გიორგი ვაშაძე – პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ ძირეული პრინციპული საკითხები დარჩება უცვლელი

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია შეთანხმდა, რომ კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით მთავარი პრინციპული საკითხი – 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი, უცვლელი დარჩება.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ის საკითხი, რაზეც პრეზიდენტთან ისაუბრეს, საჯარო მას შემდეგ გახდება, რაც ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი შეხვდება. გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიცია კომპრომისისთვის მზად არის, თუმცა არა პრინციპების დათმობის ხარჯზე.

„პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ ძირეული პრინციპული საკითხები დარჩება უცვლელი. იმ საკითხებზე რაზეც ვიმსჯელეთ, საბოლოო დისკუსია პრეზიდენტის წარმომადგენელს ვენეციის კომისიასთან ექნება. ამის შემდეგ, უკვე, საბოლოოდ საჯარო გახდება ყველა ის დეტალი, რაზეც შევთანხმდით. ვენეციის კომისიასთან იქნება კომუნიკაცია იმ საკითხებზე, რაზეც შევჯერდით, ეს ეხება ხუთპუნქტიან დოკუმენტსაც და გარკვეულ მოდიფიცირებულ ვარიანტს ამ ხუთპუნქტიანი დოკუმენტისა. ჩვენ კომპრომისისთვის მზად ვართ, მაგრამ არა პრინციპების ხარჯზე. ეს დაფიქსირდება სწორედ ვენეციის კომისიასთან. ამ ახალ დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა. მთავარია, ერთიანობა და პრინციპულობის უზრუნველყოფა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პრეზიდენტის ადმინიტრაციაში გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას შეხვდა. როგორც ცნობილია, გუშინ აღნიშნულ საკითხზე აუდიენცია გაიმართა მმართველი გუნდის წევრებთან.

banner
წინა სტატიაში,,აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით გამოძახებები აღმოსავლეთ საქართველოშიც იყო, თუმცა არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა”
შემდეგი სტატია1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4792 ლარი გახდა