავა უზენაესმა სასამართლომ. სხვა რა გადაწყვეტილება შეეძლო მიეღო. დღეს ამ საქმეზე საუბარი არ მინდა. თუ საბჭო გადაწყვეტს, რომ მურუსიძე სასამართლო სისტემაში არ უნდა იყოს, ის არ იქნება. გირგვლიანის ოჯახის ტრაგედიას განვიცდი. ამ საქმესთან დაკავშირებით, ყველაზე დიდი ტალახი მე მივიღე. 9 წლის განმავლობაში, როდესაც სასამართლო კანონით შეზღუდული იყო, საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ ყველაფრის თავი ლევან მურუსიძე იყო. მე ამას ადამიანურად განვიცდი, მაგრამ ჩემიც უნდა გაიგოთ“, – აღნიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა.

ლევან მურუსიძის თქმით, კანონების შეცვლაზე საუბარი მან მას შემდეგ დაიწყო, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გახდა.

დღევანდელ ბრიფინგს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეებიც ესწრებოდნენ, რომელბიც კანონების შეცვლასთან დაკავშირებულ განცხადებას ეთანხმებიან.

banner
წინა სტატიაშიEFSE და კრედო საქართველოს რეგიონებში ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის ერთიანდებიან
შემდეგი სტატიავოლსკი პრემიერის გადადგომაზე: არის ამ საკითხზე მსჯელობა