,,გიორგი ვაშაძე შეეცადა ჩაძირული გემიდან ცოტა ადრე გადამხტარიყო”

საქმე გვაქვს პიროვნულ უთანხმოებასთან და არა პარტიებს შორის დაპირისპირებასთან

“ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებიდან მეორე დღესვე უნდა დაშლილიყო – ეს მათთვის და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის ყველაზე კარგი გამოსავლი იქნებოდა, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა გიორგი ვაშაძის პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განუცხადა.

სესიაშვილის აზრით, ვაშაძე შეეცადა ჩაძირული გემიდან ცოტა ადრე გადამხტარიყო.

“ჩემთვის “ნაციონალური მოძრაობა“ თავიდან ბოლომდე არის რევოლუციური პარტია უარყოფით კონტექსტში. რასაც გადავავლებთ თვალს – დაწყებული “მოქალაქეთა კავშირიდან“, საიდანაც ეს ძალა იშვა, დღემდე, მათი მმართველობის დროსაც კი, საკუთარ ქვეყანას აჯანყებას უწყობდნენ. ის, რა რეფორმებიც განხორციელდა და, სადღაც მართლა იყო ნათელი წერტილი, მაგრამ რეალურად ქვეყანა ააჯანყეს – ბიზნემენს რომ “გაპრესავ“, მედიას რომ “გაპრესავ“, სასამართლოს რომ “გაპრესავ“, პოლიციას რომ პოლიტიკურ ძალად აქცევ, ეს არის აჯანყების კომპონენტები. ახლა რა მოუვიდათ ოპოზიციაში – 2012 წელს არჩევნები წააგეს და ოპოზიციაში დარჩნენ არა ძალად, რომელმაც პოლიტიკური ოპონენტობა უნდა გასწიოს და თავისი ოპონირებით ქვეყანას შეუწყოს ხელი ან ოპონირებით გარკვეული პოლიტიკური ქულები დაიწერონ, ამის ნაცვლად, აჯანყებითი პოლიტიკა გააგრძელეს. სულ ცდილობენ ქვეყანაში კონფრონტაციული, აპოკალიფსური ფონი შექმნან. ვფიქრობ, “ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებიდან მეორე დღესვე უნდა დაშლილიყო – ეს მათთვის და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის ყველაზე კარგი გამოსავლი იქნებოდა. ვიღაცას აეღო პასუხისმგებლობა მემკვიდრეობაზე და ვიღაცას ეთქვა, რომ ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული. ვიწრო პოლიტიკური ინტერესები ყოველთვის იარსებებს და ეს ბუნებრივი მომენტია. “გირჩმა“ ეს გააკეთა, მაგრამ გააკეთა მაშინ, როცა გემი ჩაიძირა და ამ აპოკალიფსის სტრატეგიის გამგრძელებელია. ჩემთვის ვაშაძე არის მარტივი თემა, რომელიც შეეცადა ჩაძირული გემიდან ცოტა ადრე გადამხტარიყო“, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ირაკლი სესიაშვილმა.

გიორგი ვაშაძემ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვა. ის ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. როგორც ვაშაძემ განაცხადა, ”ნაციონალური მოძრაობისგან” ამომრჩეველი ელოდა ახალ ინიციატივებს, რაც არ განხორციელდა და პარტია დახურულ, კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა.

banner
წინა სტატიაშიპესკოვმა ნატოს ამერიკელ გენერალს “აღორძინებულ რუსეთზე” უპასუხა
შემდეგი სტატიაბაღს სადაც აღსაზრდელებს ურნიდან ჭამას აიძულებდნენ სანქცია დაუწესეს