,,გირჩი” საარჩევო სისტემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარული მანდატების განაწილების ახალი წესის ინცირებასთან დაკავშირებით პოლიტიკური ცენტრი ,,გირჩი” განცხადებას ავრცელებს. ,,თაიმერი” განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
,,ხელისუფლება ცდილობს ძალაში დატოვოს ერთმანდატიანი მაჟორიტარული არჩევნების მოდელი. წარმოდგენილ ვარიანტს აქვს რამოდენიმე არსებითი ხარვეზი:
1. ახალი დანაწილებით არ არის დაცული მაჟორიტარულ ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობებს შორის 10%-იანი ზღვარი, რაზეც თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებდა საკონსტიტუციო სასამართლო და რასაც ითვალისწინებს ევროპის საბჭოს საუკეთესო პრაქტიკის დოკუმენტი.
2. რაიონები და ქალაქები დაჩეხილია ხელოვნურად და ერთი რაიონის სოფლები მიკუთვნებულია სხვა რაიონისა ან ქალაქისათვის, რაც ძალიან ბევრ გაუგებრობებს გამოიწვევს ამომრჩევლებისათვის.
3. მსგავს განაწილებას და არჩევის წესს არ აქვს არცერთი პოლიტიკური გაერთიანების მხარდაჭერა.
ყველაფერი ზემოთქმული გვაფიქრებინებს, რომ მაჟორიტარული არჩევის წესი ან/და არჩეული დეპუტატების ლეგიტიმაცია შესაძლოა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც 2016 წლის არჩევნების მთავარი პრობლემა იქნება.
ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“უახლოეს ბიუროს სხდომაზე, საქართველოს პარლამენტში წარადგენს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, რომლითაც გათვალისწინებული იქნება კონსტიტუციით დადგენილი მაჟორიტარული მანდატების განაწილების ახალი მოდელი.
ამ მოდელის მიხედვით:
1. რაიონები და ქალაქები ამომრჩევლების რაოდენობასთან შესაბამისად იყოფიან 2, 3 და 4 მანდატიან ოლქებად. გამონაკლისია რაჭა-ლეჩხუმი – ქვემო სვანეთი, რომელიც იქნება ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქი.

2. 2, 3 და 4 მანდატიან ოლქებში მანდატების განაწილების წესით გამარჯვებულის გარდა, ერთ მანდატს გარანტირებულად მიიღებს მინიმუმ ერთი სხვა საარჩევნო სუბიექტიც.

3. ერთი მაჟორიტარული მანდატი გადაეცემა საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართულ დიასპორას და ხმის მიცემის უფლებით ისარგებლებს ყველა იმ ქვეყანაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქე, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობები.
ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ მზადაა გამართოს ღია კონსულტაციები ყველა პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებთან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ არსებული სააერჩევნო მოდელით გათვალისწინებული ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა უნდა შეიცვალოს.

მაჟორიტარული მანდატების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით

თბილისი – 6 სამმანდატიანი მაჟორიტარული ოლქი.

ოთხმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები:
1. მესტია, აბაშა, სენაკი, მარტვილი, ხობი, წალენჯიხა, ფოთი
2. ქედა, ქობულეთი, შუახევი, ხულო, ხელვაჩაური

სამმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები:
1. საგარეჯო, გურჯაანი, სიღნაღი, დედოფლისწყარო
2. ლაგოდეხი, ყვარელი, თელავი, ახმეტა
3. გარდაბანი, მარნეული
4. კასპი, ქარელი, ხაშური
5. ბოლნისი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო
6. ხარაგაული, თერჯოლა, ვანი, ტყიბული, ბაღდათი
7. ზესტაფონი, ჭიათურა, საჩხერე
8. სამტრედია, ხონი, წყალტუბო
9. ქუთაისი
10. ჩხოროწყუ, ზუგდიდი
11. ბათუმი

ორმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები:
1. რუსთავი
2. მცხეთა, თიანეთი, დუშეთი, ყაზბეგი
3. გორი
4. ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა
5. ახალქალაქი, ნინოწმინდა
6. ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური

ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები:

1. ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი
2. დიასპორა”– ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ის, რომ სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, ჩემგან მხოლოდ მძიმე შეფასებას იმსაურებს”
შემდეგი სტატიაცნობილია დაეშის ბოევიკის სახელი და გვარი, რომელმაც ჩეჩენი წამებით მოკლა